რესპოდენტის შესახებ
საბა მეტრეველი - ფილოლოგიის დოქტორი, პროფესორი
საბა მეტრეველი - ფილოლოგიის დოქტორი, პროფესორი
სექტემბრიდან ქართულ სკოლებში იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა" დაბრუნდება, -- ასე ამცნო საზოგადოებას, დღეს საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ ვარიანიდან, იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმიდან, სადაც ახალი სასწავლო წლიდან, სკოლებში იაკობ გოგებაშვილის „დედა ენის" ადაპტირებული ვერსიით დაბრუნებასთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა.
როგორც საზოგადოებისათვისაა ცნობილი, საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაევალა იაკობ გოგებაშვილისეული მეთოდით ქართული საანბანე სახელმძღვანელოს მომზადება. ამ მიზნით შეიქმნა ექსპერტთა ჯგუფი, რომელმაც მოამზადა ეს სახელმძღვანელო და გრიფირებისთვის წარუდგინა სამინისტროს სპეციალიზებულ კომისიას. საინფორმაციო სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენ"-მა ინტერვიუ სთხოვა სახელმძღვანელოზე მომუშავე ექსპერტთა ჯგუფის წევრს, ფილოლოგიის დოქტორ პროფესორ საბა მეტრეველს.
- საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის თავმჯდომარეობით შექმნილი იყო სპეციალიზებული კომისია. რა მიზანი ჰქონდა ამ კომისიას?
-დიახ, ასეა, შეიქმნა წარმომამდგენლობითი სპეციალიზებული კომისია, რომელმაც, საქართველოს „ზოგადი განათლების შესახებ კანონის" თანახმად, ექსპერტთა მიერ მომზადებული სახელმძღვანელო განიხილა, მასში შეიტანა შესწორებები და გრიფირებისათვის წარადგინა.
უკვე სექტემბრიდან იაკობ გოგებაშვილისეული დედაენა დაუბრუნდება ქართულ სკოლას. სახელმძღვანელოზე ვმუშაობდით ექსპერტთა ჯგუფი შემდეგი შემადგენლობით: დაწყებითი კლასების პედაგოგი ეკატერინე ბერძენიშვილი, ფსიქოლოგი ნანა გოგიჩაშვილი, ენათმეცნიერი გიორგი გოგოლაშვილი და მე, როგორც - ლიტერატორი. ჯგუფს ხელმძღვანელობდა აკადემიკოსი ავთანდილ არაბული.
- და ეს იქნება ერთადერთი სახელმძღვანელო პირველკლასელთათვის?
- არამც და არამც! დედაენა, სხვა ალტერნატიულ გრიფირებულ სახელმძღვანელოებთან ერთად, სკოლებს ასარჩევად წარედგინება. მასწავლებლები და მშობლები თავად გადაწყვეტენ, იაკობ გოგებაშვილის შედგენილი დედაენა აირჩიონ თუ - სხვა სახელმძღვანელოები.
- ბატონო საბა, რა პრინციპებით იხელმძღვანელეთ დედაენის სახელმძღვანელოზე მომუშავე ექსპერტთა ჯგუფმა ან, ზოგადად, რას გულისხმობს სამინისტროს სპეციალიზებული კომისიის მიერ დამტკიცებული პრინციპები?
- 1912 წელს დაბეჭდილი "დედაენა" ბოლო გამოცემაა იაკობ გოგებაშვილის სიცოცხლეში მომზადებული, ესაა მისი უკანასკნელი ნება (პირველად დედაენა 1876 წელს გამოიცა), სწორედ მას დაეფუძნა ამჟამინდელი რედაქცია, ანუ დავიწყეთ ამ გამოცემის მომზადება შემდეგი პრინციპებით:
სახელმძღვანელოში უცვლელად დავტოვეთ საანბანე სიტყვა, ასოთა სწავლების თანმიმდევრობა და ფრაზები; შენარჩუნებული და დაცულია საანბანე ტექსტის აგების გოგებაშვილისეული პრინციპი და შედგენილობა;
თავისი ანდერძის მე-7 პუნქტში იაკობ გოგებაშვილი წერდა: „ყოველგვარი ცვლილება ჩემს სახელმძღვანელოებსა და წიგნებში შეიძლება იქნას შეტანილი ამ ცვლილებათა მხოლოდ ზედმიწევნით შესწავლის შემდეგ".
