არგენტინაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპის მეორე მატჩში ქართველი უმცროსი "ბორჯღალოსნები" სამხრეთ აფრიკელ "ქურციკებთან" შეხვედრაში 48 - 20 დამარცხდნენ.
„ქურციკებმა“ ანგარიში მეცხრე წუთზე, რიჩარდსონის ლელოთი გახსნეს. მომდევნო წუთებში „ბორჯღალოსნები“ დომინირებდნენ, რომლებმაც მეტოქის 22-მეტრიან ზონაში დაახლოებით 10 წუთი გაატარეს, რაც საბოლოოდ ლაშხის ლელოთი დასრულდა.
მეორე ტაიმის ანგარიში აბჟანდაძემ საჯარიმო დარტყმით გახსნა. 48-ე წუთზე სამხრეთ აფრიკელებმა კარგი იერიში განავითარეს. „ქურციკების“ მეოთხე ლელო პრეტორიუსმა გაიტანა.
53-ე წუთზე სამხრეთ აფრიკელთა მხტომელმა ვან ჰირდენმა უხეშად ითამაშა და ყვითელი ბარათით დაისაჯა. ოცწლამდე „ბორჯღალოსნებმა“ რიცხვობრივი უპირატესობით ისარგებლეს და კარგი იერიშის შემდეგ ლაშხმა დუბლი გაიფორმა. მიუხედავად კაცნაკლულობისა, სამხრეთ აფრიკელებმა „ბორჯღალოსნებს“ სწრაფი შეტევით უპასუხეს და აბრაჰამსის ლელოთი კიდევ უფრო დაწინაურდნენ – 31:13.
რამდენიმე წუთში „ქურციკების“ მორიგი ლელო რიჩარდსონმა მიითვალა. დაპირისპირების მიწურულს „ქურციკებმა“ შესანიშნავი თამაში დავიდსის და ნოჰამბას ლელოებით დააგვირგვინეს. მეორე ტაიმის ბოლო წუთზე თევდორაშვილმა სოლო რეიდი მოაწყო. იგი ლელომდე ხუთ მეტრში შებოჭეს, მაგრამ შეტევა გაგრძელდა და აბჟანდაძის გადაცემის შემდეგ ჭიჭინაძის ლელოთი დასრულდა.
საბოლოოდ, სამხრეთ აფრიკელებმა ანგარიშით 48:20 მოიგეს, ბონუს ქულა მოიპოვეს და ჯგუფს 10 ქულით ლიდერობენ.
შემდეგი შეხვედრა უმცროს "ბორჯღალოსნებს" შოტლანდიასთან 12 მაისს ექნებათ.