დღეს, 22 სექტემბერს, სიღნაღის რაიონულ სასამართლოში საჯარო სკოლებიდან გათავისუფლებული მასწავლებლების სასამართლო პროცესი გაიმართება. პედაგოგები სამსახურში აღდგენას მოითხოვენ. მასწავლებლების ინტერესებს არასამთავრობო ორგანიზაცია "ადამიანის უფლებათა ცენტრი" იცავს. ამის შესახებ ინფორმაციას კახეთის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
მათი განცხადებით, ამ დროისთვის კახეთის რაიონულ სასამართლოებში სამსახურში აღდგენის მოთხოვნით სარჩელი 45 პედაგოგს აქვს შეტანილი.
"საქართველოს კანონის "ზოგადი განათლების შესახებ" 43-ე მუხლის "ზ" ქვეპუნქტის მიხედვით, სკოლის დირექტორი უფლებამოსილია ვადამდე შეუწყვიტოს მასწავლებელს შრომითი ხელშეკრულება ხელშეკრულების პირობების დარღვევის, სააღმზრდელო საქმიანობისთვის შეუფერებელი ქმედების ჩადენის ან კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით არაკვალიფიციურობის დადასტურების შემთხვევაში. სკოლების დირექტორების მხრიდან არ არის წარმოდგენილი საფუძვლიანი და დასაბუთებული არგუმენტი იმისა, რომ მასწავლებლების მხრიდან რაიმე დარღვევას ან გადაცდომას ჰქონდა ადგილი. შესაბამისად, ისინი უკანონოდ არიან გათავისუფლებული", - აცხადებენ "ადამიანის უფლებათა ცენტრში.