ლენტეხის პოლიციისა და იმერეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ერთობლივად დააკავეს შეიარაღებული ორგანიზებული ყაჩაღური დაჯგუფების წევრები, 19 წლის გელა ონიანი, 18 წლის. ალიოშა ონიანი და 18 წლის მიხეილ კვასტიანი.
პოლიციის ინფორმაციით, აღნიშნული პირები 19 სექტემბერს ლენტეხი-ჩიხარეშის საავტომობილო გზის 30-ე კმ-ზე, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღების გამოყენებით, ყაჩაღურად თავს დაესხნენ ავთანდილ ხმელიძის მართვის ქვეშ მყოფ "მერსედესის" მარკის სატვირთო ავტომანქანას და მის თანხმლებ პირებს, მათე ხმელიძეს და გივი ბუბაშვილს, ფიზიკური განადგურების მუქარით მათ ყაჩაღურად გასტაცეს 3 300 ლარი.
დადგენილია, რომ აღნიშნულ ყაჩაღობაში მონაწილეობდა 20 წლის მათე ონიანი. აღნიშნული პიროვნების დაკავების მიზნით ტარდება ოპერატიული სამძებრო ღონისძიება.
გელა ონიანის საცხოვრებელი სახლის და დამხმარე სათავსოს ჩხრეკის შედეგად ამოღებულია ორი ავტომატი - "აკს"-ისა და "აკმ"-ის სისტემის, ორი მჭიდით და ორმოცდახუთი ვაზნით, ასევე უკანონოდ მითვისებული თანხა - 1085 ლარი.
დაკავებულებმა აღიარეს მათ მიერ ჩადენილი დანაშაული. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 179-ე და 236-ე მუხლებით. საქმეს იძიებს ლენტეხის რაიონული პოლიციის სამმართველო.