ჩვენ ერთგული დავრჩით მისი ამ მოთხოვნისა და, რადგანაც საანბანე ნაწილი, ამავე დროს, უნდა იყოს ენობრივი სახელმძღვანელო, ის შევუსაბამეთ თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ნორმებს. ამიტომ ლექსიკური ერთეულები ამოვიღეთ ან შევცვალეთ მხოლოდ მაშინ, თუ ენაში ჩანაცვლებულია სხვა სიტყვით (მაგალითად სიტყვა „ასასი" თანამედროვე ქართულისათვის უცხოა და ის შეიცვალა „დარაჯით").
ისტორიულ-ეთნოგრაფიულ ლექსიკას თითქმის არ შევხებივართ, რადგან ის ენაში არაფრით ჩანაცვლებულა (თანამედროვე ქართულშიც გამოიყენება ხმალი, მეფე, ჯარა... დღესაც ვამბობთ: ჯარასავით ტრიალებსო).
გავითვალისწინეთ შესაცვლელი სიტყვის ბგერითი შედგენილობა, მაგალითად: თუ ვინმეს სახელი „სესე" არ მოსწონს, უნდა ჩანაცვლდეს ისევ ორმარცვლიანით, მაგალითად: სოსოთი და არა - სიმონით ან ალექსანდრეთი;
ანბანის შემდეგ საკითხავი ტექსტები შევარჩიეთ გოგებაშვილის მემკვიდრეობიდან.
აქსიომატური ჭეშმარიტებაა, რომ ჩვენს შემთხვევაში დედაენის გადამუშავებული ახალი სახელმძღვანელო უნდა ეყრდნობოდეს იმ საგანძურს, რომელიც გოგებაშვილმა გვიანდერძა და, ამასთანავე, აუცილებლად ითვალისწინებდეს სწავლების მიმართ თანამედროვე მიდგომებს. ამიტომაც, იაკობ გოგებაშვილის მიერ შედგენილი დედაენის ჩვენეული რედაქცია გადამუშავდა, მოერგო თანამედროვე მეთოდოლოგიებს. საკითხავ ტექსტებს დავურთეთ ასაკისათვის შესატყვისი სხვადასხვა სირთულის შეკითხვები. წიგნში შეგხვდებათ გოგებაშვილისეული სასაუბროები, ანდაზები, გამოცანები, რებუსები. ყოველი გვერდი გაფორმებულია მხატვრის მიერ... გარდა ამისა, დედაენას ახლავს რვეული (წერის დედანი) და მასწავლებლის წიგნი.
- საინტერესოა, როგორი იყო თქვენი პირველი შეხება „დედაენასთან"
- ჩემი პირველი შეხება, ზოგადად, სკოლასთან და, კერძოდ, დედაენასთან ტრავმული აღმოჩნდა. სკოლაში რომ შევედი, უძრაობის პერიოდი იდგა, ტოტალიტარული სახელმწიფო კომუნიზმში შესასვლელად ემზადებოდა. საბჭოთა სკოლაში დესპოტი პედაგოგები მრავლად იყვნენ. ჩემი პირველი მასწავლებელი უკვე ხანში შესული იყო, ნერვები აღარ უძლებდა და, როცა საანბანე ნაწილს გავდიოდით და ბავშვებს წერა-კითხვა გვიჭირდა, გვწყევლიდა. ახლაც ჩამესმის მისი სიტყვები: „დაგილპათ, დაგიღძათ ხელები"! ასე რომ, დიდი სიტკბო და სიყვარული არ მიგემია. „დედაენა" შევიყვარე მას შემდეგ, როცა სკოლა დავამთავრე. ბუნებრივად მომეძალა საბავშვო ლექსების მიმართ ნოსტალგია და „დედაენაც" რამდენჯერმე წავიკითხე. ახლა, როცა ამდენი ვიმუშავეთ ამ წიგნზე, თითქოს ბავშვობა დავიბრუნე, პირველკლასელის თვალით ვუყურებდი წიგნს და აღმაფრენის განცდა არ მტოვებდა. ვერასდროს ვიფიქრებდი, თუ ჩემი ტრავმული მეხსიერება და სტრესი ისევ იაკობ გოგებაშვილის „დედაენით" დაიძლეოდა, მაგრამ ეს საოცრებაც მოხდა.
