ავღანეთში ნარკოწარმოების მნიშვნელოვანმა შემცირებამ რეგიონის ბაზრის კონიუქტურაში გარკვეული ცვილებები შეიტანა.
ანალიტიკოსები შიშობენ, რომ ნარკოტიკების მოთხოვნილების დაკმაყოფილებაში შექმნილი დეფიციტი ყირგიზეთში და ტაჯიკეთში მისი წარმოების ზრდას გამოიწვევს.
თუმცა არსებული მონაცემების მიხედვით, ამჟამად არსებული "მწვანე ნარგავები", რომლითაც ნარკოტიკული საშუალებები მიიღება რული ათვისების პირობებში საკმარისია რათა ბაზარი 10 წლით იყოს უზრუნველყოფილი.
ბოლო პერიოდში ყირგიზეთში ხელისუფლება და უცხოური მედია განსაკუთრევბულ ყურადღებას ამახვილებს ქვეყენაში ნარკოწარმოებისა თემაზე. აღინიშნება, რომ ყირგიზეთში გეოპოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე ავღანეთის ნარკოტრეფიკის გავლენა საკმაოდ ნეგატიურად აისახება.
ექსპერტები აცხადებენ, რომ ბოლო წლების განმავლობაში ნარკოექსპანსია სულ უფრო აგრესიული ხდება და განსაკუთრებულ საფრთხეს გენოფონდს უქმნის. პარალელურად წარმოშობს ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ დანაშაულებებს, ტერორიზმს, ექსტრემიზმს, არნახულ ნარკოკორუფციას, რაც ქვეყნის ნაციონალურ უსაფრთხოებას ემუქრება.
სპეციალისტების განმარტებით, აღნიშნულ მდგომარეობას ხელი შეუწყო იმ ფაქტმაც, რომ 2008 წელს ყირგიზეთმა გააუქმა ნარკობიზნესთან მებრძოლი განყოფილება, ხოლო 2009 წელს ნარკოტიკების კონტროლის რესპუბლიკური სააგენტო.
აღნიშნულიდან გამომდინარე ქვეყანაში ნარკოდანაშაულთან ბრძოლა 50 პროცენტით არის შემცირებული.
არაერთი მედიასაშუალება, ანალიტიკოსი თუ ექსპერტი, საერთაშორისო ორგანიზაცია აცხადებს, რომ ყირგიზეთს ნარკობარონები მართავენ, ხოლო ქვეყანა ფაქტობრივად ნარკოსახელმწიფოდ იქცა. ძალოვანი სტრუქტურები არათუ არ იბრძვიან და მფარველობენ ნარკოტრანზიტს ქვეყანაში, არამედ მისგან საკმაოდ მნიშვნელოვან დივიდენდებს იღებენ. თავად გადააქვთ ნარკოტიკები. ქვეყანაში გაჩნდა ცნება _ "წითელი ჰეროინი", რაც ნიშნავს, რომ "ტვირთი" ძალოვან სტრუქტურებს ეკუთვნის.
უნდა აღინიშნოს, რომ ბიშკეკში, ოშში და ჯალალაბადში ნარკოტიკები ე.წ. დემპინგურ ფასებად იყიდება, საიდანაც მისი ტრანსპორტირება ხდება ყაზახეთსა და რუსეთში.
ამ პირობებში ქვეყნის ახალი ხელისუფლება ცდილობს წინ აღუდგეს არსებულ ქაოსს. 17 აგვისტოს გამოიცა პრეზიდენტის ბრძანებულება, რომელმაც უნდა უზრუნველყოს საერთაშორისო ნარკოტრაფიკის წინააღმდეგ ბრძოლა. ქვეყანაში იქმნება ნარკოტიკების კონტროლის სახელმწიფო სამსახური. იმის მიუხედავად რომ ქვეყანაში უმძიმესი ეკონომიკური მდგომარეობაა შექმნილი, ახალი ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ამ ღონისძიებების გარეშე შესაძლოა სახელმწიფო კატასტროფის ზღვარზე აღმოჩნდეს.
თუმცა ისიც გასაგებია, რომ ის სტრუქტურები თუ კარტელები, რომელთათვისაც "წითელი ჰერიონი" შემოსავლისა და ძალაუფლების წყაროდ იქცა პოზიციების დათმობას ადვილად ვერ შეეგუებიან. შესაბამისად ქვეყენას ძალიან მნიშვნელოვანი არჩევანის გაკეთება მოუწევს ნარკოსახელწიფოდ ფორმირებასა და დემოკრატიულ განვითარებას შორის.