იძულებით დავტოვეთ ბანკი, მაგრამ ღირსებას და სამართალს არ დავთმობთ, - განაცხადა „თიბისი ბანკის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ საქართველოს პარლამენტში მას შემდეგ, რაც კომიტეტში დანიშნული მოსმენა არ შედგა.
დღევანდელი მსჯელობა სწორედ იმიტომ იყო მოწვეული, რომ გაგვეკეთებინა განმარტებები და დაწყნარებულიყო ეს სიტუაცია. მედიას, საზოგადოებას და დეპუტატებს უნდა გაერკვიათ, თუ რა მოხდა რეალურად. ჩვენ ვართ ორკესტრირებული შეტევის მსხვერპლი, იძულებითი ნაბიჯი გადავდგით, რომ დაგვეტოვებინა ბანკი, მაგრამ ჩვენს ღირსებას და სამართალს არ დავთმობთ“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ და აღნიშნა, რომ მათ მიიღეს მოწვევა როგორც უმცირესობის, ისე უმრავლესობის მხრიდან და პარლამენტში მივიდნენ.
„ეს რომ არ ყოფილიყო ერთობლივი მოწვევა, ჩვენ მოვერიდებოდით, რამეთუ ჩვენ არ ვართ პოლიტიკოსები, ჩვენ ვართ ბიზნესმენები და არანაირი პოლიტიკური აჟიოტაჟისთვიას არ გვჭირდება, არანაირი ტრიბუნა. ჩვენ მოვედით, რათა გვეთქვა სიმართლე, რომელიც სხვადასხვა დროს სხვადასხვანაირად გავაჟღერეთ განცხადებების სახით. სამწუხაროდ, ხდება ურცხვი ტირაჟირება, ე.წ. ბოტებით და ფეიკნიუსებით შემოტევა, ამიტომ ჩავთვალეთ, რომ პარლამენტი შეიძლებოდა ყოფილიყო ადგილი, სადაც ქართველ ხალხს და საზოგადოებას, დეპუტატებს მივაწვდიდით იმ ობიექტურ ინფორმაციას, რომელიც ჩვენს ხელთ არის და ამ ისტორიას ახლავს“, - განაცხადა ხაზარაძემ.
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა, სადაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტისთვის კითხვები უნდა დაესვათ, კითხვებისა და განცხადებების გარეშე დასრულდა. გადაწყვეტილება კომიტეტის დასრულების შესახებ, თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ მიიღო.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განაცხადა რომ რომ კომიტეტის სხდომაზე გაკეთებულმა განცხადებები შესაძლოა, ბიზნესსექტორი, „თიბისი ბანკი“ დააზარალოს. გვენეტაძის მოსაზრებას დაეთანხმა „ქართული ოცნება“.