დღეს, 22 სექტემბერს, თბილისის სააპელაციო სასამართლოში მუხროვანის სამხედრო ამბოხებაში მსჯავრდებულების სასამართლო პროცესი განახლდება. საქმეს ამავე სასამართლოს მოსამართლე თამარ ალანია იხილავს.
სხდომაზე ბრალდების მხარის საკამათო სიტყვა იგეგმება, რის შემდეგაც დაცვით სიტყვას ადვოკატები წარმოადგენენ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში დამცველების მიერ გასაჩივრებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი, რომლითაც განსასჯელებს 9-დან 29 წლამდე პატიმრობა მიესაჯათ.
სააპელაციო სასამართლო მუხროვანის საქმესთან დაკავშირებით დაკავებული 21 პირის სარჩელს განიხილავს, მათ შორის - კობა ოთანაძის, რომელაც საქალაქო სასამართლომ 29 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ლევან ამირიძის _ 28 წლით, და შოთა გორგიაშვილი _ 19 წლით.
შეგახსენებთ, რომ მუხროვანის ჯავშანსატანკო ბატალიონში ამბოხება 2009 წლის 5 მაისს მოხდა, რომელში მონაწილეობისთვის 41 პირი დააკავეს. 41 განსასჯელიდან სასამართლომ ხელისუფლების დამხობის მიზნით ამბოხების ნაწილში წაყენებულ ბრალდებაში მხოლოდ ერთი, ეროვნული გვარდიის ყოფილი მეთაური კობა კობალაძე გაამართლა. პროცესის მსვლელობისას ოცი განსასჯელის სისხლის სამართლის საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო და საპროცესო შეთანხმებით დასრულდა.
მსჯავრდებულთაგან თვრამეტს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, ხოლო ორი პირის მიმართ პირობითი მსჯავრი იქნა გამოყენებული.