თბილისის საკრებულოს სხდომაზე, დედაქალაქის ბიუჯეტთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ გამოთქმულ შენიშვნებს რიმა ბერაძემ უპასუხა. მისი თქმით, დღეს ბიუჯეტი კიდევ გაიზარდა, რაც ძალიან სასიხარულოა. რიმა ბერაძის თქმით, გაზრდილი ბიუჯეტი მიზნობრივად იქნება გახარჯული და დედაქალაქის მასშტაბით ძალიან ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება.
„10 მილიონიანი ტრანსფერი იმ მნიშვნელოვანი ქუჩების ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას მოხმარდება, რომელიც ჩვენი დედაქალაქისთვის მნიშვნელოვანია. ალბათ, უახლოეს პერიოდში კიდევ ბევრი სხვა მნიშვნელოვანი ტრანსფერი განხორციელდება და უკვე სხვა მუხლებში გადანაწილდება. მაგალითად: ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის პროგრამის განვითარებას, დაზარალებული სახლების რეაბილიტაციას და სხვა მნიშვნელოვან პროექტებს“ - განაცხადა რიმა ბერაძემ.
რაც შეეხება იმას, თუ როგორ დაიგეგმა შემოსავლები, კონკრეტულად ჯარიმებიდან შემოსული თანხა, რიმა ბერაძემ განმარტა, რომ 2019 წელი გასული წლის მაჩვენებლის შესაბამისად დაიგეგმა. მისივე თქმით, ეს არ არის გასაკვირი, რადგან ბიუჯეტი სწორედ ასე იგეგმება.
რიმა ბერაძემ სხდომაზე პედაგოგებისთვის ხელფასების ზრდის საკითხზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საკრებულოში არ არსებობს ადამიანი, ვინც არ ინტერესდება, ან არ ზრუნავს ამ საკითხებზე. მისივე თქმით, მასწავლებლებისთვის სოციალური პირობების გასაუმჯობესებლად დედაქალაქის ხელმძღვანელობა ყველაფერს აკეთებს, რათა თბილისის საკრებულოს დეპუტატების მიერ წინასაარჩევნოდ გაცემული დაპირებები ეტაპობრივად შესრულდეს.