რესპოდენტის შესახებ
_ როგორ ჩაიარა ბიზნესისა და ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრამ ანაკლიაში? რეალურად მიიღეთ თუ არა ამომწურავი პასუხი იმაზე, თუ რატომ არ დაკმაყოფილდა კოდექსთან მიმართებაში მაქსიმალურად კერძო სექტორის შენიშვნები თუ მოთხოვნები?
_ ამ შეხვედრას პირადად არ დავსწრებივარ, თუმცა ხელისუფლებასა და ბიზნესს შორის ნებისმიერი ტიპის კომუნიკაციას მივესალმები. ხელისუფლებას ცალკეულ შენიშვნებთან დაკავშირებით აქვს არგუმენტები, რაც ძირითადად შემოიფარგლება იმით, რომ ცალკეული შენიშვნების გათვალისწინებამ, შესაძლოა, გარკვეული ფისკალური პრობლემები შექმნას. არსებობს საკითხები, რომელზედაც ე. წ. "პაუზა" ავიღეთ ერთმანეთთან და ვაპირებთ განვაგრძოთ კონსულტაციები. იმედიანად ვარ განწყობილი, და მგონია, რომ მთავრობის პოზიცია გასცდება მხოლოდ "დეკლარირებულად პრობიზნესურს" და კანონით გამაგრდება ყველა ინიციატივა, რაც მოდის ბიზნესიდან. ბუნებრივია, რაციონალურობისა და სახელმწიფოებრიობის გათვალისწინებით.
_ თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, რამდენად მნიშვნელოვანია მეორადი კანონმდებლობის შემუშავებისას ხელისუფლებასთან დიალოგი ბიზნესის მხრიდან? ხომ არ ხედავთ საფრთხეს იმასთან მიმართებაში, რომ მეორადი კანონმდებლობით ხელისუფლებამ რიგი საკითხები თავის სასარგებლოდ დაარეგულიროს და არა ბიზნესის ინტერესების სასარგებლოდ?
_ რაც ნაკლები იქნებოდა მეორადი კანონმდებლობა, მით მეტად შეიქმნებოდა სტაბილური ბიზნესგარემო და გახდებოდა პროგნოზირებადი გარკვეული მიმართულებები. დღეს, გარკვეული ტაქტიკური მოცემულობიდან გამომდინარე, მთავრობა ამჯობინებს ლოკალურ გადაწყვეტილებებში ჰქონდეს მეტი თავისუფლება ფინანსთა სამინისტროს სხვადასხვა ნორმატიული აქტის მიღების უფლებამოსილების მინიჭებით. მრჩება შთაბეჭდილება, რომ ამ შემთხვევაში ხელისუფლება უფრო ორიენტირებულია ტაქტიკური ამოცანების და ფისკალური ეფექტის მიღებაში, ვიდრე სტრატეგიული ამოცანების გადაჭრაში. ბევრი საკითხი, რომელიც მთავრობისგან იყო დეკლარირებული და ინიცირებული, ვერ გადაწყდა, რადგან მათ გარკვეულწილად დაინახეს ფისკალური პრობლემების შექმნის საშიშროება. ეს ეხება, როგორც დღგ-ის 100.000 ლარიან ზღვარს, ისე სხვა საკითხებს.
ხელისუფლებამ, კონკრეტულად მთავრობამ, თუ ზუსტად იმ რეჟიმში გააგრძელეს კონსულტაციები ბიზნესთან, როგორც ეს ამ კოდექსზე იყო, არის შანსი, რომ მეორადი კანონმდებლობა ნორმალური და დახვეწილი მივიღოთ. ფაქტია, რომ კონსულტაციები იყო ყოველდღიური და ძალიან აქტიური. ტრაგედიის შექმნა იმისგან, რომ ბიზნესმა ვერ გაიტანა 100 %-ით თავის შენიშვნა, ნამდვილად არ არის საჭირო. მთავრობამ საკმაოდ ბევრი გაითვალისწინა, თუმცა გვრჩება შანსი, რომ მივიღოთ გაცილებით დახვეწილი კანონმდებლობა, ვიდრე ეს დაამტკიცა ქვეყნის პარლამენტმა.
