„გაერთიანებული ოპოზიციის“ ერთ-ერთმა „სახემ“, ლიდერმა და „კოლორიტმა“, მურმან დუმბაძემ, 2 დეკემბერს გამოსვლისას, ოპოზიციურ თავყრილობას „მინი მიტინგი“ უწოდა. საეჭვოა ამ გაერთიანების სხვა ლიდერებს ეს მოსწონებოდათ ან ასეც ჰქონოდათ ჩაფიქრებული. უბრალოდ, როგორც ხშირად ხდება ხოლმე, ამგვარი გნიასისა და უშველებელი დაქადნების შემდეგ, პირველ ყოვლისა ხალხის რაოდენობა ითვლება.
ასევე „როგორც მუდამ“, სოციალურ ქსელში გააფთრებული კამათი დაიწყო „რაოდენობაზე“. არადა, გაუგებარია რა არის აქ საკამათო: არსებობს მრავალ ქვეყანაში აპრობირებული მეთოდი: რუსთაველის გამზირი, „პირველი სკოლიდან“ - “მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლემდე“ დაახლოებით 6 000კვ მეტრია. მეცნიერული გათვლით, „ჭყლეტაა“ 1 კვმ. მეტრზე 4 ადამიანი, „შემჭიდროვება“ – 3 ადამიანი და სიხალვათე - 2 ადამიანი. ეს არის და ეს. ამ მარტივი მეთოდით სულაც არაა რთული გამოსათვლელი რამდენი ადამიანი ესწრებოდა მიტინგს, რომელიც, წესით „რევოლუციის აღმძრავად“ უნდა ქცეულიყო, როგორც 2003 წლის 10-12 ნოემბრის მიტინგები იმავე ადგილას.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ოღონდ მთავარი, სინამდვილეში, ის კი არ არის, „რამდენი ხალხი მოვიდა“, ან „ცოტა მოვიდა თუ ბევრი. მთავარი და არსებითია, რა კატეგორია მოვიდა ამ მიტინგზე. საბედნიეროდ, არსებობს კადრები და შევადაროთ ამ თვალსაზრისით ეს მიტინგი, იმავე 2003 წლის ნოემბრის „წინასწარ“ მიტინგებს, ანუ 2 ნოემბრიდან - 21 ნოემბრამდე გამართულს. ბევრად მეტი ხალხი სულაც არ იყო, მაგრამ თვალშისაცემია და შეუძლებელია ვერ შენიშნო, რომ იმ მიტინგებზე იგრძნობოდა დაძაბულობა, რევოლუციური მუხტი, „ლიდერშიპი“, „დრაივი“ და სადმე „შევარდნისთვის“ მზადყოფნა.
ძალიან დიდი ნაწილი ახალგაზრდობა იყო!
არაფერი მსგავსი 2 დეკემბერის მიტინგს არ ეტყობოდა და მონაწილეთა საშუალო ასაკიც ბევრად აღემატებოდა „რევოლუციურს“. სინამდვილეში, 2 დეკემბერს მიტინგზე მოვიდა ხალხი, ვინც პატიოსნად, გულწრფელად ხმა მისცა ოპოზიციას და ახლა გააპროტესტა ის, რომ მათი რჩეული პრეზიდენტი ვერ გახდა.
მეტი არაფრის და ვერაფრის მქნელი ეს ხალხი არ არის. საერთოდაც არ დადის (ხოლმე) მიტინგებზე და ტელევიზორის წინ „მოქალაქედ ჯდომა“ უფრო ეხერხება. ამიტომაც, 800 000 ამომრჩევლიდან 15 ათასი თუ მოგროვდა. ესეც მაქსიმუმ.
ხოლო 15 წლის წინ რუსთაველზე გამოვიდა, დიდწილად სულ სხვა კატეგორია: ვისაც ჭირის დღესავით სძულდა შევარდნაძე, სძულდა არსებული წყობა, მაგრამ მზად იყო არა მხოლოდ და არა იმდენად არჩევნებში მიეღო მონაწილეობა, არამედ ამის მერე „ემოქმედა“ქუჩაში.
აი ეს კატეგორია 2 დეკემბრის მიტინგზე არ მოვიდა. რატომ? განა არ არსებობს? როგორ არ არსებობს: იმ 800 000 ოპოზიციონერი ამომრჩევლიდან 100 000 მაინც ხომ იქნება „გამკეთებელი“ და „შემვარდნი“? თუმცა ეს კატეგორია სახლში დარჩა, რადგან მისი მენტალობა გამორიცხავს ფუჭად მიტინგებზე „ხეტიალს“.
