„2018 წელს წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევების შედეგად დაიღუპა 59 და დაშავდა 199 ადამიანი, რაც წინა წლის მონაცემებს მნიშვნელოვნად აღემატება”, - წერს სახალხო დამცველი 2018 წლის ანგარიშში, რომელიც პარლამენტს წარედგინა.
სახალხო დამცველის თქმით, „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებას დასაქმების ადგილებზე უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის კუთხით არსებული შემაშფოთებელი ვითარება არ გაუმჯობესებია, რაც მისი არსებითი ნაკლოვანებებით იყო განპირობებული. მართალია, კანონით რიგი მნიშვნელოვანი ვალდებულებები დაინერგა, თუმცა შესაბამისი რეგულაციების აღსრულება არ ყოფილა უზრუნველყოფილი ეფექტიანი ინსპექციის სისტემით - ზედამხედველობის ორგანოს არ ჰქონია მინიჭებული დასაქმების ადგილებზე უპირობო დაშვების მანდატი.
სახალხო დამცველი წინ გადადგმული ნაბიჯად მიიჩნევს 2019 წლის თებერვალში „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მიღებას, რომლის მიხედვითაც, 2019 წლის სექტემბრიდან შრომის უსაფრთხოების სტანდარტების მოქმედება ეკონომიკური საქმიანობის ყველა სფეროზე გავრცელდება. ამავე დროს, შრომის ინსპექტორებს მოეხსნებათ სამუშაო ადგილებზე დაშვების შეზღუდვები. ამგვარად, საქართველოს კანონმდებლობა კიდევ უფრო მეტად დაუახლოვდება საერთაშორისო სტანდარტებს, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყანაში შრომის უსაფრთხოების კუთხით არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებას.
სახალხო დამცველის თქმით, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტიდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით, 2018 წლის 1 იანვრიდან 2019 წლის 15 თებერვლამდე პერიოდში სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 213 ობიექტი შემოწმდა.