ENG / RUS       12+

პოლარიზებული ქვეყანა და შეწირული დემოკრატია

„სწორედ მათთან მაქვს მე პრეტენზია, თუ როგორ ასხამენ ისინი “ნაციონალური მოძრაობის” წისქვილზე წყალს“  -  ეს განცხადება მმართველი  პარტიის ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა,  9 აპრილს  ტვ „იმედისთვის“ მიცემულ ინტერვიუში  მისი გუნდიდან წასული დეპუტატების შესახებ  გააკეთა.  ეს კონკრეტულად სამ  დეპუტატს  -  ეკა ბესელიას, გედი ფოფხაძეს და ლევან გოგიჩაიშვილს ეხებოდა, რომლებიც აქამდეც იმით გამოირჩეოდნენ, რომ ენმ-ის  საკმაოდ მწვავედ უპირისპირდებოდნენ ოპოზიციაში ყოფნისასაც, შემდეგ უკვე ხელისუფლებაში ყოფნის დროს და ბოლო პერიოდშიც, რაც  „ქართული ოცნება“ დატოვეს, მიუხედავად იმისა, რომ  მათი და ენმ-ის პოზიციები  ერთ კონკრეტულ  - უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის საკითხში პოზიციები მეტ-ნაკლებად ემთხვევა.  თუმცა,  დღემდე ეს სამი ადამიანი  ენმ-ის მიმართ  კვლავ  დაპირისპირებულია.

 მეორე მხრივ კი,  ამ  კონკრეტულ საკითხზე  ენმ-ის და ამ სამეულის პოზიციას კიდევ ძალიან ბევრი პოლიტიკური ძალის  და არასამთავრობო სექტორის პოზიცია ემთხვევა. ხელისუფლება მათ ყველას „ნაციონალური მოძრაობის წისქვილზე წყლის დამსხმელებად“ მიიჩნევს და მოიხსენიებს. ამის დამადასტურებლად ბოლო პერიოდში  „ქართული ოცნების“ მხრიდან ამ თემაზე გაკეთებული  ბევრი განცხადების მოშველიება შეიძლება.  ამ მხრივ განსაკუთრებით საინტერესო კი არასამთავრობო სექტორის წინააღმდეგ  დაწყებული კამპანიაა, სადაც  ძალიან  ღიად ჩანს, რომ ნეიტრალური ინსტიტუცია,  ხელისუფლების კრიტიკის გამო,  გამოცხადებულია მაინცდამაინც  „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერად, ანუ  მმართველი პარტიის „მტრად“ და არ ამბობენ, რომ ეს არის საერთო პოზიცია და კონკრეტულად „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერა არაფერ შუაშია.  ფაქტობრივად ვიღებთ იმას, რომ  ერთ მხარეს არის მმართველი პარტია და მეორე მხარეს ყველა, ვინც „ქართული ოცნების“ პოზიციას ნებისმიერ საკითხში აპრიორი  უპირობოდ არ იზიარებს, მიუხედავად იმისა, რომ მათ შორის ძალიან ბევრ საკითხზე  განსხვავებაა.  ამ მხარეს კი „ქართული ოცნება“  მტრად მიიჩნევს.

ამ შემთხვევაში ჩვენ არ ვსაუბრობთ  კონკრეტულად  სასამართლო რეფორმის საკითხის ავკარგიანობაზე, რაც, ცხადია, ცალკე თემაა. ამჯერად ჩვენთვის საინტერესოა  მმართველი ძალის დამოკიდებულება მათ მიმართ, ვინც მათ აზრს რაიმე ფორმით არ იზიარებს.  უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის  საკითხი არის კარგი ქეისი სწორედ იმის საჩვენებლად, თუ როგორია პოლარიზებულია დღეს ქართული პოლიტიკური სივრცე და არამხოლოდ პოლიტიკური.  ქვეყანაში პოლარიზებული ვითარების ანალიზი კი განსაკუთრებით  საინტერესოა, რათა გამოიკვეთოს პრობლემის ხელშემწყობი ფაქტორები, რამაც უკვე შესაძლოა,  მეტ-ნაკლებად მოგვარების გზებთან მიგვიყვანოს.

