"ახლა კი, შეიძლება ითქვას, გამოცხადებულია სრული თავისუფლება როგორც მორწმუნეთა, ისე ურწმუნოთა მიმართ, მაგრამ ამ სივრცეში მკვეთრად იგრძნობა ღვთის უარმყოფელთა სითამამე; ისინი სრული თავაშვებულების პროპაგანდას აქტიურად ეწევიან ყველა საშუალებით და ცდილობენ, ეს ქმედება სიმართლისა და სიკეთის სახელს დაუკავშირონ, რათა თავისი გაუკუღმართებული შემოთავაზებანი ხალხისთვის მისაღები გახადონ", - აღნიშნულია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის სააღდგომო ეპისტოლეში.
"საერთოდ, ცოდვა როგორც მადლი, გადამდებია და ამის ნაყოფს უკვე ვიმკით საზოგადოების ყველა ფენაში.
თუმცა სიმართლეს სიცრუის მანქანა რეალურად ვერასდროს გაუსწორებს თვალს, მოტყუებით კი, _ მრავალთ აცდუნებს. ამიტომაც აუცილებელია საღვთო ჭეშმარიტების ცოდნა, თანაც ღრმა ცოდნა, რადგან ბოროტი ძალა ამ მხრივაც ფრიად მანიპულირებს.
დღეს მორწმუნე ადამიანს დიდი მოთმინება მართებს, რომ ამდენ ტყუილს, ცილისწამებასა და ღვარძლს გაუძლოს და თვითონაც არ გადაგვარდეს. ჩვენი შესაძლებლობებით ეს მიუღწეველია, ღვთის დახმარებით კი, _ შესაძლებელი. აუცილებელია, უფალთან სულიერი, ლოცვითი ურთიერთობა, ბიბლიისა და წმინდა მამების დარიგებების კითხვა, რომ განვმტკიცდეთ და შეწევნაც ღვთისა მივიღოთ", - წერს პატრიარქი სააღდგომო ეპისტოლეში.