მიტინგზე იგი მხოლოდ მაშინ მიდის, როცა უცდომელი გუმანით გრძნობს: დგება „შევარდნის“, „გადატრიალების“. რევოლუციის სიტუაცია და არსებობს რეალური შანსი ამგვარი სადმე „შევარდნისა“ (როგორც 2003 წლის 22 ნოემბერს „შევარდნენ“ ვარდებით ხელში) ანუ....... „ჩქეფდეს ცხოვრება და ქუხდნენ ზეცანი“.
ამ ყაიდის ადამიანებმა იმავე უცდომელი გუმანით იგრძნეს, რომ ოპოზიციური ლიდერები არანაირ „რევოლუციას“, სინამდვილეში, არ გეგმავდნენ ხოლო რადიკალური განცხადებები მიტინგზე ხალხის „გამოტყუების“ ტექნოლოგია იყო. საჯაროდ აღიარეს კიდეც თავად: თუ რადიკალურნი არ ვიქნებით განცხადებებში (მაინც), მაშინ ხალხი არ მოვაო.
ნურას უკაცრავად, ხსენებულ„ ხალხს“ ასე იოლად ვერ მოატყუებ: ის გრძნობს, როდის იქმნება ქვეყანაში ნამდვილად რევოლუციური ატმოსფერო და როდის არის (მართლა) შანსი „ქუჩიდან“ ხელისუფლების შეცვლისა. 2003 წელს მიშაც მიმართავდა ამ ტექნოლოგიას, თუმცა, როგორც აღმოჩნდა და დადასტურდა, იგი არავის ატყუებდა: ნამდვილად ქმნიდა რევოლუციურ სიტუაციას და განახორციელა კიდეც.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
„თხუთმეტწლიანი პარალელები“ და ორი თითქოს გარეგნულად მსგავსი ვითარების შედარება გვაძლევს საშუალებას დავინახოთ ძირეული სხვაობები: „არჩევნების გაყალბების“ ან „მოპარული არჩევანის“ ნარატივი საკმარისი არ არის. რაც არ უნდა ჩაიწეროს საერთაშორისო დამკვირვებლების დასკვნაში.
რეალურად, „ხავერდოვანი რევოლუციის ბუკეტი“ რამდენიმე ყოვლად აუცილებელი შემდგენელს მოითხოვს რაც იყო 2003 წელს და არ არის 2018 წელს:
1) ხელისუფლების ტოტალური, კატასტროფული არაპოპულარობა და, განსაკუთრებით, მისი აღქმა, როგორც „უკვე წარმავალისა“: 2003 წელს ორივე არსებობდა. თანაც „წარმავალობის“ აღქმა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იყო, რადგან გასაცოდავებულ, „გადარდუბალებულ“, მოხუც „უძლურ ავტორიტარ“ შევარდნაძეს ბიუროკრატია, განსაკუთრებით საშუალო და დაბალ დონეზე, უკვე აღიქვამდა, როგორც „დროებითს“..... ამიტომ მუდამ მზად იყო გადამხტარიყო ჩასაძირად განწირული გემიდან.
დღეს ასე არ არის: არც ბიძინა, მით უმეტეს არც ის ახალგაზრდები, ვისაც მან საკვანძო პოსტები ჩააბარა, არ აღიქმებიან „უკვე წარმავალად“ ბიუროკრატის თვალში და ყურში. ბიუროკრატია ყურადღებით აკვირდება მოვლენებს, ასევე პროცესებს და ამგვარი რამ არ ეშლება: ბიძინას მილიარდები, რომელიც არა საქართველოში, არამედ დასავლეთში ინახება, აღქმის გამაძლიერებელია.
და, ბოლოს და ბოლოს, შევარდნაძისგან განსხვავებით, ვისაც 2002-2003 წელს უკვე ფაქტიურად აღარაფერი ჰქონდა „სათქმელი“, ბიძინას „სათქმელიც“ აქვს მომხრეთათვის: იგივე ჯანდაცვის პროგრამა, რუსეთთან დაძაბულობის შერბილება, „უვიზო რეჟიმი“ და ზოგიერთი სხვაც
2) ძლიერი ოპოზიციური ლიდერი - რევოლუციის ყოვლად აუცილებელი პირობა!
ისეთი ლიდერი, ვისთანაც კრიტიკა „იმსხვრევა“ და არადამაჯერებელი ხდება. თანაც „ახალი“ ყოველმხრივ - არა მხოლოდ ასაკით.
