ENG / RUS       12+

ჩვენ ორივეს, ერთი სული გვაქვს - ჯონ ლენონისა და იოკო ონოს სიყვარულის ისტორია 

ჯონ ლენონისა და იოკო ონოს სიყვარულის ისტორია 

 

ჩვენ ორივეს, ერთი სული გვაქვს

 

ჯონ ლენონი პირველად თავის მეგობარ სინტიაზე დაქორწინდა, როდესაც ის მოულოდნელად დაორსულდა. სინტია კარგი ცოლი იყო. მას ძლიერ უყვარდა ჯონი და მშვიდად ხვდებოდა მის გამოხდომებს, თუმცა ჯონი იმ მამაკაცთა კატეგორიას არ განეკუთვნებოდა, რომლებიც მშვიდ ოჯახურ იდილიაზე ოცნებობენ. ჯონს აღიზიანებდა ყველაფერი, სინტიას მორჩილებაც და სიმშვიდეც. ჯონი ცოლის გვერდით თავს ისე გრძნობდა, თითქოს მის მეამბოხე სულს ობი გადაეკრა.

მუსიკოსს არ შეეძლო ნორმალურად მუშაობა, მას აღარ აკმაყოფილებდა საკუთარი შემოქმედება, მისი სარკაზმი კი ნელ-ნელა ცინიზმში გადაიზარდა. „ბითლზის“ წევრებთან უთანხმოება სულ უფრო და უფრო ღრმავდებოდა. სწორედ ცხოვრების ამ ეტაპზე შეხვდა ჯონ ლენონი მხატვარ იოკო ონოს.

რაღაც დროის განმავლობაში იოკოს ცხოვრება ძალიან ჰგავდა ჯონის ცხოვრებას. მეამბოხე და წინააღმდეგობრივი ნატურა, მან თავისი თავი ავანგარდისტულ ხელოვნებას მიუძღვნა, მაგრამ ინსტალაციები და პერფომანსები კრიტიკოსების მხოლოდ ირიბ დაცინვას იწვევდა. იოკომ არაერთხელ სცადა ცხოვრებისთვის ანგარიში გაესწორებინა, შემდეგ კი ცოლად გაჰყვა ენტონი კოქსს, რომელიც ავანგარდიზმის უდიდესი შემფასებელი იყო.

კოქსი მალე ნიუ-იორკში გაემგზავრა და იოკოც თან წაიყვანა. ამ დღიდან მხატვრის ცხოვრება ნელ-ნელა ეწყობოდა. ამერიკელი კრიტიკოსები კეთილი განწყობით შეხვდნენ იოკოს ხელოვნებას. სწორედ ამ მომენტში იოკოს ყოველდღიურ დამღლელ ყოფაში ჰორიზონტზე ჯონის ანარეკლი გამოჩნდა.

იცოდა კი ჯონის მეგობარმა პოლ მაკარტნიმ, როდესაც უცნობი იაპონელი მხატვრის იოკოს ავანგარდული ფერწერის გამოფენას ათვალიერებდა, რომ მის მეგობარს ისე ძლიერ შეუყვარდებოდა, რომ ამ გრძნობას მთელი თავისი ცხოვრება ატარებდა? 

ალბათ, არ იცოდა... სხვაგვარად დაფიქრდებოდა, თუ რაში სჭირდებოდა ეს ქალი ჯონს, რომელიც მთელი თავისი ცხოვრება “ცუდი“ ბიჭის სახელით იყო განთქმული და  ჩაერეოდა მხატვრის მშვიდ და გაწონასწორებულ ცხოვრებაში, რომლის დიდებაც მწვერვალებისკენ მიექანებოდა. 

როდესაც ჯონი საგამოფენო დარბაზში შევიდა, პირველად დიდი კიბე დაინახა. ჭერზე უზარმაზარი ლუპა ეკიდა, რომელიც დამთვალიერებელს სთავაზობდა, კიბეზე ასულიყო და ყურადღებით დაჰკვირვებოდა თეთრ ტილოს, რომელზეც ერთადერთი სიტყვა ეწერა: “დიახ!” იმის თქმას, რომ ჯონს ავანგარდიზმი არ უყვარდა, სჯობდა, საერთოდ არაფერი ეთქვა. ყოველ შემთხვევაში სინტიასთან დაბრუნებისას ჯონმა მხოლოდ ერთი სიტყვა თქვა - „საშინელი გაურკვევლობა”. მას მართლაც ვერ გაეგო, რა “ჯანდაბა ხდებოდა“ მის თავს.

პირველმა შეხვედრამ იოკო უფრო მიაჯაჭვა ჯონს, ვიდრე ეს უკანასკნელი. მალე კი ჯონმა მასზე ისეთი შეტევა განახორციელა, რაც არასდროს განუცდია თავისი თაყვანისმცემლების მხრიდან.

იოკომ გადაწყვიტა, რომ ჯონი ნამდვილად მისი ბედი იყო. ენტონი კოქსი დაივიწყა, ჯონი კი ავანგარდს უფრო ახლოს უნდა გასცნობოდა, იაპონელი მხატვრის გამოხდომები ხომ მასთან ასე ახლოს იყო. იოკო საათობით იჯდა ჯონის სახლის კართან. წერდა მუქარით აღსავსე წერილებს და ფულს მოითხოვდა.

