ENG / RUS       12+

რამაზ საყვარელიძე: ნაბიჯი, რომელიც არჩევნებში ოპოზიციას ქულებს მოუტანს, ჯერჯერობით არ ჩანს

რესპოდენტის შესახებ

ქართული ოპოზიციის პასიურობის შესახებ ექსპერტები აცხადებენ, რომ ქვეყანაში "სატელევიზიო ოპოზიცია" მივიღეთ. საქართველოს პოლიტიკურ სპექტრს ხანდახან საკონსტიტუციო ცვლილებები თუ გამოაღვიძებს, რომელთან დაკავშირებითაც ოპოზიციას მთელი რიგი შენიშვნები აქვს, თუმცა მხოლოდ "მორიდებული" შეფასებებით შემოიფარგლებიან. ოპოზიცია თავს იმით იმართლებს, რომ მომავალი არჩევნებისთვის ემზადებიან, რომლის ჩატარებამდეც ჯერ კიდევ ორი წელი დარჩა. აღნიშნულ საკითხებთან და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით "ჯი-ეიჩ-ნი" პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.


_ ბატონო რამაზ, ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ახალი საკონსტიტუციო მოდელი ერთ პიროვნებაზე - საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზეა მორგებული, რომელიც პრეზიდენტობის ვადის ამოწურვის შემდეგ შეიძლება პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ვიხილოთ. კონსტიტუციის ახალი მოდელით სწორედ პრემიერის უფლებამოსილება იზრდება, ხოლო პრეზიდენტის მცირდება...

_ საპრეზიდენტო არჩევნები რომ ჩავატარეთ და სააკაშვილი ავირჩიეთ, მეორე დღიდან ცხადი იყო, რომ რაღაც ისეთი უნდა მომხდარიყო, რაც ამ ახალგაზრდა კაცს პოლიტიკური ცხოვრება გაგრძელების საშუალებას მისცემდა. მართალია, სააკაშვილის შეიძლება ჰქონდეს მოტივი და აკეთებდეს კიდეც ამას, მაგრამ ამ ყველაფერს ოპოზიციური ფლანგი აბსოლუტურად მოუმზადებელი შეხვდა და ამ საკითხზე მხოლოდ ქილიკის უნარიღა შესწევთ.

_ როგორ შეფასებთ საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელსაც პარლამენტი უახლოეს მომავალში უკვე დაამტკიცებს? არის თუ არა ეს წინგადადგმული ნაბიჯი?

_ ამ საკონსტიტუციო ცვლილებებს წინგადადგმულ ნაბიჯს ვერ ვუწოდებ. აღნიშნულთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიცია მაქვს. თუ ცვლილებები იყო მოსახდენი და უდავოდ იყო, მიმაჩნია, რომ საპრეზიდენტო მმართველობის მოდელი უნდა გაუმჯობესებულიყო, რეალური საპრეზიდენტო მმართველობამდე მიგვეყვანა ეს მოდელი და საპრეზიდენტო მოდელით ცხოვრების 15-წლიანი გამოცდილება წყალში არ გადაგვეყვარა.

ახლა რადიკალურად ახალი და მემგონი უპრეცედენტო მოდელს მივიღებთ, ან ფაქტობრივად სუფთა ფურცლიდან ვიწყებთ. სანამ ისევ 15 წელი გავა და გამოცდილებას დავაგროვებთ, მივხვდებით სად არის შეცდომა და სად არა, მერე შეიძლება დასკვნები გავაკეთოთ, მაგრამ ასეთი საკონსტიტუციო გამოცდილების დაკარგვა გამართლებულად არ მიმაჩნია.

_ რაც შეეხება ქართულ ოპოზიციას. ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ "იმუქრებოდნენ", რომ თუ ხელისუფლება მათ მოსაზრებებს არ გაიზიარებდა, პასუხს ქუჩის აქციებით გასცემდნენ. თუმცა ჯერჯერობით ოპოზიციის "დაპირება" დაპირებად რჩება. როგორ ფიქრობთ, ოპოზიციამ პოლიტიკურ კულისებში რატომ გადაინაცვლა?

_ ოპოზიცია კულისებში გადადის მაშინ, როდესაც ვერ ფლობს იმ ძალას, რომელიც თამამი მოქმედებისთვის სჭირდება. მეორე მხრივ, ალბათ, ვერ ხედავს, რა მიმართულებით უნდა იმოქმედოს.

ჩვენ არა მარტო სატელევიზიო ცხოვრება გვაქვს, რომლის მიხედვითაც ტელევიზიით შექმნილი საქართველო სხვაა და რეალური სხვა, ოპოზიციაც სატელევიზო გვყავს, ანუ მარტო ხელისუფლება კი არ მუშაობს სატელევიზიო დონეზე, ოპოზიციაც ამ დონეზეა და ინტერვიუების მიცემით შემოიფარგლება.

_ შეიძლება ეს გამოწვეული იყოს იმ გარემოებით, რომ ოპოზიციამ თავისი სისიუსტე გააცნობიერა და იმედი დაკარგა, რომ ამდენი წარუმატებლობის შემდეგ მათ ხალხი კიდევ გაჰყვება?

_ ეს, ერთი მხრივ, სწორი შეფასებაა, მაგრამ მეორე მხრივ, ოპოზიცია რთულ მდგომარეობაში ხელისუფლებამ ჩააგდო. ხელისუფლებამ უაზრო გახადა საპროტესტო აქციები ქუჩაში, ასევე ჩაკეტა ოპოზიციის წარმატების შანსი საარჩევნო გზით სიარულის დროს. ხელისუფლებამ საკმაოდ ენერგიულად და ეფექტურად იმოქმედა. ქუჩის პროცესისა და არჩევნების ჩაკეტვის შემდეგ ოპოზიციას დიდი დრო დასჭირდება, მოიფიქროს, რა გააკეთოს.

