საქართველოში ახალგაზრდა და გამოუცდელი ადამიანების დაწინაურების თითქმის თხუთმეტწლიანი პრაქტიკა არსებობს. 1995 წელს მრავალპარტიული და დემოკრატიული არჩევნების შედეგად მოსახლეობამ ნდობა ედუარდ შევარდნაძის პოლიტიკურ გაერთიანება `მოქალაქეთა კავშირს~ გამოუცხადა. პრეზიდენტის გუნდს ძირითად ორი კატეგორიის ადამიანები შეადგენდნენ _ ძველი თაობის კომუნისტები, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებთან ერთად და ახალი თაობის `მწვანეთა პარტიის~ წევრები. ძველი თაობის ასაკი 50 წელს ზემოთ იყო, ახლების _ 30-ს ქვემოთ.
ზურაბ ჟვანია, მიხეილ სააკაშვილი, ნინო ბურჯანაძე, მიხეილ მაჭავარიანი, გიორგი ბარამიძე, ზურაბ ნოღაიდელი, დავით ტყეშელაშვილი, გიორგი ყარყარაშვილი, ასევე, ლევან მამალაძე, კიდევ რამდენიმე ადამიანი, აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებაში მნიშვნელოვან თანამდებობს ხელმძღვანელობდნენ, 1995 წელს, როდესაც ისინი ხელისუფლებაში მოვიდნენ, მათი ასაკი 30 წელს არ აღემატებოდა. თანამდებობების დასახელება კი საკმაოდ შთამბეჭდავი და საპასუხისმგებლო იყო. მაგალითად: პარლამენტის სპიკერი, ფრაქციის ხელმძღვანელი, კომიტეტის თავმჯდომარე, უმრავლესობის ლიდერი, მინისტრი, გუბერნატორი და, `უბრალოდ~ დეპუტატი. ამ ადამიანების შრომითი საქმიანობა 30 წლამდე ასაკში იმ დროს დაიწყო, როდესაც საბჭოთა კავშირი ახალი დაშლილი იყო და ქვეყანას გონიერი მმართველები ყველაზე მეტად სჭირდებოდა.
მაშინ ადამიანების მცირე ნაწილის გარდა, არავის გაჰკვირვებია, რომ ახალგაზრდა თაობას, იმაზე მეტი უფლებები მისცეს, ვიდრე შესაძლებლობები ჰქონდა. პოლიტიკაში დიდმა უფლებებმა და მცირე შესაძლებლობებმა თავისი წილი კვალი ყველაფერს დაატყო, პირველ რიგში პროფესიონალიზმს. თუმცა, ამ ნიშნით არც ძველი თაობა გამოირჩეოდა.
საბჭოთა კავშირის დაშლიდან დღემდე, დამოუკიდებელ საქართველოს გარედან იმპერიები აკონტროლებდნენ. შიგნიდან კი - დისიდენტები და კომუნისტები; კრიმინალები და კომუნისტები; დემოკრატები და კომუნისტები; რეფორმატორები და კომუნისტები; რევოლუციონერები და კომუნისტები. მმართველის პოზიციაზე, ზოგჯერ უცხოეთში ნასწავლებიც ინიშნებიან, თუმცა არა კემბრიჯის და ოქსფორდის უნივერსიტეტებიდან.
ბევრი მიზეზის გამო, საქართველოში თანამდებობები პროფესიონალიზმის ნიშნით არ ნაწილდება. განაწილების ერთ-ერთი პრინციპი ზუსტად ისეთია, როგორიც პოსტკომუნისტური მენტალობის კლანურ სახელმწიფოში უნდა იყოს. და რადგან მენტალობისგან გათავისუფლებას დრო სჭირდება, და რადგან ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებსაც ეს უჭირთ, ქვეყანაში პროფესიონალებზე მოთხოვნა კიდევ დიდხანს არ გაჩნდება.
თუმცა, მიხეილ სააკაშვილს ამბიციური მიზნები აქვს და ამბობს, რომ მისი მმართველობის დროს, ასევე, შემდეგაც, საქართველო ისეთი უნდა იყოს, როგორიც არასდროს. მაგრამ, წარმატებები მხოლოდ პოროფესიონალებთან ერთად მიიღწევა. პრეზიდენტის გარემოცვას კი პროფესიონალებისგან არ შედგება. ამას ხშირი საკადრო ცვლილებები ადასტურებს. ნებისმიერ უწყებაში ახალი ხელმძღვანელის დანიშვნას ყველა რანგის მოხელის შეცვლა მხოლოდ იმ მიზეზით სდევს, რომ პრეზიდენტის რჩეულებს მხოლოდ საკუთარი კლანის წევრებთან მუშაობა უნდათ. მაგალითად: ერთ მინისტრს მეორე მინისტრთან ნამუშევარ მოადგილესთან, სამმართველოს ან დეპარტამენტის უფროსთან, მით უმეტეს პრესმდივანთან მუშაობა არ შეუძლია. ეს იმას ადასტურებს, რომ თანამდებობის პირებს, იმ საჯარო მოხელეებთან მუშაობა აშინებთ, რომლებიც მათ კლანს არ ეკუთვნიან. ასეთი ფაქტები იმის თქმის უფლებას იძლევა, რომ საქართველოს არაპროფესიონალები მართავენ. ისინი სახელწიფოებრივად ვერ აზროვნებენ და პასუხისმგებლობას ვერ აცნობიერებენ. სააკაშვილის ამბიციური მიზნები კი მხოლოდ PR ტექნოლოგიების ნიმუშებია, რომელთა საშუალებითაც პურის გარეშე დარჩენილ მოსახლეობას, მხოლოდ სანახაობით კვებავენ.
ეკა აბრამიშვილი