"ათეისტური სულისკვეთების მქონენი ეყრდნობიან თავის გონებას და იმ მონაცემებს, რისი შეცნობის საშუალებასაც ჩვენი გრძნობის ხუთი ორგანო იძლევა; მათ არ იციან და არც სურთ იცოდნენ რაიმე ადამიანის ბუნების საუკეთესო და ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილზე, _ სულიერ ცხოვრებაზე. მათთვის სიტყვა ,,ცოდვა“, ,,განწმენდა-კათარზისი“, ისეთივე გაუგებარია, როგორც ,,თავმდაბლობა“ ან ,,სინანულის განცდა“. ასეთთა შორის, როგორც წესი, სხეული და მიწა ბატონობს და არა ზეცა და სული", - აღნიშნულია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის სააღდგომო ეპისტოლეში.
"ჯერ კიდევ ბრძენი სოკრატე ამგვარ კითხვას სვამდა ურწმუნოთა მიმართ: ,,თუ გონება და გრძნობა ტვინის თვისებად მიგაჩნიათ, მაშ რატომ აღარ მოქმედებს ეს უნარი სიკვდილის შემდეგ, ტვინი ხომ ისევ ადგილზე აქვს გარდაცვლილს”? და დასძენდა: ,,როგორც სულს ვერ ვხედავთ და არსებობს, ასევე ღმერთს ვერ ვხედავთ და არსებობს. როგორც უსულოდ არ არსებობს სხეულის სიცოცხლე, ასევე უღმერთოდ, საერთოდ ცხოვრება.”
რა თქმა უნდა, შეიძლება იცხოვრო ქრისტეს გარეშე, მისი სწავლების გარეშე, აქციო შენი თავი ვნებების სათარეშოდ, მაგრამ სიკვდილს ვერ დაემალები და ვერც საშინელ სამსჯავროს გადურჩები.
გარდაცვალება წერტილს უსვამს ჩვენს ყველა მიწიერ ოცნებასა და წარმავალ სურვილს; სიკვდილით აზრს კარგავს ყველაფერი, რაც ასე გვიყვარდა და შევნატროდით, ან რაც გვძულდა და სასიკვდილოდაც გვემეტებოდა. სამარესთან ამსოფლურ საცდურთა ნიღბები ცვივა და მწარე რეალობა დგება", - წერს პატრიარქი სააღდგომო ეპისტოლეში.