მეორე ტური „მრისხანედ გვიახლოვდება“. ცხადია, რომ ყველანაირი დემაგოგია ამა თუ იმ კანდიდატის რაიმე უპირატესობაზე ან „გამარჯვების განაღდებაზე“ ელემენტარული ცრუპენტელობაა. არავის არანაირი „გარანტია“ არა აქვს და თვით ყველაზე ავტორიტეტულმა კვლევითმა ორგანიზაციამ Edison Research არ იცის, რა მოხდება მეორე ტურში. მისი კვლევა 2-3%-იან ცდომილებას მუდამ გულისხმობს. ანუ 52-48% ვაშაძის (ისევე, როგორც ზურაბიშვილის) სასარგებლოდ, არაფერს გვეუბნება ხსენებული „ცდომილების“ ფარგლებში. სხვა საკითხია, რომ „დაინტერესებული მედია“ ამ ცდომილების ხან „ზედა ზღვარს“ აქვეყნებს მისი მხარდაჭერილი კანდიდატის მხარეს, ხან „ქვედას“. მაგრამ ეს თამაშის წესია და არანაირი დარღვევა ან ტყუილი არ არის.
ცრუპენტელობა (ვიმეორებ) ისაა, როდესაც გვეუბნებიან, თითქოს „უკვე გადაწყვეტილია“, „ის ნამდვილად ვერ იგებს“ ან პირიქით, „ის ნამდვილად იგებს“ და ასე შემდეგ. სინამდვილეში, მართლა „კაციშვილმა არ იცის“ რა მოხდება მეორე ტურში. ანუ, ის შემთხვევაა, როცა ერთმა სატელევიზიო სიუჟეტმა, ერთმა მიტინგმა, ერთმა განცხადებამ, ერთმა კლიპმა შეიძლება გადაწყვიტოს ამ ხანგრძლივი საარჩევნო მარათონის ბედი.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
მაგრამ არის საკითხები, რომელზეც უკვე შეიძლება ვიმსჯელოთ სრული დარწმუნებით. მაგალითად, სწორედაც სრული დარწმუნებით შეიძლება ითქვას: როგორც არ უნდა დასრულდეს ეს არჩევნები და რომც მოიგოს სალომე ზურაბიშვილმა და/ან რომც არ მოხდეს ამის შემდეგ „ვარდების რევოლუცია-2“ (რისი ალბათობა არსებობს, თუმცა არც ისე დიდი, როგორც 2003 წლის ნოემბერში როცა ხელისუფლება უკვე სრულიად „გადარდუბალებული“ იყო), პოლიტიკური თვალსაზრისით ეს არჩევნები ბიძინა ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“ უკვე წააგო!
წააგო იმ კატასტროფული შეცდომის „წყალობით“, რომ ჯერ საერთოდ უარი თქვა პარტიული კანდიდატის წარდგენაზე მაშინ, როცა მაგალითად დავით სერგიენკო მხოლოდ „ჰეპატიტის პროგრამის“ გაფიარებით პირველივე ტურში მოიგებდა და მეორეც, ეს შეცდომა საერთოდ „უფსკრულში ჩეხვად“ აქცია, როცა დაასახელა ასეთი კონფლიქტოგენური, ელექტორალური თვალსაზრისით აბსოლუტურად უგერგილო, მთლიანობაში ძალიან სუსტი კანდიდატი, შემდეგ მას ჯერ „სანახევროდ დაუჭირა“ მხარი, მაგრამ მერე და მერე ლამის სამკვდრო-სასიცოცხლო თემად აქცია.
ოღონდ ესეც კი არაა მთავარი და „ოცნებისთვის“ საბედისწერო. ყველაზე მნიშვნელოვანი მარცხი ისაა, რომ თუ ამ ყოველივეს შემდეგ, სალომე ზურაბიშვილი მაინც გაიმარჯვებს 2-3%, თუნდაც 5 ან 10 პროცენტით, საქართველოს მოქმედი ხელისუფლების „იმიჯი“ სერიოზულად შერყეულია ევროპაში, რომელსაც ამ ქვეყანამ თავისი ბედისწერა დაუკავშირა.