ერთი მეგობარი მყავდა, სოფელ დიღმიდან და, როგორც ქართველებს გვჩვევია, ეთხელ ხუმრობით მითხრა: შენ რომ არა, სამშობლოს დედაენა დაეკარგებოდაო. რას წარმოვიდგენდი მაშინ, რომ ჩემს ცხოვრებაში დადგებოდა ეტაპი და მეც ვიქნებოდი იმ კომისიის წევრი, რომელიც სწორედ, „დედაენას" არ დაუკარგავდა სამშობლოს, მას დააბრუნებდა შინ - ქართულ სკოლაში!
- როგორ ფიქრობთ, ბევრი მოწინააღმდეგე ეყოლება თქვენი ჯგუფის მიერ დამუშავებულ დედაენას?!
- ძნელი სათქმელია, ვინ რაზე ღიზიანდება. ჯერ ერთი, როგორც ვთქვი, ეს არ არის ერთადერთი და სავალდებულო სახელმძღვანელო (ვისაც არ უნდა გოგებაშვილი, აირჩევს სხვას) და მეორეც, არა მგონია, ვინმეს ცუდად წაადგეს „აი იას" პრინციპით სწავლება! ჩვენ არ ვთხზავთ ახალ დედაენას, ამიტომ მოლოდინი უნდა იყოს ადეკვატური - იაკობ გოგებაშვილის შედგენილ სახელმძღვანელოს ვაბრუნებთ ქართულ სკოლაში. კიდევ ერთხელ ვაზუსტებ, ვისაც არ მოსწონს, უკვე მოძველებულად და ვადაგასულად მიაჩნია, შეუძლია, მშვიდად იყოს და აირჩიოს სხვა სახელმძღვანელო.
- დედაენაზე მომუშავე ექსპერტთა ჯგუფი სამომავლოდ აპირებს თუ არა მის ხელახალ გადამუშავებას, ცვლილებებს სახელმძღვანელოში?
- ამ ეტაპზე ერთგულნი დავრჩით იაკობ გოგებაშვილისეული ანდერძისა და შეიცვალა ის, რაც ჯერ ჩვენმა ჯგუფმა და შემდეგ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შექმნილმა სპეციალიზებულმა კომისიამ მიიჩნია მიზანშეწონილად. სასწავლო პროცესი აჩვენებს სახელმძღვანელოს სირთულეებს. სიამოვნებით მივიღებთ ყოველ შენიშვნასა და გონივრულ წინადადებას. თუ კიდევ რამე იქნება გასამარტივებელი ან შესაცვლელი და ამას გვეტყვიან მასწავლებლები, მშობლები... მაშინ კიდევ უფრო მეტი ლეგიტიმაცია ექნება ახალი ტიპის ცვლილებებს. არც იმას ვფიქრობ, რომ უკვე მოძველებული და ბავშვებისათვის უინტერესოა „თხა და გიგო", „ნუცას სკოლა", „ვანო და ქვევრი" ან ლექსები: ყაყაჩოსა სიწითლითა; ბიჭო, ვისი ხარ მალხაზი; ირემო, მთასა მყვირალო; იზარდე მწვანე ჯეჯილო; კურდღელმა თქვა, ჩირგვში ვზივარ; ქორმა წიწილა წაიღო; ვაშლი და შაქარა; საწყალი მელა ჩიოდა...
ვაჟა-ფშაველასებურად გეტყვით: „ნუ შეგაშინებთ, არ გავნებთ" - ამ წიგნით ვიზრდებოდით თაობები!!!