25 იანვარს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის (WCO) წევრ 182 საბაჟო ადმინისტრაციასთან ერთად, საბაჟოს საერთაშორისო დღე აღნიშნეს.
2019 წელს, საბაჟოს საერთაშორისო დღე სლოგანით - ‘’სწრაფი და მოქნილი საზღვრები შეუფერხებელი ვაჭრობის, მგზავრობისა და ტრანსპორტირებისთვის“ აღინიშნება.
საბაჟოს საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა გახსნა. სიტყვით გამოსვლისას, ფინანსთა მინისტრმა საქართველოს საბაჟოს საქმიანობა დადებითად შეაფასა და უწყების თანამშრომლებს გაწეული სამუშაოსთვის, მადლობა გადაუხადა.
საბაჟოს დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა შემოსავლების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ლაშქარაძემ. მან მებაჟე ოფიცრებს პროფესიული დღე მიულოცა და მათი საქმიანობის უმნიშვნელოვანეს როლზე ისაუბრა.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსმა მამუკა ჯანგულაშვილმა ღონისძიების სტუმრებს საბაჟო დეპარტამენტის მიერ 2018 წელს განხორციელებული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა და უწყებაში განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, თითოეული მებაჟე ოფიცრის ძალისხმევითაა შესაძლებელი კანონდარღვევის პრევენცია, დროული გამოვლენა და აღკვეთა.
ღონისძიებას საპატიო სტუმრის სტატუსით, აზერბაიჯანის საბაჟო ადმინისტრაციის დელეგაცია ესწრებოდა.
სამსახურებრივი მოვალეობის ღირსეულად შესრულების, მაღალი პროფესიონალიზმის, გაწეული შრომისა და თავდადებისათვის, მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის მიერ დაწესებული ღირსების მოწმობები გადაეცათ საბაჟო დეპარტამენტის 18 თანამშრომელს.
საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის განვითარებისა და სრულყოფის პროცესში აქტიური მონაწილეობისთვის სერტიფიკატი გადაეცა ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს დავით ლაშხიას. ღირსების სერტიფიკატით დაჯილდოვდა ასევე, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) წარმომადგენლობა საქართველოში.