საქართველო ევროკავშირთან „ასოცირებული“ სახელმწიფოა, მაგრამ ევროასოცირება არ გულისხმობს პირველ რიგში ვაჭრობას: ჩვენთან ვაჭრობით ევროკავშირს ბევრი არც არაფერი მოემატება. მთავარი სწორედ ევროპული ღირებულებების, უპირველესად დემოკრატიის ერთგულებაა. ხოლო დემოკრატია კატეგორიულად გამორიცხავს ერთპარტიულობას, ესე იგი კატეგორიულად გამორიცხავს სიტუაციას, როცა ერთი პარტია აკონტროლებს პარლამენტს, პრეზიდენტის პოსტს, მუნიციპალიტეტებს, სოფლის საკრებულოებს და ა.შ და ა.შ.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ამ კუთხით, დავაკვირდეთ ევროპელი დამკვირვებლების, მათ შორის გლობალური არასამთავრობო ორგანიზაციების „ქართული ფილიალთა“ პოზიციებს: ბევრს აღიზიანებს, როცა ისინი სკურპულოზურად აპროტესტებენ „სახელისუფლებო დარღვევებს“ არჩევნებზე, მაგრამ ხშირ შემთხვევაში საერთოდ „ვერ ამჩნევენ“ ან ყრუდ რეაგირებენ საარჩევნო ნორმათა დარღვევებზე „მეორე მხრიდან“.
რატომ? იმიტომ, რომ ევროპისთვის „ერთპარტიულობა“ აპრიორი მიუღებელია. იმ შემთხვევაშიც კი, თუ მმართველი პარტია სრულიად პატიოსნად, ყოველგვარი ადმინისტრაციული რესურსის და გაყალბების გარეშე იღებს „საკონტროლო პაკეტს“ ხელისუფლებაზე, ეს დასავლეთისთვის ამაზრზენია, მოუთმენელია, რადგან „დემოკრატიული არჩევნებით მიღწეული ერთპარტიულობა“ ევროპელისთვის ისეთივე აბსურდულ „ოქსიუმორონად“ ჟღერს, როგორც.......„ხის რკინა“.
ევროპული მენტალობა გამორიცხავს ერთპარტიულობას და გამორიცხავს „დემოკრატიულ არჩევნებად“ ისეთი შედეგის „ადდებას“, რაც უზრუნველყოფს ერთი პარტიის, ერთი რომელიმე პოლიტიკური ძალის ტოტალურ კონტროლს საერთოდ ყველაფერზე.
ამიტომ, სულ პატიოსნადაც რომ მოიგოს ახლა სალომე ზურაბიშვილმა, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, ეუთოს სადამკვირვებლო მისია, საკუტარ დასკვნაში, განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებს იმ დარღვევებზე, რაც ნებისმიერ შემთხვევაში იქნება. ყოველთვის იყო და იქნება. უბრალოდ, „აქცენტს“ გააჩნია - როდის როგორ.
ბიძინა ივანიშვილს და მის უახლოეს გარემოცვას ამ „ევროპული ფილოსოფიის“ შესახებ უნდა სცოდნოდა, ამიტომ ყურად ეღო „ოცნების“ იმ ლიდერთა რჩევა, რომ რაკი იმავე ევროკავშირის მოთხოვნით „პარტიული კანდიდატის“ დასახელება არახელსაყრელად და წამგებიანად ჩაითვალა „დემოკრატიული იმიჯისთვის“, მაშინ სჯობდა „ოცნება“ საერთოდ გასცლოდა ამ საპრეზიდენტო არჩევნებს და პოსტი ოპოზიციისთვის „დაეთმო“ ან თუ არ უნდოდა დათმობა, მაშინ ისევ პარტიული კანდიდატის დასახელება სჯობდა „ასეთ კანდიდატს“ - რაც მმართველ პარტიას „სამიზნედ“ აქცევდა.