 

„ვინც ჩემთან არ არის, ჩემი მტერია“

ეს ფრაზა რომ ქართული რეალობის წარმმართველი გახდა,  ყოფით დონეზე ყოველდღიურად ვხვდებით, დაწყებული პოლიტიკური განცხადებებით, გაგრძელებული მედიაში არსებული მდგომარეობით  და  ადამიანური ურთიერთობებით დამთავრებული.  აკადემიურ  დონეზე კი არაერთი საერთაშორისო  კვლევა და ანგარიშია გამოქვეყნებული, სადაც საქართველოში ამ მხრივ ვითარება  საგანგაშოდ  არის შეფასებული, რადგან ამ კვლევების შედეგებმა აჩვენა, რომ საქართველო ერთ-ერთი ყველაზე  პოლარიზებული დემოკრატიაა ევროპაში.  განსაკუთრებით, ევროსაბჭოს რეზოლუციები.  რამდენიმე დღის წინ კი საერთაშორისო ორგანიზაციამ  „რეპორტიორები საზღვრების გარეშე“  პრესის თავისუფლების შესახებ  ვრცელი დოკუმენტი გამოაქვეყნა, სადაც  საქართველოს ნაწილში სწორედ ამ პრობლემაზეა ყურადღება გამახვილებული.

გარდა ამისა, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასა“  და Democracy Reporting International  გამოქვეყნებული აქვს  ერთობლივი  ანგარიში, რომელიც ქვეყანაში არსებულ უკიდურესად პოლარიზებულ გარემოსა და მისი გამოსწორების გზებს ეხება.

არსებული  ვითარება აჩვენებს, რომ პრობლემა საკმაოდ მწვავეა, თუმცა, ეს პრობლემა საქართველოსთვის ახალი არ არის და ფესვები საკმაო ღრმა აქვს, რომელიც, ალბათ,  საბჭოთა პერიოდიდან იღებს, როდესაც  ყველა მტერი იყო, ვინც განსხვავებულად  ფიქრობდა რამეს და  ტოტალიტარული სახელმწიფოს წნეხის გამო, ამ განსხვავებულ  შეხედულებებზე ღიად ვერც კი საუბრობდნენ.  დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ კი პოლიტიკური პროცესები, ფაქტობრივად, ანალოგიურად წარიმართა, როდესაც ხელისუფლებაში ეროვნული მოძრაობა მოვიდა. ამ ძალის შიგნით აზრთა სხვადასხვაობა იმდენად მიუღებელი აღმოჩნდა  უკვე ახალი მმართველი ძალისთვის, რომ საკუთარ მომხრეებსაც კი დაუპირისპირდა, რაც, ცხადია, რუსეთმა ეს კარგად გამოიყენა.  ეს საკითხი საკმაოდ მოცულობითია და ბევრ ასპექტს მოიცავს, მაგრამ  ის, რომ მმართველი ძალისთვის განსხვავებული აზრი რომ მტრობად  ჩაითვალა, ფაქტია.  ამან  კი ისეთი  პირდაპირი გავლენა  იქონია საზოგადოებაზე, რომ  ამის გამო  ცოლ-ქმარიც კი შორდებოდა და ამის არაერთი ქეისი არსებობს.  

დაპირისპირების რადიკალიზაცია გაგრძელდა შემდეგ პერიოდებშიც და  დღევანდელი ხელისუფლება საერთოდ ამ  ლოზუნგით მოვიდა.  2011 წლის ოქტომბერში, როდესაც ივანიშვილმა  პოლიტიკაში მოსვლის განაცხადი გააკეთა, პირველივე ინტერვიუში  ია ანთაძესთან  აცხადებდა, რომ  „შუა უნდა გაიკრიფოსო“.  „შუის გაკაფვა“, ანუ ან ერთ ან მეორე ბანაკში ყოფნა  მას შემდეგ ისე გაგრძელდა, რომ დღეს მმართველი პარტია უკვე ყველას, ვინც მათ აზრს არ იზიარებს  „ნაციონალებს“ ეძახის და მტრად მოიაზრებს. 

