სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროსგან მსჯავრდებულთათვის კანონით მინიჭებული უფლების რეალიზაციას მოითხოვს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ომბუცმენის აპარატიდან აცნობეს, აღნიშნულთან დაკავშირებით ტუღუშმა მინისტრ ხათუნა კალმახელიძეს რეკომენდაციით მიმართა, რათა მან უზრუნველყოს მსჯავრდებულთა განცხადებებისა და საჩივრების გაგზავნის პრობლემის მოგვარება და მსჯავრდებულთათვის კანონით მინიჭებული უფლების რეალიზაცია.
მათი ინფორმაციით, 15 სექტემბერს სახალხო დამცველის აპარატის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლები იმყოფებოდნენ დაბა ქსნის #7 საერთო, მკაცრი და საპყრობილის რეჟიმის დაწესებულებაში, სადაც შეხვდნენ და გაესაუბრნენ მსჯავრდებულებს. მათ განაცხადეს, რომ ვერ აგზავნიან სახალხო დამცველის, მთავარი პროკურორის და სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის სახელზე დაწერილ განცხადებს.
22 სექტემბერს პრევენციისა და მონიტორინგის თანამშრომლები კვლავ იმყოფებოდნენ ქსნის N#7 საერთო, მკაცრი და საპყრობილის რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულების საპყრობილეში. მსჯავრდებულებთან გასაუბრებით გაირკვა, რომ საპყრობილეში განთავსებული მსჯავრდებულების ნაწილი 21 სექტემბრიდან შიმშილობს ვინაიდან, აღნიშნული დაწესებულებიდან არ იგზავნება მათი განცხადება-საჩივრები.