რესპოდენტის შესახებ
მამუკა არეშიძე, ექსპერტი კავკასიის საკითხებში.
მამუკა არეშიძე, ექსპერტი კავკასიის საკითხებში.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მალხაზ მაჩალიკაშვილი ტერიროსტული აქტის მომზადებას გეგმავდა. სუსმა, აღნიშნულის მტკიცებულებად, მალხაზ მაჩალიკაშილისა და თავისი ძმიშვილის, მორის მაჩალიკაშვილის ფარული აუდიოჩანაწერი გამოაქვეყნა. დანაშაულებრივი განზრახვის თანახმად, ტერორისტული აქტის ჩადენა იგეგმებოდა დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ზემო მაჩხაანში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი პირველი მოადგილის, იოსებ გოგაშვილის მამის საფლავზე, იოსებ გოგაშვილის და მისი თანმხლები პირების მისვლის დროს, რასაც მოჰყვებოდა მათი და სხვა მოქალაქეთა სიცოცხლის ხელყოფა. აღნიშულთან დაკავშირებით, „ჯი-ეიჩ-ენი“ექსპერტს კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძეს ესაუბრა.
- ბატონო მამუკა, სუს-ის მიერ გამოქვყნებულ მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მისი ძმიშვილის საუბრის ფარულ აუდიოჩანაწერზე, მაჩალიკაშვილმა თქვა, რომ ეს არის ფაბრიკაცია. გამოითქვა მოსაზრება ჩანაწერის ავთენტურობასთან დაკავშირებითაც. საუბრის შინაარსიდან გამომდინარე, თქვენი შეფასება როგორია?
- ჯერ ერთი, შვილი ამბობს, რომ მამის ხმა იცნო. მეორე, თავად მალხაზ მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ მე ვთქვი, მაგრამ გაბრაზებული ვიყავიო. რა თქმა უნდა, ავთენტურობის დადგენა საგამოძიებო პროცესის განუყოფელი ნაწილია და აუცილებლად გასაკეთებელი. მოდი ეს საკითხი გავიაროთ და ვთქვათ დავამტკიცეთ, რომ ავთენტურია და შემდეგში ასეთი რამ ვთქვათ, რამდენად სერიოზული იყო მისი განზრახვა. მე არ გამოვრიცხავ, რომ ეს განზრახვა არსებობდეს. იმიტომ რომ კავკასიელებში, მთიელებში შემორჩენილია სისხლის აღების ტრადიცია და ეს განზრახვა, არ გამკვირვებია. კიდევ რამდენიმე ნიუანსია, რომელიც მაფიქრებინებს, რომ ეს მართლაც რეალური ჩანაწერია. თუნდაც, ის ფაქტი, როგორ ელაპარაკება უფროსი, უმცროსს. როგორი ტრადიციული ურთიერთობის ფორმაა. ვინც იცნობს კავკასიელი მთიელების მენტალობას, როგორც კი ამ ჩანაწერს მოისმენს, მიხვდება რომ უფროსი ნათესავი ელაპარაკება უმცროს ნათესავს. მორის მაჩალიკაშვილი ხმას არ იღებს, უსმენს. ბოლოში დააზუსტა გეოგრაფიული მდებარეობა. დანარჩენ შემთხვევაში, ჩუმად არის. უზარმაზარი პაუზები აქვს მალხაზს. მიუხედავად ამ პაუზებისა, მორისი მორჩილად დგას და უსმენს. შთაბეჭდილება მრჩება, რომ ისინი მზადებას დაიწყებდნენ ტერაქტის ადგილის მოსამზადებლად.
- თუ ჩანაწერი რეალურია, ტერაქტის მომზადებისთვის ჯერჯერობით არავინ დაუკავებიათ...
- მალხაზ მაჩალიკაშვილი გამოკითხვაზე დაბარებული იყო და არ გამოცხადდა. მე ვფიქრობ ამ თემაზე უნდა დაესვათ მისთვის შეკითხვები. რადგან არ გამოცხადდა, ამიტომაც მოხდა ამ ამბის გამომზეურება. მე ვფიქრობ, სუს-მა, ამ გამომზეურებით, პრევენცია მოახდინა. გააფრთხილა მაჩალიკაშილი, რომ ყველაფრის საქმის კურსშია და ყველაფერი იცის. ვფიქრობ, რომ მაჩალიკაშილს არ დააპატიმრებენ, ამ ფაქტის გამო. თან, მით უმეტეს, საზოგადოების მხრიდან მის მიმართ არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა.
- თუ ეს ყველაფერი რეალურია და იკვეთება დანაშაული და არავის დააკავებენ, მაშინ რა საჭირო იყო ამ ჩანაწერის გამოქვეყნება?
- მე ამ შემთხვევაში პოლიტიკურ ნაბიჯზე ვსაუბრობ, და არა სამართლებრივზე. საზოგადოებრივი აზრი დღეს ისეთ მდგომარეობაშია, რომ მალხაზ მაჩალიკაშილს ჰყავს ბევრი მხარდამჭერი. მისი ტრაგედის მიმართ არის განსაკუთრებული დამოკიდებულება.
- და დამნაშავის დაუსჯელობა, ხელისუფლების იმიჯზე არ იმოქმედებს?
-მოდი ასე შევხედოთ, რომ დააკავოს რას იგებს ხელისუფლება, პოლიტიკურად რას იგებს. ვთქვათ, არ დააკავა, ეს ჩემი ვარაუდია. ხელისუფლებას ხომ შეუძლია საზოგადოებრივი აზრი შეამზადოს ასეთი ინფორმაციის გავრცელებით, რომელიც რეალურობასთან ახლოს არის. რა თქმა უნდა, შეუძლია. ამიტომ, შესაძლოა, სიტუაცია მოამწიფოს. მეთოდოლოგიაზეა საუბარი. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან რეალობასთან გვაქვს საქმე. არსებობს ასეთი გამოთქმა - „ბნელად“ გამოყენება, ტერმიანია ასეთი. ანუ, მან არ იცის რომ იყენებენ. ასეთ ვითარებას, მე ახლა ვხედავ.