მიუხედავად იმისა, რომ პრობლემა ახალი არ არის, ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გამწვავდა. თუმცა, ანალიტიკოსების ნაწილი მიიჩნევს,  რომ  პრობლემაზე დღეს უფრო  ბევრს ვსაუბრობთ და ამის გამო ჩანს, რომ  ახლა გაღრმავდა, თორემ პრობლემა დიდი ხნისაა და ეს უფრო ართულებს ვითარებას.

„საქართველოში პოლიტიკა თავიდანვე  პოლარიზებული იყო და სხვა არაფერი არც გვინახავს. ბოლო პერიოდში, თითქოს, უფრო ხშირია ამაზე საუბარი და  ტერმინი შემოვიდა, თორემ რეალობა ჩვენთან ყოველთვის ასეთი იყო... სულ იყო. უბრალოდ, იყო დრო, როდესაც ადამიანები შედარებით აპათიურები ხდებოდნენ, მაგრა ზოგადად ყოველთვის მეტ-ნაკლები გააქტიურება ახდენს პოლარიზაციის გაღრმავებასაც,“ - ამბობს ჩვენთან საუბრისას პოლიტოლოგი, ილიაუნის პროფესორი, გია ნოდია.

ამის მთავარ მიზეზად კი ის საზოგადოების მხრიდან პოლიტიკური კლასის ნაკლებ ნდობას ასახელებს.

„პოლიტიკოსების კრიტიკა, ზოგადად, კარგად იყიდება და პოლიტიკოსები ცდილობენ, მაქსიმალური ნეგატივით მოიპოვონ ნდობა იმის გამო, რომ პოზიტიური საკითხებისადმი ნდობის მოპოვება რომ ვერ ხერხდება, ამიტომ,  რაც შეიძლება, მკვეთრად უნდა დაესხა ოპონენტს თავს და ამით მოიპოვო ქულები.  ყოველ შემთხვევაში, პოლიტიკოსები თვლიან, რომ ეს მუშაობს. ანუ,  შეჯიბრი არის იმაში, რაც უფრო შეურიგებელი იქნები შენი ოპონენტისადმი,“ - ამბობს გია ნოდია.

პოლარიზაცია ქართულად

ზოგადად, პოლარიზაცია არ არის მხოლოდ  ქართული  ფენომენი. სხვა თუ არაფერი,  პოლიტიკური სისტემების მემარჯვენეობა-მემარცხენეობად დაყოფა სწორედ ამ რადიკალიზაციის შედეგია, მაგრამ  დასავლურ ცივილიზაციებში ეს არ იღებს  იმ ფორმას, რომ  ქვეყანა ყველა დონეზე დაპირისპირებული იყოს ერთმანეთთან. 

დღეს  „შუის გაკაფვის“ მოწოდება  პარტიულ დაპირისპირებას სცილდება და  ეხება საზოგადოებას ყველა დონეზე.  ამიტომაც ამ პრობლემაზე საუბრისას პირველი კითხვა არის სწორედ ის, თუ რა განაპირობებს პოლარიზაციაში ე.წ. ქართული ფენომენის ჩამოყალიბებას.

სოციოლოგი, პროფესორი ემზარ ჯგერენაია ამ ფენომენს საზოგადოების ქცევით ხსნის.

„საერთოდ, საზოგადოების აზროვნება ძალიან რთული ფენომენია და აქ ბევრი რამაა დალექილი. მაგალითად, დღეს საზოგადოებაში იპოვით ზვიად გამსახურდიას მომხრეებსაც, შევარდნაძის მომხრეებსაც, სააკაშვილის მომხრეებსაც და ივანიშვილის მომხრეებსაც, მაგრამ სურათს ვხედავთ ისეთს, თითქოს, მხოლოდ  ორი მხარეა და ამის მიზეზი რა არის? ყოველი ადამიანი თავის ცხოვრებას, თავის პერსპექტივას უყურებს რომელიმე პოლიტიკური პარტიის პერსპექტივაში, თუ აქედან რა ინდივიდუალური სარგებლის მიღება შეუძლია.  და ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომ იქმნება საზოგადოებაში პოლარიზება,“ - ამბობს ემზარ ჯგერენაია.