_ დღეს, როდესაც კოდექსი დამტკიცებულია და თქვენც გარკვეული შენიშვნები გაქვთ, ხელისუფლება კი გეუბნებათ, რომ მზადაა უკვე მიღებულ კოდექსში, მყარი არგუმენტის საფუძველზე, ბიზნესის შენიშვნები გაივალისწონოს, როგორ გგონიათ, რეალურად ხელისუფლება მოახდენს თუ არა ბიზნესის არგუმენტების გათვალისწინებას, მაშინ, როდესაც მთავრობამ ჯერ კიდევ დაუმტკიცებელ კოდექსზე მუშაობისას ბიზნესის სრული მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და უმეტეს შემთხვევაში დანაპირებიც კი არ შეასრულა?
_ მე მგონია, რომ შესაბამისი არგუმენტაციისა და მსჯელობის პირობებში, შესაძლებელია გარკვეული შენიშვნების გათვალისწინება. ეს ნათლად დავინახეთ ფინანსთა სამიონისტროს მხრიდანაც, პირად პრემიერ-მინისტრისგან და ასევე, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტისგან, რომელთა დახმარებითაც გარკვეული შენიშვნების გათვალისწინება მოხდა.
პირადად მე, ისევე როგორც წინა კოდექსებს, ამასაც სერიოზულ ცვლილებებს ვუწინასწარმეტყველებ. გულსატკენია, რომ დაჩქარებული რეჟიმით და რამდენიმეთვიანი "პიარით" მოხდა ცალკეული გადასახადების მატება, საგადასახადო ბაზის გაზრდა და ეს ყველაფერი დაკანონდა 1-ლი აგვისტოდან, რასაც ვერ ვიტყვი იმ ლიბერალურ მიმართულებებზე, რომელიც ჩაიდო კოდექსში და უკეთეს შემთხვევაში, ამოქმედდება 2011 წლის იანვრიდან. ნამდვილად გვქონდა დრო, მიგვეღო რეალურად დახვეწილი საგადასახადო კანონმდებლობა, პარტნიორობაზე დაფუძნებული - როგორის დეკლარირებაც ხდებოდა თავის დროზე. თუმცა დღეს ეს ყველაფერი საკმაოდ შორს არის დეკლარირებული პრინციპებიდან და სამუშაო კანონმდებლობაზე კიდევ ერთობლივად ბევრი გვექნება.
_ სულ ახლახან თქვენ თავად ჩაუდექით ბიზნესგაერთიანებას სათავეში, რომელიც უშუალოდ მცირე და საშუალო ბიზნესზეა ორიენტირებული. ასეთი სახის ბიზნესზე რამდენადაა მორგებული ახალი კოდექსი და შესაბამისად საგადასახადო ადმინისტრირება?
_ "მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაცია", რომელიც ოთხი მეგაბიზნესასოციაციის მიერაა დაფუძნებული, თავის კომენტარებს არსებულ კოდექსზე დაახლოებით ერთ კვირაში წარმოადგენს პრეზენტაციის სახით. იქ დეტალურად იქნება წარმოდგენილი არსებული კოდექსის დადებითი და უარყოფითი მხარეები, სხვაობა დეკლარირებულს და დღეს მიღებულ პრინციპებს შორის. ასევე, დეტალებში შევეხებით მცირე ბიზნესის თემას.
არ მიმაჩნია, რომ არსებულმა კოდექსმა სრულად "ამოწურა" თავი მცირე და საშუალო ბიზნესთან მიმართებაში. კოდექსში შესაძლებელია ჩაიდოს განვითარების ის ელემეტები, რომელიც საშუალო ბიზნსეს გაზრდის გააძლიერებს და პროგრესზე ორიენტრირებულს გახდის. ისევე როგორც, მცირე ბიზნესი უნდა იყოს მხოლოდ ზრდაზე. შორს ვარ იმ აზრისაგან, რომ მხოლოდ საგადასახადო კოდექსით მოგვარდება მცირე და საშუალო ბიზნესის პრობლემები საქართველოში. ეს არის ღონისძიებათა ერთობლიობა, რომელიც არაერთ საკანონმდებლო და სამთავრობო ინიციატივებს ითვალისწინებს, რაზედაც გვექნება ძალიან აქტიური კონსულტაციები მთავრობასთან და მთლიანად ხელისუფლებასთან.