ახლა ამას უკვე ვეღარაფერს უშველიან. იმედია თავად მაინც ხვდებიან, რა ტრაგიკომიკურ სიტუაციაში აღმოჩნდნენ, როცა პარტიული კანდიდატის (დავით სერგიენკოს ან კახი კახიშვილის) დასახელებაზე უარი იმ მოტივით თქვეს „ევროპა ასე მოითხოვსო“, მაგრამ „დამოუკიდებლად“ დასახელებულმა კანდიდატმა საბოლოოდ ისეთ დღეში ჩააგდოთ, იძულებულნი გახდნენ ისევე „დაკავშირებოდნენ“ მას, როგორც პარტიულ კანდიდატს „დაუკავშირდებოდნენ“, ოღონდ ბევრად მძიმე შედეგებით.
ეს „პოლიტიკური ანეკდოტი“, რაც „ოცნებამ“ თავს დაიმართა, ალბათ ქრესტომატიაშია შესატანი, თუ როგორ არ უნდა მოიქცეს პარტია და მისი „ლიდერშიპი“.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
აქ უკვე ბუნებრივად ისმის აბსოლუტურად ლოგიკური, რელევანტური, სამართლიანი კითხვა: განა 2004, 2006, 2008, 2010 წლებში მმართველი „ნაციონალური მოძრაობა“ ასევე არ იგებდა ყველა არჩევნებს და ასევე არ ფლობდა „საკონტროლო პაკეტს“ ყველგან და ყველა დონეზე? მაშ იმ დროს რატომ არ აღიქვამდა დასავლეთი ამ ყოველივეს „ხის რკინად“? ანუ, მაშინ რატომ არ ამბობდა, რომ „დემოკრატიული გზით მიღწეული ტოტალიტარიზმი ნებისმიერ შემთხვევაში ტოტალიტარიზმად რჩება მიუხედავად პროცედურული დემოკრატიულობისა?“....... ესე იგი, მაშინ რატომ არ ჰყავდა სააკაშვილის ხელისუფლება ასეთ „პრესინგში“?
პასუხი: იმიტომ, რომ მაშინ (განსაკუთრებით 2008 წლის რუსული აგრესიის შემდეგ, თუმცა მანამდეც) ძალიან ძლიერმა, ალღოიანმა, ეშმაკმა, ჭკვიანმა და ნიჭიერმა პოლიტიკოსმა, მიხეილ სააკაშვილმა უდიდესი ოსტატობით მოახერხა დასავლეთში მეორე (თან არც თუ უსაფუძვლო) „მეგა-ნარატივის“ შექმნა: „საქართველო არის პატარა დემოკრატიული ქვეყანა, რომელსაც გააფთრებით ებრძვის მეზობელი დიდი ტოტალიტარული სახელმწიფო!“
მაშასადამე, პირველ „მეგა-ნარატივს“ - პოლიტიკური პლურალიზმის თაობაზე, - სააკაშვილმა მართლაც უდიდესი ოსტატობით დაუპირისპირა მეორე „მეგა-ნარატივი“, რის ფარგლებშიც ოპოზიციური აქტივობა აღიქმებოდა, როგორც მეზობელი აგრესორი სახელმწიფოს ინტერესთა განხორციელება და მისი პერმანენტული სამხედრო აგრესიის გაგრძელება.
მით უმეტეს, როდესაც მანვე „მოახერხა“ დასავლეთში საქართველო წარმოჩენილიყო მთელს პოსტსაბჭოურ სივრცეზე პროგრესულ რეფორმათა ინსპირატორად (უკრაინული მაიდნიდან - ყირგიზეთამდე) რის ჩახშობასაც ცდილობდა „დერჟავა“.
აი ზუსტად ამ ალტერნატიული ნარატივის გამო (რომელიც მთლად უსაფუძვლო სულაც არ ყოფილა), დასავლეთი მაშინ არ აღიქვამდა „პროცედურული დემოკრატიით მიღწეულ ერთპარტიულობას“- „ხის რკინად“.