სოციოლოგიურ  ფაქტორს კი პოლიტოლოგები ქვეყანაში იდეოლოგიის არარსებობას ამატებენ და ფიქრობენ, რომ საერთო ჯამში ვიღებთ ასეთ ვითარებას.

პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, GIPA-ს პროფესორი, ბაკურ კვაშილავა, ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ  „პოლიტიკური კულტურის თავისებურება საქართველოში ისეთია, რომ ნებისმიერი პოლიტიკური პარტია ცდილობს, საკუთარი თავი წარმოაჩინოს ისე, როგორც საზოგადოების და ხალხის ნების ერთადერთი უპირობო და ერთიანი გამომხატველი. აქედან გამომდინარე, უკვე ძნელია პარტიებს შორის კომპრომისის არსებობა, ძნელია, ოპოზიციაში დაინახო, ვთქვათ, მოსახლეობის სხვა სეგმენტის, სხვა ფენის, სხვა ლეგიტიმური შეხედულების წარმომდგენი იმიტომ, რომ პრეტენზია გაქვს იმაზე, რომ წარმოადგენ მთელ ერს“.

მთავარ პრობლემას კი იმაში ხედავს, რომ ეს მხოლოდ ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ძალის პრობლემა არ არის,  ამაზე თანხმდება ყველა მოთამაშე, რადგან საზოგადოებისთვის სათქმელი არაფერი აქვთ.

„ჩვენს საარჩევნო კამპანიებსაც რომ გადავხედოთ, პარტიები, რომლებიც საკუთარი გამოკითხვებით ფლობდნენ ინფორმაციას, რომ ვერ მიიღებდნენ შემდეგ არჩევნებში  7-8%-ზე მეტს, ყოველთვის ჰპირდებოდნენ ამომრჩევლებს უმრავლესობით მოსვლას და სახელმწიფოს მართვას იმიტომ, რომ მიაჩნდათ, ეს იყო ერთადერთი, ასე ვთქვათ, გზავნილი, რომელიც საშუალებას მისცემდა, მიეღოთ ის 7% მაინც იმიტომ,  რომ, მათი აზრით, საზოგადოება არ მიიღებს ისეთ პარტიას, ისეთ ორგანიზაციას, რომელიც აღიარებს იმას, რომ მისი მხოლოდ ერთი კონკრეტული სეგმენტის წარმომადგენელია და შესაძლოა, იყოს სხვა ძალაც, რომელიც უფრო მეტ ხმას მიიღებს. შესაბამისად, ეს იწვევს იმას, რომ  მეორე მხარე ყოველთვის ცდილობს, დაუკავშიროს მოწინააღდეგე ქვეყნის მტერს, შიდას ან გარეს და ამ ფორმით მოახერხოს მაქსიალურად ხმების  მიღება,“ - ამბობს ბაკურ კვაშილავა.

აქედან გამომდინარე, ლოგიკურად ჩნდება კითხვა, თუ რატომ იღებს ამას საზოგადოება და რატომ აძლევს საშუალებას პოლიტიკურ ძალებს, რომ ვითარების რადიკალიზაცია მოახდინონ, რაზეც  ბაკურ კვაშილავა  გვპასუხობს, რომ  „როგორც ჩანს, თავად საზოგადოებაც სწორედ ასეთ ქცევას ელის“.

ანუ, მისი თქმით,  „საზოგადოება პოლიტიკური პარტიისგან ელის, რომ იყოს ქვეყნის გამაერთიანებელი, ერთიანი ფრონტით დაუპირისპირდეს სხვას. ის არ აღიარებს, რომ შესაძლოა, იყოს მნიშვნელოვანი განსხვავებები, ვთქვათ, დამქირავებელსა და დაქირავებულს შორის, რომ შესაძლოა, პენსიონერსა და ახალგაზრდას ჰქონდეს სხვადასხვა ლეგიტიმური ინტერესები და მიაჩნია, რომ ნამდვილად შესაძლებელია ამ სადღეგრძელოების მსგავსი დაპირებების თუ პროგრამების განხორციელება, სადაც პენსიონერებიც ბედნიერები არიან და ახალგაზრდებიც. ამიტომ ურჩევნიათ, რომ ვინაიდან ყველა სამოთხეს ჰპირდება, იმას დაუჯეროს, ვისაც, უბრალოდ, პიროვნულ დონეზე უფრო მეტად ენდობა“.

