ისრაელსა და პალესტინას შორის მიმდინარე მოლაპარაკებები ჩიხში შედის. მხარეები მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე ისრაელის მიერ დასახლების მშენებლობის საკითხზე ვერ თანხმდებიან.
მოლაპარაკებების პროცესში ჩართულმა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა ისრაელის მხარეს დასავლეთ სანაპიროზე დაწესებული 10 თვიანი მორატორიუმის გაგრძელება მოსთხოვა, რომლისაც ვადა სექტემბრის ბოლოს გასდის, თუმცა ისრაელის პრემიერმა ბენიამინ ნათანეაჰუმ განაცხადა, რომ მორატორიუმის გაგრძელებას აღარ აპირებს. სამაგიეროდ კლინტონის წინადადებას პალესტინის პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი უჭერს მხარს.
კლინტონი ასევე, პალესტინურ მხარეს თხოვს აღიაროს ისარელი, როგორ დამოუკიდებელ სახელმწიფოდ. აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით მოლაპარაკებების პროცესი კვირას გაგრძელდება.
როგორც ცნობილია, პალესტინელებსა და ისრაელს შორის უთანხმოების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე ისრაელის დასახლებების მშენებლობაა.
პალესტინური მხარე ისრაელთან მშვიდობიანი მოლაპარაკებების განახლების მთავარ პირობად სწორედ მშენებლობის შეწყვეტას ასახელებდა. იმავეს მოითხოვდა ისრაელისგან ამერიკის ადამინისტრაციაც. ბენიამინ ნეთანიაჰუმ 10 თვის წინ გასცა განკარგულება, რომელიც იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე დასახლებების მშენებლობაზე 10-თვიანი მორატორიუმის დაწესებას ითვალისწინებს. ისრაელის მთავრობის პოლიტიკის მიხედვით, დასავლეთ სანაპიროზე ახალი მშენებლობების ნებართვები 10 თვის განმავლობაში არ გაიცემოდა, თუმცა მუნიციპალურ შენობებზე და დაახლოებით, 3 ათასამდე ბინაზე, რომელთა მშენებლობა უკვე დაწყებული იყო, ეს შეზღუდვა არ გავრცელდა. როგორც მაშინ ისრაელის ხელისუფლებაში განმარტეს, პრემიერის გადაწყვეტილება მშვიდობიანი მოლაპარაკებების აღდგენას ემსახურებოდა.
ცნობისათვის, მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპირო და აღმოსავლეთ იერუსალიმი ოკუპირებულ ტერიტორიად მიიჩნევა და მასზე დასახლებების მშენებლობა, საერთაშორისო სამართლის მიხედვით, უკანონობაა.
სადავო მიწებზე ამ დროისთვის ასზე მეტი დასახლება მდებარეობს, რომლებშიც, საერთო ჯამში, თითქმის ნახევარი მილიონი ისრაელის მოქალაქე ცხოვრობს. ისრაელის პოლიტიკოსები და მასობრივი ინფორმაციის საშუალებები მთავრობის მიერ დაწესებულ შეზღუდვებს "გაყინვას" უწოდებენ.