ტრადიციული ქართული კერძები, როგორებიცაა - საცივი, მწვადი, ხაჭაპური, მჭადი, ხინკალი, ჩქმერული, ნიგვზიანი ფხალი, ლობიო და სხვები აჭარული სამზარეულოს განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. თუმცა გარდა ტრადიციული ქართული კერძებისა, აჭარა ადგილობრივი კერძების სიმრავლითაც გამოირჩევა.
აჭარულ სამზარეულოზე დიდი გავლენა მოახდინა მაღალმთიანი რეგიონების ცხოვრების წესმა, რის გამოც რძის პროდუქტები ადგილობრივი კერძების მთავარ კომპონენტს წარმოადგენს.
მაღალმთიანი აჭარა ხანგრძლივი ზამთრით ხასიათდება, რაც ზრდის საკვები პროდუქტების დიდი ხნით შენახვის საჭიროებას. აჭარულ სამზარეულოში უხვადაა როგორც ბოსტნეულისგან, ასევე ხორცისა და თევზისგან დამზადებული კერძები. აჭარულ სამზარეულოში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ტკბილეულობას.
და აი ისიც, 10 უგემრიელესი ადგილობრივი კერძი, რომლებიც აჭარაში უნდა დააგემოვნოთ:
1. აჭარული ხაჭაპური
აჭარული ხაჭაპური გამოირჩევა როგორც ორიგინალური ფორმით, ისე განსაკუთრებული გემოთი. თუ კლასიკურ ხაჭაპურს სხვა კერძებთან ერთად აგემოვნებენ, აჭარულ ხაჭაპურს როგორც მეტად ნოყიერ კერძს ცალკე შეექცევიან დილის საუზმის ან სადილის დროს. აჭარული ხაჭაპურის შექმნის არაერთი ვერსია არსებობს. ზღვისპირას მცხოვრებ ლაზებს ცომისთვის ნავის ფორმა მიუციათ, კვერცხის გული კი თითქოს ზღვაში ჩამავალ მზეს განასახიერებს. მზე და ზღვა კულინარიაში ასე გემრიელად არავის დაუკავშირებია ერთმანეთთან.
2. სინორი
სინორი გამორჩეულად ნოყიერი აჭარული კერძია. მის მოსამზადებლად სპეციალურად გამომცხვარი ცომის ფირფიტები, ნადუღი და ერბო დაგჭირდებათ, რომლებსაც ოსტატურად შეურევთ ერთმანეთს და კეცზე გამოცხობის შემდეგ უგემრიელს კერძს მიიღებთ.
3. აჭარული ღვინო
ბევრი ტურისტისთვის აჭარა ღვინის ტურიზმითაა საინტერესო. საქართველოს ამ სტუმართმოყვარე კუთხეს არაერთი ადამიანი სწორედ ღვინის დასაგემოვნებლად სტუმრობს. მევენახეობის ისტორიულ კერას აჭარაში ქედის მუნიციპალიტეტი წარმოადგენს. აქაური „ცოლიკაური“ და „ჩხავერი“ განსაკუთრებით პოპულარულია როგორც საქართველოში, ისე - მის საზღვრებს გარეთ. ღვინის დაყენების აჭარულ ტრადიციასთან დასაახლოებლად და ადგილობრივი ღვინის დასაგემოვნებლად ქედაში ღვინის სახლები და ადგილობრივი მარნები ფუნქციონირებს.
4. ყავა ქვიშაზე და ბაქლავა
ყავა ქვიშაზე, იგივე "ყავა ბათუმურად" ჩვენ ქალაქს განსაკუთრებულ კოლორიტს სძენს. ყავის ცხელ ქვიშაზე მოდუღებისას აუცილებელია ქვიშის სასურველი ტემპერატურის დაცვა. ქვიშაზე მომზადებული ყავა შესანიშნავი დესერტია, განსაკუთრებით მაშინ, როცა მას ზღვისპირას მიირთმევთ. ამბობენ, ბათუმში მორთმეულ ყავას სულ სხვა სურნელი და ხიბლი აქვსო.