ამიტომაც ქვეყანაში არ არსებობს იდეოლოგია, რაზეც პარტიები იკამათაბედნენ და  საზოგადოება არჩევანს ამის მიხედვით გააკეთებდა.  მარტივი საშუალება კი ერთმანეთის მტრად გამოცხადებაა, რაც , მოკლედ რომ ვთქვათ, საზოგადოების ცხოვრების ყველა ასპექტში აისახება.

„ეს ძალიან ცუდია იმიტომ, რომ მიდის მოწინააღმდეგის განადგურებაზე. არ არსებობს დისკუსია იმაზე, რა არის უკეთესი ქვეყნის განვითარებისთვის და პრაქტიკულად დისკუსია იმაზეა, ვინ არის უფრო დიდი დამნაშავე. რაღაც ისეთ ციკლებს გავდივართ, ახალი ხელისუფლება რომ მოდის, მას მთლიანად უნდა , რომ გაანადგუროს წინას ნებისმიერი კვალი. ბოლოს ეს „ქართულმა ოცნება“ ვერ შეძლო, მაგრამ მისი მომხრეები უბრაზდებიან, „ნაციონალური მოძრაობა“ ბოლომდე რატომ არ გაანადგურეო და ა.შ. წრეზე ვტრიალებთ,  რაც, ცხადია, ქვეყნის განვითარებაზე აისახება ძალიან ცუდად,“  - ამბობს გია ნოდია.

ეს კი, პირველ რიგში, დემოკრატიზაციის პროცესს აზიანებს და როგორც პოლიტოლოგები მიუთითებენ, შესაძლოა, ამ გაჭიანურებული ტრანზიციის ერთ-ერთი ხელისშემწყობიც იყოს.

დემოკრატიის მთავარი პრინციპია, რომ გადაწყვეტილებისთვის აუცილებელია კონსესუსი და მათი აზრის გათვალისწინება, ვინც ხელისუფლებაში არ არის. იმ პირობებში კი, როდესაც მმართველი ძალა ყველა  დანარჩენს მტრად აცხადებს, წარმოუდგენელია, ეს კონსესუსი მიღწევადი იყოს და ეს  კარგად  გამოჩნდა  ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებისას, როდესაც მოქმედმა ხელისუფლებამ ფორმალურადაც კი ერთპარტიული გადაწყვეტილება მიიღო.

მეორე საკითხია მედიის  და სამოქალაქო საზოგადოების მდგომარეობა და ვხედავთ, რომ მედია პოლარიზებულია სახელისუფლებო და „მტრების“ მედიად და ხელისუფლება ზეწოლას ახდენს და მტრად მოიხსენიებს სამოქალაქო სექტორს. ეს კი, ცხადია, ამ ორი უმნიშვნელოვანესი სეგმენტის ფუნქციის შესრულებას უშლის ხელს, რაც ისევ დემოკრატიზაციის თვალსაზრისით საკმაოდ მნიშვნელოვანი პრობლემაა.