_ ერთი წლის წინ, როდესაც თავად ხელისუფლების წარმომადგენელმა, საუბარი მაქვს ურუზმაგ ქარქუსოვზე,ა ღია წერილით მიმართა პრეზიდენტს და ხელისუფლებისაგან მცირე ბიზნესის დაცვა მოითხოვა, მაშინ თქვენ, მსხვილი ბიზნესი, "პატარის" დასაცავად არ გამოსულხართ. დღეს კი ასეთი ბიზნესგაერთიანების ხელმძღვანელად გვევლინებით. რატომ? რა შეიცვალა ამ ერთ წელში და რატომ დაინახეთ მაინცადამაინც დღეს მცირე და საშუალო ბიზნესის დაცვის აუცილებლობა?
_ პირადად მე ამ თემაზე კომენტარი გავაკეთე და შემიძლია დღესაც გავიმეორო: როცა მინისტრის მოადგილე ღია წერილით მიმართავს ქვეყნის პრეზიდენტს, ეს ნიშნავს, რომ მთლად ჯანსაღად მთავრობაში საქმე არ არის და კომუნიკაციების ამ ხერხის გამოყენება ჩვენს ქვეყანას საუკეთესო სახით არ წარმოაჩენს.
სხვათა შორის, მსხვილი ბიზნესების გაერთიანებების გადაწყვეტილებაა, შეიქმნას "მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაცია" და ეს არ არის ერთი დღის გადაწყვეტილება. ყველა თავის დროზე იყო მცირე ან საშუალო ბიზნესმენი და ეს ყველას უნდა ახსოვდეს, ისევე, როგორც დღეს გაცილებით პრიორიტეტულია მათი მხარდაჭერა და ძალისხმევის მიმართვა იქითკენ, სადაც მეტი პრობლემებია, როგორც კომუნიკაციის, ასევე, ზოგადად ლობინგის. ასე რომ, სისტემური გადაწყვეტილება მიღებული იქნა ერთი წლის თავზე და მოხარული, რომ ამაში აქტიურად არიან ჩართული ჩვენი ამერიკელი პარტნიორები და მეგობრები.
_ ბოლო პერიოდში მთავრობიდან ბიზნესის მიმართულებით ხშირია შენიშვნები. გავიხსენებ თუნდაც პრემიერ-მინისტრის განცხადებას, სადაც ნიკა გილაურმა ბიზნესი საქართველოსთვის გამოყოფილი თანხის აუთვისებლობაში დაანაშაულა. თუნდაც ვერა ქობალიას განცხადება, რომ თურმე ბიზნესი ზარმაცობს და ელემენტარულად დილით ადგომა ეზარება. იზიარებთ თუ არა ხელისუფლების კრიტიკას და თავად თუ გაქვთ გარკვეული შენიშვნები ხელისუფლების ქმედებების მიმართ?
_ დიახ, გარკვეული პერიოდი ნამდვილად გამოირჩეოდა გარკვეული მოდურობით, რომ ბიზნესზე ბევრი შენიშვნა და ძირითადი პრობლემები გადაბრალებულიყო. არაერთხელ განმიცხადება, რომ ბიზნესი ნამდვილად არ არის უცოდველი საქართველოში და ვერ იქნება ბევრი მიზეზის გამო. არის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, რის გამოც არსებობს სერიოზული კორუფციული პრობლემები თავად ბიზნესში, არის პრობლემა მენტალურიც და განათლებაც. თუმცა მაინც ვურჩევდი მთავრობას, ბიზნესი არ აქციოს მხოლოდ ახალი სამუშაო ადგილების ან საწარმოთა გახსნის სფეროდ, როცა მხოლოდ ამ შემთხევაშია მათთან ურთიერთობა სასიამოვნო. ეს უნდა იყოს მუდმივ კომუნიკაცია და ჰარმონია, სადაც სიამოვნებას ამ ყველაფრისგან ორივე მხარე ერთნაირად იღებს. ამ შემთხვევაში, ბიზნესის მართლა გასაოცარი ტემპებით განვითარება, გარდაუვალ პროცესად მოგვევლინება.
