ქურდული სამყაროს ავტორიტეტები, რომლებმაც რამდენიმე დღის შეხვედრა გამართეს და დამნაშავეთა სამყაროს ე.წ. ნათლიმამის "დედ ჰასანზე" მომხდარი თავდასხმის შესახებ იმსჯელეს, მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ტარიელ ონიანს (ტარო) არ შეუკვეთავს ასლან უსოიანზე (დედ ჰასანი) თავდასხმა. ინფორმაციას ამის შესახებ გაზეთი "კომსომოლსკაია პრავდა" ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ ტარიელ ონიანმა, რომელიც ამჟამად დაკავებულია, ასლან უსოიანზე მომხდარი თავდასხმის შემდეგ გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ მას ამ თავდასხმასთან არავითარი კავშირი არ აქვს. თუმცა გაზეთის წყაროების ინფორმაციით, "დედ ჰასანზე"თავდასხმა სწორედ ონიანთან დაახლოებული პირების ჩადენილია.
"ეს იყო შიდაკლანური კონფლიქტი. ამასთან ერთად ქურდებისათვის უკვე ცნობილია, თუ ვინ იყო ასლან უსოიანზე განხორციელებული თავდასხმის შემკვეთი", _ წერს გაზეთი.
აღსანიშნავია ასევე, რომ თავად უსოიანი კლანი მასზე განხორციელებულ თავდასხმაში მერაბ ჯანგველაძეს ადანაშაულებს, რომელიც კრიმინალურ წრეებში "მერაბ სუხუმსკის" ზედმეტსახელადაა ცნობილი. თავის მხრივ ჯანგველაძემ ტარიელ ონიანის ადგილი დაიკავა, მას შემდეგ რაც ონიანი დააპატიმრეს. ამასთან ერთად ასევე საგულისხმოა, რომ უსოიანისა და ონიანის კლანებს შორის უკვე დიდი ხანია "ომი" მიმდინარეობს. მათ შორის გაჩაღებული სისხლიანი გარჩევების მსხვერპლნი უკვე გახდნენ ვიაჩესლავ ივანკოვი (იაპონჩიკი) და რამდენიმე ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი, რომლებიც საზღვარგარეთ მოკლეს.
არაოფიციალური წყაროებიდან ასევე ცნობილი ხდება, რომ თავად უსოიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც ამჟამად ბოტკინის სახელობის საავადმყოფოში იმყოფება გაუმჯობესებისკენ მიდის. ცნობილია ასევე, რომ უსოიანმა თავისი "მემკვიდრე" უკვე დაასახელა და ეს ცნობილი ე.წ. კანონიერი ქურდი ლაშა შუშანაშვილია, რომელიც თავის მხრივ, ბოლო ინფორმაციით, საბერძნეთში ქურდების დიდ შეკრებას ამზადებს სადაც თავად ცხოვრობს.
ამავე დროს, გაზეთის ინფორმაციით, უსოიანის "მემკვიდრედ" გახდომის ასევე საკმაოდ კარგი შანსები აქვს, თბილისელ ე.წ. კანონიერ ქურდს გოგი ჩიქოვანს. როდესაც ორ დაპირისპირებულ კლანს (იაპონჩიკი - ტარო) შორის დაპირისპირება მხოლოდ იწყებოდა, ჩიქოვანი ყველას ურჩევდა მოლაპარაკებათა მაგიდასთან დამსხდარიყვნენ.
"დედ ჰასანზე" მომხდარმა თავდასხმამ ძლიერ გააღიზიანა მისი მომხრეები და მათ სულ უფრო აქტიურად დაიწყეს საუბარი იმაზე, რომ მას "მშვიდობისმყოფელი" ეწოდოს. კრიმინალურ სამყაროში გოგის გავლენის თვალსაზრისით ხშირად ადარებენ იაპონჩიკს. იგი ხშირად იყო მესამე მოსამართლე ამიტომაც შესაძლებელია "დედ ჰასანმა" სწორედ მას გადასცეს "გვირგვინი", თან იმის გათვალისწინებით, რომ მას დიდი ავტორიტეტი აქვს როგორც ქართულ ისე რუსულ კრიმინალურ სამყაროში.
"დედ ჰასანის" კლანის ვერსიით, ამჟამად "მერაბ სუხუმსკი" ციხიდან კიდევ ერთი ე.წ. კანონიერი ქურდის რამაზ ძნელაძის გათავისუფლებისათვის კრიმინალურ სივრცეს ამზადებს. ერთ ერთი ვერსიით, მისი გათავისუფლების წინ მისმა "მოძმეებმა" გადაწყვიტეს დროებით "იზოლირება მოეხდინათ" მისი მთავარი მოწინააღმდეგისა - "დედ ჰასანისა". ძნელაძე 2008 წელს ციხეში ნარკოტიკების უკანონო შენახვის ბრალდებით ჩასვეს.
შეგახსენებთ, რომ ასლან უსოიანზე (დედ ჰასანი) თავდასხმა მიმდინარე წლის 16 სექტემბერს საღამოს 20:00 საათზე მოსკოვის ცენტრში მოხდა. უსოიანი გადარჩა და ამჟამად მოსკოვის ბოტკინის სახელობის საავადმყოფოში მკურნალობს. მის პალატას მილიციელები და მისი პირადი დაცვის წევრები იცავენ.
"დედ ჰასანის" წინამორბედზე იაპონჩიკზე (ვიაჩესლავ ივანკოვი) თავდასხმა გასული წლის ივლისში მოხდა. იაპონჩიკი მიღებული მძიმე ჭრილობებისაგან ოქტომბერში გარდაიცვალა. 2010 წლის 20 მარტს მარსელში ე.წ. კანონიერი ქურდი ლადო დახვრიტეს. 10 მაისს საბერძნეთში ავტორიტეტი მალხაზ კიტია მოკლეს, 20 მაისს ტრომბისაგან მოულოდნელად მოკვდა ლავრენტი ჩოლაკიდისი ზედმეტსახელად - ლიოვა ბერძენი. შედეგად ქილერების ჯგუფზე კონტროლი ლაშა რუსტავსკის ხელში გადავიდა. მედია მაშინ წერდა, რომ ლიოვა ბერძენის გარდაცვალებამ მნიშვნელოვნად შეარყია "დედ ჰასანის" პოზიციები ევროპაში.