აბა გავიხსენოთ პრეზიდენტ სააკაშვილის ნარატივი 2007 წელს: „ჩვენ ვატარებთ მთელი პოსტსაბჭოური სივრცისათვის მნიშვნელოვან რეფორმებს, რისიც ძალიან ეშინია მოსკოვს, ამიტომ იგი იყენებს ადგილობრივ აგენტურას (ესე იგი ოპოზიციას - ლევან ბერძენიშვილიან-კოკო გამსახურდიან-დათო უსუფაშვილიან-შალვა ნათელაშვილიანა), რათა „რუსი ოლიგარქის“, ბადრი პატარკაციშვილის ფულით დაამხოს ხელისუფლება ან თუნდაც „პროცედურული დემოკრატიის“ გამოყენებით დაასუსტოს იგი“.
დასავლეთმაც მიიღო ეს მეგა-ნარატივი. მით უმეტეს, რომ საბჭოთა პოლიტკატორღელი ლევან ბერძენიშვილის „კრემლის აგენტობის“ ნაწილში არა, თუმცა მოსკოვის ბოროტი და მტრულად აგრესიული განწყობის ნაწილში, ვიმეორებ, ეს ნარატივი უსაფუძვლო ნამდვილად არ ყოფილა.
ზოგადად, პოლიტიკოსის ნიჭიც ესაა: თავს მოახვიოს სხვა მოთამაშეებს საკუთარი დღის წესრიგი და ის „მეგა-ნარატივი“, რომელიც მას აწყობს. და არა ითამაშოს სხვის მიერ თავსმოხვეული „დღის წესრიგითა“ თუ „მეგა-ნარატივით“.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
აქედან გამომდინარეობს ორი დასკვნა.
პირველი: პარადოქსია, მაგრამ რაც უფრო „შეარბილებს“ დღეს მმართველი პარტია რუსეთთან დაპირისპირებას და რაც უფრო მეტად წარმოჩინდება ევროპაში რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა, როგორც მეტ-ნაკლებად „ნორმალური“, „არაკონფრონტაციულ“ და „ნაკლები მყისიერი საფრთხის შემცველი“, მით უფრო გაძლიერდება ის პირველი „მეგა-ნარატივი“, რომელიც განაპირობებს ევროპელთა კატეგორიულ და იმპერატიულ განწყობას (მისგან გამომდინარე მოთხოვნებს), რომ „ხის რკინაა“ არჩევნებით მიღწეული ერთპარტიულობა მაშინაც კი, თუ არჩევნები-არჩევნებია, ხოლო პროცედურები დაცულია.
დასკვნა მეორე: თუ მას შემდეგ, რაც უკვე მოხდა, ბიძინა ივანიშვილი არ გადადგამს რეალურ ნაბიჯებს საქართველოში პლურალისტური, მრავალპარტიული დემოკრატიის დასამკვიდრებლად, რისი ყოვლად აუცილებელი პირობაა ე.წ. „მაჟორიტარიზმის“ გაუქმება და საარჩევნო ბარიერის 3%-მდე შემცირება, მაშინ 2020 წელს ხელისუფლებაში აუცილებლად დაბრუნდება ის ძალა, რომელიც ნამდვილად რეფორმატორულია, ნამდვილად წინსვლასა და ქვეყნის სოციალ-ეკონომიკურ ტრანსფორმირებაზეა „მომართული“ თუნდაც ძალიან მტკივნეული რეფორმების გზით, მაგრამ....... მისი იმმანენტური ბუნებით ტოტალიტარულია!
მან თუ კვლავ მოიგდო ხელთ ხსენებული „საკონტროლო პაკეტი“, არავითარ შემთხვევაში არ იტყვის უარს „პროცედურული დემოკრატიით“ ერთპარტიულობის მოპოვება-შენარჩუნებაზე და (რაც მთავარია) „ხის რკინის“ თაობაზე ევროპული ნარატივის გამოსარიცხად, ყველაფერს იღონებს, რათა აღადგინოს ის მეორე „მეგა-ნარატივი“ რისი წყალობითაც ევროპელთა დამოკიდებულება საქართველოში ერთპარტიულობის მიმართ სულ სხვაგვარი იყო.
ამაში ეჭვი არ შეგეპაროთ არც ერთი წუთით, მიუხედავად იმისა, რომ ერთხელ (2008წ) ამგვარი „ჩანაცვლება“ უკვე დასრულდა ისტორიული კატასტროფით ამ მართლა საბრალო ქვეყნისთვის.