„ეს, რა თქმა უნდა, დემოკრატიას აზიანებს. როდესაც მეორე მხარე ავტომატურად აღქმულია, როგორც დესტრუქციული, როგორც ქვეყნის წინააღმდეგ ინტერესების გამტარებელი, თავისთავად ეს აზიანებს იმას, რომ დემოკრატია რჩება, ასე ვთქვათ, მონოპოლისტური ხასიათის. დემოკრატიას აბსტრაქტულად აღიარებს ყველა პოლიტიკური ძალა, როგორც მმართველობის საუკეთესო ფორმას, ოღონდ ამბობს, რომ ეს დემოკრატია კარგია ოპოზიციური ძალის გარეშე. ასეთი დემოკრატია კი არ არსებობს. ანუ, ხელს უშლის იმას, რომ დისკუსია, აზრთა დაპირისპირება იყოს ნორმალური, რეგულარული მოვლენა და ეს შეეხებოდეს არა იმას, თუ ვინ არის უფრო პატიოსანი , ვინ გამოიყურება უფრო უკეთესად, ვინ არის ქართველი ან არაქართველი, ვინ შეიძლება ჩავთვალოთ, რომ უფრო მეტად იყოს ნდობის ღირსი, ვიდრე ის, თუ რას სთავაზობს ესა თუ ის პარტია ამომრჩეველს. აქედან გამომდინარე, აქცენტი კეთდება უფრო პიროვნებებზე, კერძო შეთავაზებაზე, ნდობაზე, რომელიც კონკრეტული ადამიანიდან მოდის და არა ვთქვათ, პოლიტიკური პროგრამის რაციონალობაზე, რამდენად განხორციელდებადი შეთავაზება მიიღო მოსახლეობამ,“ - ამბობს ბაკურ კვაშილავა.

 აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ პრობლემაზე მიუთითებენ ზემოთნახსენებ კვლევებშიც, სადაც პოლარიზაცია დასახელებულია, როგორც „მნიშვნელოვანი დაბრკოლება  ქართული დემოკრატიის კონსოლიდაციისათვის“.

გამოსავლის პერსპექტივა

როდესაც ასეთ მნიშვნელოვან პრობლემაზე ვსაუბრობთ, ცხადია, მოგვარების გზების ძიებას  გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. თუმცა, როგორც ჩანს,  ეს  საკმაოდ რთული პრობლემაა. ანალიტიკოსების ნაწილი დღეის მდგომარეობით გამოსავალს ვერ ხედავს.

„ჯერჯერობით ამის რაიმე ბერკეტი არ ჩანს. საკმაოდ ღრმად არის გადგმული პოლიტიკურ კულტურაში. გამოსავალი არის ის, რომ რაღაცნაირად საზოგადოებას უფრო მეტი ნდობა უნდა გაუჩნდეს პოლიტიკური ელიტების მიმართ, მაგრამ, როდესაც ასეთი პოლარიზაცია და დაპირისპირებაა, მხოლოდ პოლიტიკურ უნდობლობას აღრმავებს და ისე გამოდის, რომ ეს უფრო თავის  თავს სულ უფრო ითრევს,“ - ამბობს გია ნოდია.

თუმცა, მისივე ნათქვამიდან ჩანს, რომ  პრობლემის მოგვარებისთვის საზოგადოებაში პოლიტიკური ელიტებისადმი ნდობის გაჩენაა. რაც შეეხება იმას, თუ ეს ნდობა როგორ უნდა გაჩნდეს, ბაკურ  კვაშილავა გრძელვადიან და შედარებით მოკლევადიან პერსპექტივებზე საუბრობს.

გრძელვადიან  პერსპექტივას ეკონომიკურ განვითარებაში ხედავს,  საშუალოვადიან პერსპექტივად კი დამოუკიდებელი  ფინანსური რესურსის  გაჩენას და პარტიების შიდა სტრუქტურების მოდერნიზაციას ასახელებს.

 „ერთი ფაქტი, რომლის განვითარება ამას აუცილებლად შეცვლის, არის ეკონომიკური განვითარება, მაგრამ მოგეხსენებათ, ეს ევოლუციური ხასიათის იქნება. როდესაც მოსახლეობის დიდი ნაწილი გახდება უკვე საშუალო ფენა და ბოლო გამოკვლევამ აჩვენა, რომ მოსახლეობის 75% დღეს საშუალო ფენას არ წარმოადგენს  და საშუალო ფენა გახდება კრიტიკული, ანუ 40-45% მაინც, მათთვის უფრო მეტი მნიშვნელობა, პიროვნულ ნდობასთან ერთად, უფრო მიენიჭება უკვე რაციონალურ გააზრებას პოლიტიკური პარტიების და პოლიტიკოსების მიერ წარმოდგენილი პროგრამების. მაგალითად, არავინ არ დაიჯერებს იმას, რომ გადასახადების კიდევ შემცირების პარალელურად მაინცდამაინც უნდა გაიზარდოს, ვთქვათ, სოციალური და ჯანდაცვის დანახარჯები და ეს შესაძლებელია. ასეთი რამის გაყიდვა მოსახლეობის იმ ნაწილზე, რომელიც, უბრალოდ, იმედს არ ებღაუჭება, არამედ კონკრეტულად ითვლის, ვთქვათ, რამდენად რაციონალურია ესა თუ ის შეთავაზება,“ - ამბობს ბაკურ კვაშილვა.