_ ხშირად, როდესაც ოპოზიციას უმოქმედობას საყვედურობენ, ისინი თავს იმართლებენ, რომ მომავალი არჩევნებისთვის ემზადებიან. თუმცა მათი კულისებიდან გამოსვლამდე მათი არსებობა ხალხს ხომ არ დაავიწყდება?

_ თუ ასე გააგრძელეს, აუცილებლად დაავიწყდებათ. აცხადებენ, რომ არჩევნებისთვის ემზადებიან, მაგრამ მომზადება არ ნიშნავს გაჩუმებულ ყოფნას. რეალური მომზადება გულისხმობს აქტიურობას და იმ საკითხებზე რეაგირებას, რომელიც ხალხისთვის მტკივნეულია.

როგორც იცით, საერთოდ არ იყო არჩევნებზე ლაპარაკი, როდესაც იუსტიციის მინისტრობის დროს მიხეილ სააკაშვილმა მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე ჩინოვნიკების სახლების სურათები ააფრიალა. აი, ეს იყო მომავალი არჩევნებისთვის მომზადება. ასეთი ნაბიჯი, რომელიც არჩევნებში ოპოზიციას ქულებს მოუტანს, ჯერჯერობით არ ჩანს.

_ სააკაშვილის ერთ-ერთი გამოსვლის შეფასებისას გვითხარით, რომ სააკაშვილმა პარლამენტის ექს-სპიკერის მიმართ ტონი შეიცვალა და უფრო ლოიალური გახდა. ამის შემდეგ კი პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე "ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების" ლიდერს ირაკლი ალასანიას ხვდება... როგორ ფიქრობთ, ხელისუფლებამ ოპოზიციის გულის მოგება გადაწყვიტა?

_ მეეჭვება. გულის მოგებაზე საუბრობენ მაშინ, როდესაც ვინმესი ეშინიათ. არა მგონია, სააკაშვილის ოპოზიციის შიში ჰქონდეს. ამიტომაა, რომ თავის გამოსვლებში აგრესიულობას უკლო კიდეც. ადამიანი აგრესიულია მაშინ, როდესაც ეშინია. როცა შიში ქრება, ის თავს უფლებას აძლევს, იყოს ლოიალური, დიალოგში შევიდეს და ა.შ., მემგონი ახლა სწორედ ოპოზიციას ზომიერ ფარგლებში მოქცევა ხდება. იმ კონდიციამდე მიყვანა, როდესაც ოპოზიციას რადიკალიზმის სურვილიც აღარ ექნება და კიდევ უფრო მეტი მათგანი იტყვის, რომ არჩევნებისთვის ემზადებიან.

ეს "საარჩევნოდ გამზადებული ოპოზიცია" სააკაშვილს ყველაზე მეტად აძლევს ხელს. მისთვის არჩევნების არენაზე ოპოზიციის შეტყუება მომგებიანია და რაც უფრო მეტს საუბრობენ ოპოზიციონერები, რომ არჩევნებისთვის ემზადებიან, მით უფრო მეტად არიან გამზიარებლები იმ თამაშის წესების, რომელიც სააკაშვილმა შესთავაზა.

სააკაშვილი არჩევნებში დღეს უკვე ისე ახერხებს გამარჯვებას (და ეს ადგილობრივმა არჩევნებმა აჩვენა), რომ წესის დარღვევაც კი არ სჭირდება. ვირტუალურ დონეზეა აყვანილი არჩევნებში გამარჯვების მეთოდი, ამიტომ რაც მეტად შეიყვანს ამისკენ ოპოზიციას, მით ნაკლებად ექნება მათი შიში.

_ ოპოზიცია საარჩევნო კოდექსში ცვლილების შეტანას ითხოვს, ამ კუთხით მათ თავიანთი წინადადებები უკვე წარმოადგინეს. როგორ ფიქრობთ, ხელისუფლება მზად არის საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით მაინც წავიდეს დათმობაზე?

_ კონსტიტუციიდან ორგანული კანონიც იმიტომ იყო ამოღებული, რომ მერე უკან ჩაებრუნებინათ და ამით ეჩვენებინათ, ვითომ რაღაც დათმეს.

რაც შეეხება "ეროვნული ფორუმის" წინადადებით შემუშავებულ საარჩევნო კანონში ცვლილების პაკეტს, საინტერესოა, მაგრამ ეს არ არის საკითხების მთელი სპექტრი, რითაც საარჩევნო სასწორის გადმოქაჩვა ხდება. აქ უფრო არჩევნების ტექნიკური მხარეა, რაც უდავოდ მოსაგვარებელია. მაგრამ არის კიდევ სხვა ელემენტები - მაგალითად ის, რომ არჩევნებამდე დიდი ხნით ადრე ამომრჩეველზე ხდება ზეწოლა და ა.შ.. ამ შემთხვევაში კარუსელი და ასეთი ხერხები, რომლებიც ბიომეტრულმა მონაცემებმა შეიძლება გამოვლინოს, უფრო და უფრო იკლებს. მაგრამ სხვა დეტალებთან დაკავშირებით რას აპირებს ოპოზიცია, ჯერჯერობით გაურკვევლია.

შეიძლება ხელისუფლება დათანხმდეს კიდეც რაღაც ნაწილზე, ორგანული კანონის არ იყოს, რაც მისთვის მნიშვნელოვანი აღარ იქნება და შემდეგ მაინც გააკეთოს ის, რაც უნდა.


ესაუბრა თამარ მამუკაშვილი, "ჯი-ეიჩ-ენი"

 

ავტორი: . .