რაც შეეხება დილით ადრე ადგომას, ყველასთან დიდ ბოდიშს ვიხდი, მაგრამ ეს იყო ერთი კონკრეტული ორგანიზაციის მიერ დაგეგმილი შეხვედრა და დაპატიჟებული სტუმართა სია, რომელშიც მე პირად არ ვყოფილვარ გათვალისწინებული. ამიტომ ერთი კონკრეტული მაგალითის მთელ ბიზნესზე განვრცობას ნამდვილად არ მივიღებ, როცა ეს საკმაოდ ლიმიტირებული წრეა.
_ გილაურის შენიშვნას რომ დავუბრუნდეთ: რატომ არ მოხდა ბიზნესის მხრიდან საერთაშორისო ორგანიზაციებიდან იაფი სესხის მიღება, რეალურად ქართულ ბიზნესს დღეს არ უღირს ასეთი ფინანსური რესურსის მიღება თუ ე. წ. იაფი სესხი ჯეროვნად იაფი არ არის?
_ პრემიერ-მინისტრი მართალია, რომ რეალურად არსებობს მთავრობის მიერ შეთანხმებული სხვადასხვა გადაწყვეტილება საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რაც უზრუნველყოფს იაფი ფულის შემოსავალს როგორც კომერციულ ბანკებში, ასევე პირდაპირ სხვადასხვა ბიზნესში. ალბათ, მთავრობა მეტად აქტიური უნდა იყოს ამ ტიპის მიღწევების საინფორმაციო უზრუნველყოფაში, რათა რაც შეიძლება მეტი ბენეფიციარი და მომხმარებელი ჰყავდეს ამგვარ ფინანსურ რესურსს. თუმცა შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ პირად ვიცნობ რამდენიმე კომპანიას, რომელიც აქტიურად თანამშრომლობს ამ ტიპის ორგანიზაციებთან და წლებია, რაც ამ რესურსის აქტიური მოხმარებელია.
_ მაშინ, როდესაც კლიენტსა და ბანკს შორის ურთიერთობები სტაბილიზაციისკენ მიდის, ამ დროს კი პრეზიდენტი გამოდის და აცხადებს, რომ "ყველამ კარგად დამიგდოს ყური, ვისაც სახლში ან სადღაც ბანკში უდევს რამდენიმე მილიონი დოლარი. ბანკში და მუთაქაში ფული არ მოიმატებს და შეიძლება დაკარგოთ კიდეც", ასეთი ტიპის განცხადებები პრეზიდენტისგან რამდენად მისაღებია ბიზნესისთვის? ხომ არ გგონიათ, რომ თავად ქვეყნის პირველი პირი საგანგაშო მესიჯს უგზავნის ყველა იმ ადამიანს, ვისაც საკუთარი დანაზოგები ამ დროისათვის ბანკში აქვს განთავსებული?
_ ყურადღებით ვადევნებ თვალყურს ბიზნესთან დაკავშირებულ ყველა განცხადებას და პრეზიდენტ სააკაშვილისაგან, ასეთი რამ არ მომისმენია. ნამდვილად მოხარული ვარ, რომ ბანკებს და კლიენტებს შორის, ნელი ტემპით, მაგრამ მაინც ბრუნდება ძველი ურთიერთობები და იზრდება დეპოზიტები, როგორც ეროვნულ, ასევე უცხოურ ვალუტებში. ეს კომერციული ბანკების და ეროვნული ბანკის ზომიერი, აწონილი პოლიტიკის დამსახურებაა.
"ჯი-ეიჩ-ენი", ესაუბრა მაია არაბიძე