ერთხელ იოკომ ჯონის ცოლი საშინლად შეაშინა: მას ამანათი გაუგზავნა, სადაც ქალის ჰიგიენური საშუალებები და წითელი საღებავით დასვრილი, გატეხილი ჭიქა იდო. იოკო ჯონს ურეკავდა და ტელეფონით საათობით საუბრობდა მასთან, თანაც სულაც არ აწუხებდა, რომ ის ცოლიანი იყო. სულ მალე მათ აღმოაჩინეს, რომ ცხოვრებისადმი მიდგომის თვალსაზრისით ბევრი საერთო ჰქონდათ. სალაპარაკო თემები კი, ფაქტობრივად, არ მთავრდებოდა.

არ შეიძლება ითქვას, რომ ჯონმა მაშინვე მიიღო ეს ექსცენტრიკული არსება. თავიდან იოკო მას, უბრალოდ, აღიზიანებდა, შემდეგ კი დააინტერესა... თავისი მიზანდასახულობითა და სიგიჟით ჯონს ის დედასა და დას ახსენებდა.

იმის მიუხედავად, რომ იოკო ონო ჯონიზე შვიდი წლით უფროსი იყო, ჯონმა გადაწყვიტა, რომ ის მის მხარდაჭერას საჭიროებდა. უკვე რამდენიმე თვის შემდეგ მათ ერთად ცხოვრება დაიწყეს, სინტია კი ჯონის მეხსიერებიდან ადვილად გააქრო ქარიშხალმა, სახელად “იოკომ“.

იოკო ისე ღრმად შეიჭრა ჯონის სულში, რომ მან დაარღვია ურყევი წესი, რომელიც კვარტეტის The Beatles-ის რეპეტიციებზე ქალების მიყვანას კრძალავდა.

ჯგუფის დანარჩენი წევრები იოკოს ალერსიანად არ შეხვედრიან, რამაც მხოლოდ პრობლემები გაზარდა და თავისი კვალი დატოვა ჯგუფში ისედაც მომწიფებულ უთანხმოებაში. ჯონის ცხოვრებაში იოკოს გამოჩენამ The Bealtes-ის დაშლა დააჩქარა, მაგრამ ჯონის ცხოვრებას იოკოს გარეშე აზრი არ ჰქონდა. ისინი ერთად თავს იმდენად კარგად გრძნობდნენ, რომ ჯონი ხშირად ამბობდა: “ჩვენ ორივეს ერთი სული გვაქვს”.

ქორწინების რეგისტრაციისას იოკოს გვარი არ შეუცვლია. სწორედ მასთან ცხოვრების შედეგად გადაიქცა ჯონი მშვიდ ადამიანად და თავისი არსებობით კმაყოფილ ობივატელს დაემსგავსა. მისი სიმღერები უფრო და უფრო უარესდებოდა, ცოლის გავლენა კი ძლიერდებოდა.

მე ვცხოვრობ მხოლოდ იოკოსთვის და ბავშვისთვის, თუ ეს არ გესმით, მაშინ საერთოდ არაფერი გესმით! სასაცილოები არიან ისინი, ვინც სცენაზე თავის კარგად წარმოჩენას ცდილობენ, ასაკისა და დროის მიუხედავად, და არა ოჯახი, რომელიც ქმნის ხელოვნებას, - განუცხადა ჯონმა ჟურნალისტებს.

სწორედ ჯონის ცხოვრების ასეთი პოზიცია აღმოჩნდა მარკ დევიდ ჩაპმენის საბედისწერო გასროლის მიზეზი. როგორც ჯონი, ისიც იაპონელ ქალზე იყო დაქორწინებული, ტანჯავდა შიზოფრენია, მაგრამ ძალიან უყვარდა ლენონის ადრეული სიმღერები. იმ ჯონმა, რომელსაც ჩაპმენი უკანასკნელ წლებში ხედავდა, უღალატა ყველაფერს, რაც მარკს ასე ძლიერ უყვარდა. მისი აზრით, ეს ღვთაება დამხობას საჭიროებდა - და გასროლაც გაისმა...  

ჯონი და იოკო ცხოვრობდნენ ისე, როგორც იოკო ხატავდა. ისინი ჩხუბობდნენ, სკანდალებს აწყობდნენ, ცდილობდნენ, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაესრულებინათ და მკურნალობდნენ ფსიქიატრიულ კლინიკებში... აწყობდნენ გაფიცვებს და იბრძოდნენ ინდიელების უფლებებისთვის... ყველაფრის მიუხედავად, ისინი ერთად ბედნიერები იყვნენ და მათმა სიყვარულმა, საბოლოოდ, რომელიც საერთოდ არ ჯდებოდა არანაირ ჩარჩოსა და სტანდარტში, მარკ ჩამპმენის ტყვიასაც აჯობა.

© მოამზადა მაკა სვიმონიშვილმა, "ჯი-ეიჩ-ენი"