ოღონდ „ადგილზე“ მყოფი და არა ისეთი, შორეული ქვეყნიდან მართავდეს პროცესებს. „აიათოლლა ჰომეინის“ ფენომენი ქართული მენტალობისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. გარდა ამისა, ბოლოს და ბოლოს, მიშა სააკაშვილი რელიგიური და სულიერი ლიდერი არ არის.
3) ძალიან მნიშვნელოვანი პირობა: ალტერნატიული „პროექტის“ არსებობა. სწორედ ალტერნატიულის, ოღონდ ახლის, რაც მანამდე არ ყოფილა!
2003 წელს, მიშამ უდიდესი ნიჭით და ფანატიკური მხარდამჭერებით შეძლო ამგვარ ცვლილებათა მოლოდინის შექმნა. და გარკვეულწილად გაამართლა კიდეც, რაკი დაიწყო და განახორციელა „მოდერნიზაციული პროექტი“.
მაშინ მოთხოვნა კარდინალურ ცვლილებებზე იმდენად დიდი იყო, იმდენად გაიჟღინთა ამით ატმოსფერო, რომ ვეღარაფერი შეაჩერებდა. დღეს „მოდერნიზაციული“ პროექტი „ახალი“ აღარ არის და ვერც იქნება, რადგან „ეს უკვე იყო“. თანაც, ხალხმა 2003 წლის მერე ისწავლა ჭკუა და ახსოვს, რომ „ცვლილება-განახლების“ პროცესებს მოჰყვა დაძაბულობა, არეულობა, დაპირისპირება, გაუთავებელი ბრალდებები, ბოლოს საზარელი ომი და სისხლისღვრა.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
გასულ საპრეზიდენტო არჩევნებზე მოქალაქეთა უმრავლესობამ, ვისაც შესაძლოა სულ არ ეპიტნავება ბიძინა მისი კამარილიით, ხმა მაინც მისცა „ძველს“, ნაცვლად “ყოფილისა“.
არადა, რევოლუციური ატმოსფეროსთვისაც იგივე პირობაა აუცილებელი: ხელისუფლების რევოლუციური გზით შესაცვლელად, მისი ალტერნატივა არ უნდა აღიქმებოდეს „ყოფილად“.
პრობლემაც ისაა, რომ მიხეილ სააკაშვილი დღეს ერთადერთი ქართველი პოლიტიკოსია, ვისაც აქვს რევოლუციური ქარიზმა. ამასთან, შესაბამისი ძალა და ნიჭი. მაგრამ იგი „უკვე ყოფილად“ აღიქმება. სხვა კი არ ჩანს, ხოლო არჩევნებით ბიძინას დამარცხება ძალზე საეჭვოა არა მხოლოდ 2020 არამედ 2044 წელსაც.
როგორც ჩანს, სწორედ ეს ხდება ქართული პოლიტიკის უმთავრესი დილემა უახლოესი ათწლეულების განმავლობაში.
თუ რაიმე კატაკლიზმს (მაგალითად ახალ ომს და ა.შ) გამოვრიცხავთ, მაშინ, ყოველ მომდევნო არჩევნებზეც განმეორდება იგივე, რაც წელს მოხდა: ჯერ საარჩევნო დაძაბულობა, საზოგადოების პოლარიზება, ოპოზიციის რეალური შანსი, მიშას გააქტიურება, ამით ობივატელის შეშინება, ბოლოს ბიძინას მილიარდები, უიმედო საბანკო კრედიტების მორიგი გამოსყიდვა (სინამდვილეში სულ 30-40 მილიონი დოლარი დაუჯდა) „ქართული ოცნების“ გამარჯვება არჩევნებში, „ადგილობრივ ოპოზიციურ ლიდერთა“ უღონო, უმწეო პროტესტი, მათ მიერ მიშას დაგმობა „მეტისმეტი რადიკალიზმისათვის“, რაც (თურმე) „დესტაბილიზაციას აპროვიცირებს“ . . . . . . . . . შესაბამისად, ხალვათი, უღონო, არაპასსიონარული მიტინგი რუსთაველზე - ე.წ „მთავრობის სახლის“ წინ
ეს, როგორც ჩანს, უახლოესი 20-30 წლის სცენარია, რადგან მიშაც ახალგაზრდაა და ბიძინაც არ არის მთლად გადაღჯუებული მოხუცი.
იოგას მისდევს.