98 წლის წინ, 25 თებერვალს, ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციიდან 98 წელი შესრულდა. 1921 წლის 25 თებერვალს რუსეთის არმიამ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაცია მოახდინა. გამოცხადდა საბჭოთა ხელისუფლება.
რუსეთის წითელი არმიის საქართველოში შემოჭრამდე, ბუნებრივია, არსებობდა მოლოდინი, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის შემდეგ, უკვე ჯერი დამოუკიდებელ და დემოკრატიულ საქართველოზეც მიდგებოდა. ქვეყანაში უკვე შეიმჩნეოდა ბოლშევიკური ძალების მობილიზება, შემდგომში ქვეყნის მთავრობის დამხობისა და ხელისუფლების ხელში ჩაგდების მიზნით.
იმდროინდელი ქართული პრესა აქტიურად აშუქებდა მიმდინარე მოვლენებს და მოუწოდებდა მოსახლეობას, არ წამოგებოდნენ ბოლშევიკების მიერ გადმოგდებულ ანკესებს.
გთავაზობთ, 1921 წლის 30 იანვარს გამოსულ ერთ-ერთ ქართულ გაზეთ "საქართველოში" დაბეჭდილ სტატიას - "უკვე ამუშავდნენ".
"ირკვევა თანდათან და ყოველივე ეჭვის შეუქმნელად, რომ ბოლშევიკების მიზანს საქართველოში მხოლოდ პოლიტიკური გადატრიალება კი არ შეადგენს: ბოლშევიკები ებრძვიან თვით იდეას საქართველოს დამოუკიდებლობისას, ისინი კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან საქართველოს, როგორც სუვერენულ პოლიტიკურ ერთეულს და ყოველივე საშუალებით ცდილობენ განმეორებით გააბატონონ ჩვენში ის ძალა, რომელმაც მეცხრამეტე საუკუნის მანძილზე სული ამოჰხადა ქართველ ერს და მის კულტურას. ბოლშევიკების ფრაზების ბრახუნი დღეს ვეღარავის შეიყვანს შეცდომაში: თვალსაჩინო მაგალითებით დამტკიცდა, რომ კომუნისტების მკვეხარა სიტყვებს მასსების განთავისუფლების სასარგებლოდ თან არა სდევს შესაფერისი მოქმედება, - პირიქით, ბოლშევიკების სახელმწიფოებრივ მეთოდებს არაფერი აქვთ საერთო მათ მედიდურ დეკლარაციებთან და ზოგიერთს შემთხვევაში კიდევაც გადააჭარბებს დიდმპყრობელ და იმპერიალისტურ სახელმწიფოთა მეთოდებს.
ქართველმა ხალხმა შეიტყო, რომ „კრავის ქურქში“ გამოხვეული „სათნოებისა და სიყვარულის“ მქადაგებელი ბოლშევიკი ძველი კარგად ნაცნობი „მგელია“, რომლის სული და გული ავზნიანობით არის გაჟღენთილი. და მართლაც, ვიკითხოთ, რას უპირებენ საქართველოს ეს ადამიანები? ნუ შევეხებით რუს ბოლშევიკებს, რომელნიც ველიკორუსულ ქუსლით ჩასრესას გვიპირებენ და რომელთა შემოსევის დღე იქნება ნამდვილი აღსასრული საქართველოს თავისუფლების! ჩვენ ვუკვირდებით ქართველ ბოლშევიკთა მოქმედებას და ვრწმუნდებით დღითი დღე, რომ მათი მუშაობა არის მოღალატური, მათაც ის ასულდგმულებს, რაც მათ დამქირავებელ „ხაზეინებს“, რომელთა სურვილებს ჩვენი ერის გამცემლები ასე გულმოდგინეთ ასრულებენ.
საქართველოს დამოუკიდებლობის საწინააღმდეგო მუშაობაში ქართველ ბოლშევიკებმა გადააჭარბეს ყველა თავის მასწავლებლებს. ამ „უძღებმა შვილებმა“ გადალახეს ზნეობის ყველა საზღვრები და ისეთის გააფთრებით ჩაებნენ საქართველოს მოძულეთა ფერხულში, ღმ ვეღარ გაგიგია, ვისთან გვაქვს საქმე: მოსყიდულ და მდაბალ აგენტებთან თუ დაავადებულ გონების ხალხთან!?
ბოლშევიკები დამხობას უპირებენ საქართველოს! მათ რიცხვში პირველ ადგილები უჭირავთ ქართველ ბოლშევიკებს. ეს მოვლენა უნდა აფიქრებდეს ქართველებს: საქართველოს ხალხის უზარმაზარი უმეტესობა მთელის ძალღონით და უკიდურესი საშუალებებით გზას უკაფავს თავის განთავისუფლებულ სამშობლოს მყუდრო მომავლისკენ! ქართველი ერის გაერთიანებული აზროვნება ერთსა და იმავე მცნებას ემსახურება, ერთი და იგივე სათაყვანებელი საგანი დგას მის წინაშე და ეს არის დაცვა და განმტკიცება დამოუკიდებლობისა... ამის წინააღმდეგ თავხედურად გამოდიან ერთი მუჭა დაბრმავებული ადამიანებისა და ლამობენ საქართველოს დიადი სვლის შეჩერბას! ბოლშევიკები ახალ ბორკილს უმზადებენ საქართველოს მშრომელ ხალხს, რომელმაც აღარ მოისურვა თავის კისრით ველიკორუსული უღლის ზიდვა! ბოლშევიკები კრიჭაში უდგანან მთელს საქართველოს და ცდილობენ თავის ავადმყოფური სურვილისამებრ შესცვალონ მისი სახელმწიფო-პოლიტიკური გეზი...ყველა ამეებს სჩადიან საქართველოს გამცემლები და ერთი გარემოება კი აღარ მიუღიათ ანგარიშში: მთელი ქართველი ხალხი აღშფოთებითა და უზომო ზიზღით ადევნებს თვალყურს მათს მოღალატურ მუშაობას!
არ დარჩენილა არცერთი კუთხე საქართველოისა, რომ იქ ბოლშევიკები არ გამოსულიყვნენ ამა თუ იმ სახით და ყველგან მათ წყევლა-კრულვა მიიღეს შეგნებულ ქართველობისგან. ამასვე „დაიმსახურებენ“ ის ბოლშევიკები, რომლებიც ეხლა ჩვენი უმნიშვნელოვანესი ფრონტის გვერდით, ბორჩალოს მაზრაში შეთქმულებებს აწყობენ საქართველოს დასამხობად. ესეც ჩაივლის!
უიმედოა ბოლშევიკების ცდანი: საქართველო იარსებებს დამოუკიდებლად, რადგანაც ამ დამოუკიდებლობის გუშაგად სდგას მთელი ქართველი ხალხი!"
გაზეთი „საქართველო“, N22, 1921 წლის 30 იანვარი (სტილი დაცულია)