ბაქლავა დესერტებს შორის ერთ-ერთი ყველაზე რთულად მოსამზადებელი და გემრიელი ტკბილეულია. დატოვო აჭარა ბაქლავის გასინჯვის გარეშე მიუტევებელია. მისი მომზადება კი რაღაც ამოუცნობი რიტუალია – კვერცხის, ცხიმისა და ფქვილისგან მოზელილ ცომს რამდენიმე ათეულ ნაწილად ყოფენ, სპეციალური ჯოხით ათხელებენ. ფენა, რაც უფრო სიფრიფანა იქნება, მით უფრო გემრიელი „ბაქლავა“ გამოვაო. ფენებს ცხიმით ნამავენ და ყოველი მეხუთე ფენის შემდეგ აყრიან დაფქვულ შაქრიან ნიგოზსა და თხილს. ბოლო ფენის დადების შემდეგ, „ბაქლავა“-ს დაჭრიან რომბისებურად. გამოცხობის შემდეგ კი ცხელ შარბათს უხვად მოასხამენ, როცა კარგად გაუჯდება სიტკბო, მაშინ უკვე ბაქლავაც მზადაა და მისი დაგემოვნებაც შეიძლება.
5. აჩმა
აჩმა ხაჭაპურის ერთ-ერთი ინტერპრეტაციაა. მისი მომზადების ტექნოლოგია საკმაოდ განსხვავებულია კლასიკური ხაჭაპურისგან: იგი თხელი ფენებისაგან შედგება, რომლებშიც ჩამდნარი ყველი და კარაქი ერთდროულად ნოყიერი და ჰაეროვანია. აჩმა აჭარული კულინარიის შესანიშნავი ნიმუშია და მისი მირთმევა ნამდვილი სიამოვნებაა.
6. იახნი
იახნის მოყვარულებს აჭარის ყველა რაიონში შეხვდებით, მაგრამ ეს კერძი განსაკუთრებით პოპულარულია ქობულეთში. მას საქონლის მკერდის ნაჭრისგან ამზადებენ. იახნის დასამზადებლად იყენებენ სანელებლების ნაირსახეობას, რაც კერძს განსაკუთრებულ გემოს სძენს. იახნი ქობულეთური სუფრის განუყოფელი ნაწილია და მის დამზადებას მხოლოდ გამოცდილ მზარეულებს ანდობენ.
7. მალახტო
მალახტო აჭარული სამზარეულოსთვის დამახასითებელი ლობიოს კერძია. მას აუცილებლად ჭყინტი ლობიოსაგან ამზადებენ, რომელსაც მოხარშვის შემდეგ ნიგოზს, სხვადასხვა სანელებლებს და ყველაზე მთავარ ინგრედიენტს - ისრიმის (მკვახე ყურძენი) წვენს ამატებენ, რაც მალახტოს დამახასიათებელ და განსაკუთრებულ გემოს მატებს.
8. ბორანო
ბორანო აჭარულ სამზარეულოში გამორჩეული კერძია. იგი ძალიან ნოყიერი და კალორიულია. მისი მომზადებისთვის ძირითადი ინგრედიენტებია ერბო და აჭარული ყველი. არსებობს ბორანოს სხვადასხვა სახეობა. მათგან ყველაზე პოპულარული კვერცხით და სიმინდის ფქვილით დამზადებული ბორანოა, მაგრამ ნებისმიერი წესით დამზადებულ ბორანოს ერთი საერთო ნიშანი - უგემრიელესი გემო ახასიათებს.
9. კაიმაღი
კაიმაღი აჭარული სამზარეულოსთვის დამახასიათებელი კერძია, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს ადგილობრივებში. კაიმაღი რძისგან მზადდება და გამორჩეულად ნოყიერია. მისი მირთმევა სასურველია ყველთან და მჭადთან ერთად. თუკი ერთხელ მაინც დაგიგემოვნებიათ ეს აჭარული კერძი, მის მირთმევაზე უარს ვერასდროს იტყვით.
10. აჭარული ყველი
აჭარაში ყველის ბევრნაირი სახეობაა გავრცელებული. ყველაზე დამახასიათებელი კი აჭარული დაწნული ყველია, რომელსაც ძირითადად მაღალმთიან რეგიონებში ამზადებენ. დაწნული ყველის დამზადების განსაკუთრებული ტექნოლოგია, განსხვავებული ფორმა და დამახასიათებელი გემო მიმზიდველია ნებისმიერი გურმანისთვის.