შედარებით მოკლევადიან პერსპექტივად კი ისეთი ფინანსური რესურსის გაჩენას  ასახელებს, რომლებიც ჩათვლიან შესაძლებლად, რომ ალტერნატიული პოლიტიკური პარტიები დააფინანსონ. ანუ, როდესაც არ იქნება ერთი კონცენტრირებული ფინანსური  ძალა, პლიუს ადმინისტრაციული რესურსი ახლანდელ სიტუაციაში, რომელიც კონკურენტებს  ძალიან ცუდ პოზიციაში  ამყოფებს.

და მეორე, მისი შეფასებით,  უდაოდ ხელშემწყობი ფაქტორი იქნება პარტიული დემოკრატიის გაძლიერება.

 „როდესაც პარტიები შეძლებენ, რომ  ჩვეულებრივ წევრებს მიანიჭონ რეალური  უფლებები, ვალდებულებებთან ერთად, მაშინ ეს პარტიები უფრო გახდებიან  მოსახლეობაზე დაყრდნობილი და შედარებით ნაკლები ფინანსური რესურსითაც მოახერხებენ, უფრო წარმატებულად იყვნენ  წარმოდგენილი ხელისუფლებაში. განსაკუთრებით ეს გაიოლდება 2024 წლიდან, როდესაც საქართველოში ამოქმედდება პროპორციული საარჩევნო სისტემა“.

როგორც ის განმარტავს,  თუკი ოპოზიცია ამ გზას აირჩევს, ტაქტიკა უნდა იყოს სწორად შერჩეული. ანუ, უფრო მეტი დაყრდნობა წევრებზე, ვინც  წევრობისთვის იხდის გადასახადს და ამავდროულად  მან უნდა იცოდეს, რომ ის გადაწყვეტს,  ვინ იქნება პარტიის მმართველ სტრუქტურაში.  პარტიის ხელმძღვანელობის რეგულარული არჩევნები  და გადარჩევები. თუმცა, მისი  შეფასებით,  ესაც რომ გაკეთდეს, პირველივე ციკლის დროს ამ  გზით გამარჯვების მიღწვა  შეუძლებელი იქნება.

„საჭიროა არჩევნების რამდენიმე ციკლზე დალოდება, თუკი არ გამოჩნდა ისეთი მოულოდნელი რამ, როგორიც არის, მაგალითად, დიდძალი ფული მეორე მხარეს. საქართველოში რეალურად პოლიტიკაში აქამდე თუკი რამეს ცვლიდა, ეს იყო მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსი, რომელიც ოპოზიციას გაუჩნდა. პარტიების უმრავლესობა დღეს უმეტესად კომფორმისტულია და ისევ ამაზე ამყარებს იმედს, მაგრამ, როგორც ვხედავთ, ეს მათი კონტროლის ქვეშ არ არის, ეს ფული გამოჩნდება  თუ არა, არავინ არ იცის და თუ გამოჩნდება, საიდან იქნება, ესეც ცალკე პრობლემას წარმოადგენს, რადგანაც ჩვენი ჩრდილოელი  მეზობელი ძალიან დაინტერესებულია, თუკი საშუალება მიეცემა, დიდი ფული ჩადოს ისეთ პარტიაში, რომელიც მისთვის უკეთეს პოლიტიკას გაატარებს. აქედან გამომდინარე, გამოსავალი აქაც შედარებით საშუალოვადიანია, შედეგები უშუალოდ იმავე წელს ან არჩევნების დროს ვერ დადგება და არც იმის გამოცხადება, რომ მე მესამე ძალა ვარ, მესამე ძალად არ გაქცევს,“ - ამბობს ბაკურ კვაშილავა.

რუსა მაჩაიძე