საქართველოს სახალხო დამცველის ორგანიზებით გაიხსნა საერთაშორისო კონფერენცია თემაზე - "ომბუდსმენის ინსტიტუტის როლი და გავლენა ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის გაუმჯობესებაზე".
კონფერენცია სმოლენსკის ტრაგედიის დროს დაღუპული პოლონეთის ომბუდსმენის, დოქტორ იანუშ კოჩანოვსკის ხსოვნას ეძღვნება. მას სპეციალურ სტუმრად მოწვეული პოლონეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ურსულა დოროშევსკა ესწრება. კონფერენციაში ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პერ ეკლუნდიც მონაწილებს.
როგორც საქართველოს სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა განაცხადა, ღონისძიებაზე სხვადასხვა ქვეყნის ომბუდსმენები და მათი წარმომადგენლები ერთმანეთს გამოცდილებას უზიარებენ, თუ როგორ ურთიერთობა აქვთ, როგოც საკონსტიტუციო, ასევე საერთო სასამართლეობთან.
ღონისძიებას შვედეთის, სომხეთის, ესპანეთის, ესტონეთის, ლიტვის, ლატვიის, ყირგიზეთის, აზერბაიჯანის და სერბეთის ომბუდსმენები, პოლონეთის და ჩეხეთის ომბუდსმენების მოადგილეები, დანიის, ყაზახეთის, რუმინეთის, ალბანეთის და ბოსნია და ჰერცოგოვინას ომბუდსმენის ოფისების წარმომადგენლები, გერმანიის პარლამენტის წევრები, ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისისა და ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა და სამართლებრივ საკითხთა გენერალური დირექტორატის წარმომადგენლები, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები, საქართველოს პარლამენტის წევრები, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო მისიების, ასევე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებიან.
კონფერენციაზე განიხილავენ ომბუდსმენის როლს არსებული კანონმდებლობის და პრაქტიკის ზედამხედველობაში, ომბუდსმენისთვის სასამართლოების პროცედურული და ადმინისტრაციული საქმიანობის მეთვალყურეობის ძალაუფლების მინიჭების დადებითი და უარყოფითი მხარეებს, ომბუდსმენის საქმიანობის ზემოქმედება საუკეთესო პრაქტიკა და ძირითადი გამოწვევები ქმედითი ფუნქციონირებისთვის.
ღონისძიება ევროკავშირის პროექტის "სახალხო დამცველის აპარატის ხელშეწყობა" მიერაა დაფინანსებული.
კონფერენცია 24 სექტემბერს დაიხურება.