საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, პარლამენტის სხდომებზე საზედამხედველო ღონისძიებების განხილვა რისკის ქვეშ დააყენებს ქვეყნის საფინანსო სექტორის მდგრადობას. სადავო საკითხები სასამართლოში უნდა გადაწყდეს.
როგორც მან სესიაზე განაცხდა, საფინანსო სექტორი ეკონომიკის ის სექტორია, რომელიც ყველაზე მეტად საჭიროებს მშვიდ გარემოს. შესაბამისად, შექმნილი აჟიოტაჟი საფინანსო სექტორის განვითარებაზე დადებითად არ აისახება.
„საქართველოს კონსტიტუციის 68-ე მუხლის მიხედვით, ეროვნული ბანკი არის ქვეყნის მონეტარული პოლიტიკის წარმმართველი და ხელს უწყობს ფინანსური სექტორის სტაბილურ ფუნქციონირებას. შესაბამისად, ეროვნული ბანკის, როგორც მარეგულირებლის მიერ კონკრეტული ზედამხედველობას დაქვემდებარებული სუბიექტის (მათ შორის, კომერციული ბანკის) მიმართ გამოყენებული საზედამხედველო ზომების საჯარო განხილვა დარგის სპეციფიკიდან გამომდინარე, მიზანშეწონილი არ არის, რადგან ამით საფრთხე ექმნება საბანკო-საფინანსო სექტორის სტაბილურობას“, - განაცხადა გვენეტაძემ.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განმარტებით, პარლამენტის სხდომებზე კონსტიტუციით უზრუნველყოფილი დამოუკიდებელი მანდატის მქონე რეგულატორის მიერ განხორციელებული საზედამხედველო ღონისძიებების განხილვა, მით უფრო კონკრეტული საზედამხედველო ზომების გამოყენების თაობაზე, აყალიბებს საფრთხის შემცველ პრაქტიკას, რაც მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს საზედამხედველო ორგანოს დამოუკიდებლობას, გამოიწვევს საზედამხედველო ღონისძიებების შეუფერხებლად განხორციელების შეზღუდვას და, საბოლოო ჯამში, რისკის ქვეშ დააყენებს ქვეყნის საფინანსო სექტორის მდგრადობას. სადავო საკითხები სასამართლოში უნდა გადაწყდეს.