ელდარ შენგელაიას დღეს 86 წელი შეუსრულდა. ცნობილი ქართველი კინორეჟისორი ელდარ შენგელაია 1933 წლის 26 იანვარს დაიბადა. კინორეჟისორის უმაღლესი განათლება მიიღო კინემატოგრაფიის საკავშირო სახელმწიფო ინსტიტუტში, მოსკოვში. 1957—59 წლებში მუშაობდა კინოსტუდია „მოსფილმში“. 1960 წლიდან გადავიდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში“. თავისი სადებიუტო ფილმი მან გადაიღო თამაზ მელიავასთან ერთად 1963 წელს. „თეთრი ქარავანი” მწყემსთა ცხოვრების სირთულეს აღწერს. შენგელაიას შემდეგი ნამუშევარი იყო დავით კლდიაშვილის მოთხრობის „მიქელას“ ეკრანიზაცია (1964 წ.) მოგვიანებით, 1977 წელს ის კვლავ დაუბრუნდა კლდიაშვილის შემოქმედებას და გადაიღო „სამანიშვილის დედინაცვლი“ (1977 წ.) შენგელაიამ სახელი გაითქვა დრამატურგ რეზო გაბრიაძესთან თანამშრომლობით. მათ ერთობლივად შექმნეს კომედიური ფილმები „არაჩვეულებრივი გამოფენა“ (1968 წ.) და „შერეკილები“ (1973 წ.)