დღეს ბათუმში ტურისტული სეზონი ოფიციალურად გაიხსნა. სეზონის გახსნასთან დაკავშირებით მოეწყო სამაშველო ტექნიკისა და აღჭურვილობის გამოფენა. გამოფენას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე საგანგებო სამსახურის უფროსთან ერთად გაეცნო და შეკრებილ მაშველებს სიტყვით მიმართა
"სეზონის წარმატებით და უსაფრთხოდ ჩატარებისთვის მნიშვნელოვანია თქვენი მზადყოფნა, ძალიან მახარებს თქვენი შემართება, მინდა განსაკუთრებული პატივისცემა დავაფიქსირო მაშველი გოგონების მიმართ. ჩვენი ქალაქის განვითარება დგას თქვენს შემართებაზე, რომელიც უზრუნველყოფს წარმატებულ და უსაფრთხო სეზონს. დარწმუნებული ვარ, რომ წარმატებით გაართმევთ თავს ყველა იმ ამოცანას რომელიც თქვენს წინაშე დგას", - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო მაშველი დრონი, რომელსაც სამაშველო ოპერაციებისთვის წელს პირველად გამოიყენებენ. მოეწყო დრონით ადამიანის გადარჩენის სიმულაციაც. დღესვე სამაშველო ღონისძიებებზე გამოჩენილი განსაკუთრებული სიმამაცისთვის სამი მაშველი დააჯილდოვეს, რომლებმაც გასულ წელს 350 ადამიანი გადაარჩინეს.
დამსვენებლების უსაფრთხოებაზე აჭარის სანაპიროზე წელს 250 მაშველი იზრუნებს, მათ შორის 20 ქალია. რაოდენობა გასულ წელთან შედარებით 50-ით გაიზარდა. სეზონის გახსნის ღონისძიებები მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება, დაგეგმილია მუსიკალური პროგრამები და შოუები.