8 მაისს, 18:00 საათზე, თიბისი გალერეში, თიბისისა და დავით კაკაბაძის ფონდის ორგანიზებით, ქართველი მხატვრის, მეცნიერის, გამომგონებლისა და ქართული მოდერნიზმის ერთ-ერთი ფუძემდებლის - დავით კაკაბაძის გამოფენა გაიხსნება, რომლითაც მხატვრის 130 წლის იუბილეს აღსანიშნავი რამდენიმე ეტაპიანი, მასშტაბური პროექტი იწყება.
გამოფენაზე დავით კაკაბაძის ფონდის მიერ წარმოდგენილი ოჯახის არქივი სხვადასხვა მასალას მოიცავს. მათ შორის: ჩანახატებს, დოკუმენტებს, ჩანაწერებსა და ესკიზებს. ოჯახის არქივთან ერთად, რეტროსპექტივაზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრისა და დავით კაკაბაძის სახელობის ქუთაისის სახვითი ხელოვნების გალერეის ფონდებში დაცული კოლექციები გამოიფინება.
კოლექციის მრავალფეროვნება დავით კაკაბაძეს წარმოაჩენს, როგორც მკვლევარს, მეცნიერსა და მკაფიო ეროვნული იდენტობის მქონე ხელოვანს.