- ვის იყენებენ „ბნელად“, მალხაზ მაჩალიკაშვილს?
- შეიძლება, არც იცის მალხაზ მაჩალიკაშილმა, რა ტიპის ძალები აქტიურობენ მის უკან. შეიძლება, მას აქვს კომუნიკაცია კონკრეტულ პირებთან და არ იცის ვის წარმოადგენენ. ის რომ ხელისუფლება სისუსტეებს იჩენს, რიგ შემთხვევაში, ეს არის ძალიან ცუდი. ჩვენ ვდგავართ სერიოზული გამოწვევების წინაშე, ძალიან სერიოზული რისკების წინაშე. აქ თამაში, მართლაც არ შეიძლება. ძალინ კატეგორიული უნდა იყოს ხელისუფლება. ნებისმიერ ცივილური ქვეყნის სპეცსამსახური ბევრად უფრო მკაცრი და აგრესიული იქნებოდა. ამ შემთხვევაში, მხოლოდ მალხაზ მაჩალიკაშვილის საქმეს არ ვგულისხმობ, ზოგადად წყება გამოწვევებზე მაქვს საუბარი.
- გამოწვევა პანკისის ხეობიდან არსებობს?
- ეს საფრთხეები დღეს მარტო პანკისიდან მომავალი არ არის. ხეობაში 10 000 კაცია. სახელმწიფოს, რომელსაც არ შეუძლია 10000 კაცი შეინახოს და მოუაროს, რთულია აღიქვა პერსპექტიულ ქვეყნად. ეს საფრთხეები არის შემდეგი, რომ დღეს საქართველოს ტერიტორიაზე მუშაობს არაერთი ქვეყანა თავისი ინტერესების გასატარებლად. ხშირ შემთხვევაში, ეს სპეცსამსახურები ერთმანეთს ექიშპებიან ჩვენსავე ტერიტორიაზე. 21-ე საუკუნის ათიან წლებში, მოვლენების განვითარება და ლოგიკა გვკარნახობდა რომ ჩვენს ტერიტორიაზე ებრძოდნენ ერთმანეთს, ორი რუსული სპეცსამსახური, „გრუ“ და საგარეო დაზვერვა. იგივე ხდება სხვა შემთხვევებშიც. მაგალითად, ქვემო ქართლში ქვეყნები ებრძოდნენ ერთმანეთს, თურქეთი, ირანი და აქ რუსეთია კიდევ ჩართული. როდესაც ასეთი ბაზარი გაქვს ქვეყანაში, ბუნებრივია, ჩნდება კანონიერი შეფასება, რომ ეს არის ქვეყნისთვის გამოწვევა და რისკი. ყველა ცდილობს რაც შეიძლება მეტი ადამიანი გადაიბიროს იმისთვის, რომ თავის გავლენა გააძლიეროს. არ აქვს მნიშვნელობა, ეს პასპორტების დარიგება იქნება, რუსებმა რომ იციან თუ სხვა რამ, რომელმაც გადამწყვეტი როლი შეასრულა ჩვენი რეგიონების ოკუპაციაში. იქნება ეს ჰუმანიტარული ტვირთები, რელიგიური სწავლება, უბრალო სწავლებები, სამკურნალო წაყვანა, რომელი ერთი... უფრო მეტიც, ზოგიერთი ქვეყნის ელჩი პანკისის ხეობაში თავს ისე გრძნობს, როგორც საკუთარ სახლში.
- ხეობის მოსახლეობა ხშირად ხაზს უსვამს თავის ეთნიკურ წარმომავლობას და ღიად აცხადებენ, რომ ხელისუფლებას მათი ხეობიდან აყრა სურს...
- ამ საკითხთან დაკავშირებით, სპეკულაცია ბევრია. ამ საკითხზე კომენტარისას ბეწვის ხიდზე უნდა გაიარო, საკმაოდ რთულია. არავითარი ეთნიკური თემა არ არის აქ დომინანტური, ეს ძალიან კარგად იცის ყველამ, მათ შორის, ოჯახის წევრებმა. არაერთი ანალოგიური სპეცოპერაცია ჩატარებულა და მსხვერპლიც ყოფილა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. რაც შეეხება აყრას, პანკისის ხეობაში არის არაორდინალური სიტუაცია. გარკვეული ჯგუფები, რომლებიც წარმოადგენენ კონკრეტული ქვეყნების თუ რელიგიური კულტურის ინტერესებს, გაოცებული დავრჩი, როდესაც შეტაკების კადრებში დავინახე რომ ერთად მოქმდებენენ. ესენი არიან - სალაფიტები და ჩეჩნეთის ხელძმღვანელობასთან დაახლოებული ჯგუფი. ესენი ერთმანეთს ვერ იტანენ და პირველად ვნახე, ასე კონსოლიდირებულად რომ მოქმედებდნენ. ყველაფერი კეთდება იმისათვის რომ ხეობაში სიტუაცია არიონ და მაჩალიკაშვილის თემას, ჰესების თემას, ყველაფერს ამისთვის იყენებენ. მეორე საკითხია, რომ ხელისუფლებას აქვს დაშვებული გარკვეული შეცდომები ობიექტურად - ჰესების შემთხვევაშიც, იქ პოლიციის შეყვანის შემთხვევაშიც და მაჩალიკაშვილილს ფაქტთან დაკავშირებითაც.
© ghn.ge