თბილისის საკრებულოს სხდომაზე, საკრებულოს განათლების და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ თამარ ტალიაშვილმა ბაგა-ბაღების კვებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. მისი თქმით, ბაგა-ბაღებში კვების და ჰიგიენის მიმართულებით პოზიტიური ცვლილებებია და ამას გაეროს ბავშვთა ფონდის კვლევები ადასტურებს.
„ამ საკითხზე ჩემი განცხადების ობიექტური საფუძველი არ არსებობს, რომ არა ჩვენი ოპონენტების სუბიექტური არასწორი ხედვების გაჟღერება. კონკრეტულად მოგახსენებთ თბილისის საბავშვო ბაღებში კვების კონტროლის მექანიზმების თაობაზე. ჩვენი ბაღების აღსაზრდელების კვებას წლის განმავლობაში 4 სხვადასხვა სამსახური ამოწმებს, ესენია: თბილისის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახური, თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო, სურსათის ეროვნული სააგენტო, სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო,“- განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, შემოწმება-კონტროლი ყოველდღიურად მიმდინარეობს. გასულ წელს, მათ შორის დეკემბერშიც, რაზეც საუბრობენ ოპონენტები, არცერთ შემთხვევაში, დარღვევა არ აღმოჩენილა ვარგისიანობისა და უვნებლობის კუთხით.
„დეკემბრის ამ შემოწმებამ აღმოაჩინა სატენდერო პირობებით გათვალისწინებული რძის ფხვნილის შემცველობის, ცხიმიანობის 0,2%-დან 1-%-მდე ცდომილება. ეს ერთჯერადი მცირედი აცდენაც კი სატენდერო პირობებიდან გავხადეთ მიმწოდებლის დაჯარიმების საფუძველი. მინდა საზოგადოებას და ჩვენი 61 500 აღსაზრდელის ოჯახს ვუთხრა, რომ ასეთი მკაცრი კონტროლი და მიდგომა განპირობებულია იმით, რომ ჩვენი აღსაზრდელების ჯანსაღი ზრდა-განვითარება არის ჩვენი განსაკუთრებული პრიორიტეტი,“- განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.
საკრებულოს განათლების და კულტურის კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, ხელისუფლება გააგრძელებს ყველა სხვა ტიპის საჭირო შემოწმებას, კონტროლსა და მონიტორინგს.