რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ამბობს, "არ არის პრობლემა, რომ არ მიმიწვიეს" D-Day-ს 75 წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე, რომელიც დიდ ბრიტანეთში გაიმართა.
პუტინმა, რომელიც 2014 წელს D-Day-ს 70 წლისთავს ესწრებოდა, დასძინა, რომ რუსეთშიც საკმარისი საქმე აქვს.
"არც ჩვენ ვიწვევთ ყველას ყველა ღონისძიებაზე. რატომ უნდა ვიყო მეც მიწვეული ყველგან? რუსეთშიც საკმარისი საქმე მაქვს", - თქვა მან სანკტ-პეტერბურგის ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.
აღსანიშნავია, რომ რუსეთი დასავლეთს ხშირად ადანაშაულებს, რომ ის ცდილობს მეორე მსოფლიო ომის შედეგებზე საბჭოთა კავშირის როლის დაკნინებას.
D-Day-ს აღნიშვნას გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეესპიკერი მარია ზახაროვა და განაცხადა, რომ ნორმანდიაში განხორციელებულ ოპერაციას მეორე მსოფლიო ომის შედეგებზე გავლენა არ მოუხდენია.
"გადამწყვეტი ბრძოლა სტალინგრადსა და კურსკში მოხდა", - დასძინა ზახაროვამ.
შეგახსენებთ, რომ 1944 წლის 6 ივნისს ინგლის-ამერიკის ჯარებმა ნორმანდიაში (საფრანგეთი) მეორე ფრონტი გახსნა, რამაც მეორე მსოფლიო ომში ფაშისტური გერმანიის დამარცხებაში უდიდესი როლი შეასრულა.
D-Day-ს 75 წლისთავის აღსანიშნავი ღონისძიება დიდ ბრიტანეთში, პორტსმუთში გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ აშშ-ისა და საფრანგეთის პრეზიდენტები, გერმანიის კანცელრი, ასევე ავსტრალიის, ბელგიის, კანადის, ჩეხეთის, დანიის, საბერძნეთის, ლუქსემბურგის, ნიდერლანდების, ნორვეგიის, ახალი ზელანდიის, პოლონეთისა და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრები.