1983 წლის 18 ნოემბერს, დილით, უნივერსიტეტის ბაღში, რომელიც იმ დროს ახალგაზრდათა თავშეყრის ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი იყო, გავრცელდა ბუნდოვანი ჭორი თვითმფრინავის გატაცების შესახებ.
ზუსტად კი არა, დაახლოებითაც არავინ არაფერი იცოდა. კომუნისტური რეჟიმის მარაზმატულობა ისიც იყო, რომ ვერც ვერაფერს გაიგებდი. არსებითია, რომ იმ დროს საბჭოთა კავშირში მრისხანე КГБ-ს ყოფილი უფროსის, იური ანდროპოვის მმართველობა იყო. ბევრს სტალინი გაახსენდა. სწორედ ამ დროს, თბილისური «სვეტსკი» ახალგაზრდობის წარმომადგენლებმა გადაწყვიტეს დასავლეთში გაქცევა. თანაც თვითმფრინავის გატაცებით. დღეს გავრცელებული ბრიყვული სტერეოტიპის თანახმად, მათ «ისედაც შეეძლოთ დასავლეთში წასვლა, რაკი ელიტური ოჯახების წარმომადგენლები იყვნენ», ანუ «თვითმფრინავის გატაცება სახელის მოსახვეჭად სჭირდებოდათ, რათა დასავლეთში გმირებად მიეღოთ» და ა.შ. ეს არის მტკნარი სისულელე, რომელსაც ის ხალხი იმეორებს, ვისაც წარმოდგენა არა აქვს, რა იყო საბჭოთა კავშირი. კი, იმდროინდელი «ელიტური ოჯახის» შვილებს იოლად შეეძლოთ მოეპოვებინათ კომკავშირული ტურისტული სააგენტო «სპუტნიკის» საგზური აღმოსავლეთ ევროპის (!), ანუ ე.წ. «სოციალისტური ბანაკის» ქვეყნებში სამოგზაუროდ. მაგრამ კაპიტალისტურ ქვეყნებში - ნურას უკაცრავად. მათი მამების გავლენა ამისთვის საკმარისი არ იქნებოდა, რადგან გადაწყვეტილებას, ყველა ცალკეულ შეთხვევაშიც კი, მოსკოვი იღებდა. ხოლო იქ «ჩაწყობა» ბევრად ძნელი იყო: თუ უმაღლესი რანგის კომკავშირელი ფუნქციონერი, «სუხიშვილების» მოცეკვავე ან პაატა ბურჭულაძე არ იყავი, კაპიტალისტურ ქვეყანაში ვერაფრის დიდებით ვერ მოხვდებოდი, - რა მამის შვილიც არ უნდა ყოფილიყავი.
თვითმფრინავის გატაცებაში მონაწილეობდნენ სოსო წერეთელი, ძმები კახა და პაატა ივერიელები, გეგა კობახიძე, დავით მიქაბერიძე, თინათინ ფეტვიაშვილი და გრიგოლ ტაბიძე. იყო კიდევ მღვდელი თეიმურაზ ჩიხლაძე, რომელიც სხვებთან ერთად დახვრიტეს. ხშირად სწორედ ამ «უმწიკვლო მღვდლის» დახვრეტას თვლიან რეჟიმის მთავარ დანაშაულად, როცა გამტაცებლებს ვერ ამართლებენ. თუმცა, იმდროინდელი გენერალური პროკურორი, ვახტანგ რაზმაძე (აი სწორედ ის, ირაკლი ოქრუაშვილი რომ ედრებოდა 2004 წელს, - ე.წ. «ვარდების რევოლუციის» შემდეგ), ახალ ეპოქაში ხშირად იმეორებდა, რომ პირადად მოითხოვა დახვრეტა ჩიხლაძისთვის და, მისი, თქმით, მოიქცა სწორად, რადგან ჩიხლაძემ აურია ტვინი იმ ბავშვებს. «მღვდელ ჩიხლაძეს» მაშინვე გაემიჯნა კათოლიკოს - პატრიარქი ილია მეორე.
ეს საქმე კიდევ იმიტომაც იწვევდა განსაკუთრებულ ინტერესს, რომ ტერორისტებთან ერთად ბორტზე ავიდა მხატვარ ლადო გუდიაშვილის შვილიშვილი ანანო მელივა. თუმცა გამოძიება ამტკიცებდა, რომ მან გეგმის შესახებ არაფერი იცოდა. გამტაცებლებმა გაწირეს აეროპორტის ნაცნობი თანამშრომელი, გვარად ვარსიმაშვილი, რომელმაც ახლადდაქრორწინებული წყვილი, - გეგა კობახიძე და თინათინ ფეტვიაშვილი შეუმოწმებალდ გაატარა, ანუ თვითმფრინავში იარაღი შეატანინა. ალბათ უთხრეს: «სასმელი მიგვაქვს და ამიტომ არ გვინდა შემოწმებაო». ТУ-134 მიფრინავდა რეისით თბილისი-ბათუმი-კიევი. ბათუმთან მიახლოებისთანავე, გამტაცებლებმა აიძულეს ბორტგამცილებელი, გაეღო პილოტთა კაბინის კარები, მაგრამ შეიარაღებულ წინააღმდეგობას წააწყდნენ. პილოტებმა სროლა-სროლით მოახერხეს დაჯავშნული კარების ჩარაზვა, რის შემდეგაც უკვე ყველაფერი დამთავრებული იყო: თვითმფრინავი თბილისში დაბრუნდა. საქართველოს იმდროინდელი КГБ-ს შეფმა, ალექსი ინაურმა, მოსკოვიდან სახელგანთქმული სპეცჯგუფი «ალფა» გამოიძახა, რომელსაც გენერალ-მაიორი (!) ზაიცევი ხელმძღვანელობდა. ალფამ სულ 4 წუთი მოანდომა გამტაცებლების «აყვანას».
მთელი ამ სისხლიანი სასაკლაოს შედეგად, რამდენიმე სრულიად უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა. ფაქტია, ზოგი თვით გამტაცებლებმა მოკლეს, სხვები ორმხრივი სროლის შედეგად დაიღუპნენ. უდავოდ დადასტურებულია აგრეთვე, რომ ჯარისკაცებმა გარედანაც ესროლეს თვითმფრინავს. ყველაზე საინტერესო და ნიშანდობლივია პროცესი კი ამის შემდეგ დაიწყო და ე.წ «ელიტარული ინტელიგენციის» ინფანტილიზმიც გამომჟღავნდა. ანუ ზუსტად ის თვისება, რამაც მომდევნო ეპოქაში ჩვენს ქევყანას უამრავი უბედურება მოუტანა: ბევრმა «ცნობადმა სახემ» ხელი მოაწერა თხოვნას ახალგაზრდების შეწყალების შესახებ, შემდეგ კი გადათქვა და ბოდიში მოიხადა. ცოტამ თუ იცის, რომ გარდა ამ ხელმოწერებისა, გროვდებოდა სხვა ხელმოწერებიც, ანუ დაღუპულთა ოჯახის წევრები აპროტესტებდნენ შეწყალებას ნიშანდობლივი არგუმენტით: «იმათ (ტერორისტებს) გამოუჩნდნენ პატრონები ინტელიგენციაში და ჩვენი ოჯახის წევრები უპატრონონი არიან?»
თუმცა მოსკოვი, რასაკვირველია, არც ერთ შემთხვევაში არ დაუშვებდა სხვა განაჩენს, გარდა სიკვდილით დასჯისა. იმდროინდელი ცკ-ს პირველი მდივნის, ედუარდ შევარდნაძის პიროვნულად დადანაშაულება კი სრული იდიოტიზმია.
ყველა გადარჩენილი გამტაცებელი დახვრიტეს, თინათინ ფეტვიაშვილის გარდა. ეს უკანასკნელი 1989 წელს, «ეროვნული მოძრაობის» დაწყებისთანავე გათავისუფლდა. ასევე გათავისუფლდებოდნენ სხვებიც, მაშინ რომ არ დაეხვრიტათ, ანუ 6 წელს გაატარებდნენ ციხეში. უნდა ითქვას, რომ სასიკვდილოდ განწირულები სასამართლოზე ვაჟკაცურად იქცეოდნენ. პატიებას არ ითხოვდნენ და ამბობდნენ: «სიკვდილის ღირსები ვართ და მოვკვდებითო». თუმცა, უშუალოდ დახვრეტის მომენტში თურმე ზოგიერთი ყვიროდა - «მაპატიეთ ნუ მომკლავთო».
ბიჭები დახვრიტეს 1984 წლის 3 ოქტომბერს და კვლავ, მაშინდელი რეჟიმის უსაზიზღრესი თვისების გამო, არავინ იცოდა ზუსტად, მართლა დახვრიტეს თუ გააციმბირეს. მათი გლორიფიკაცია უდანაშაულო მსხვერპლთა შეურაცხოფაა, მაგრამ იმ ბიჭების ლანძღვაც ელემენტარული სიმდაბლეა. რომ არ დაეხვრიტათ და «გამოსულიყვნენ», სხვა საქმეა. მაგრამ მათ ხომ თავისი სიკვდილით აგეს პასუხი იმისათვის, რაც ჩაიდინეს?! ანუ საკუთარი პიროვნული თავისუფლებისთვის (და არა რაიმე იდეოლოგიური თუ ღირებულებითი მოსაზრებით, რაც იგივე სულაც არ არის) შეიწირეს სრულიად უდანაშაულო ადამიანები, - საბრალო ობივატელები, რომელთა დანაშაული მხოლოდ არსებობა იყო.
საბედნიეროდ, ის ბინძური, ფლიდი, ფარისევლური და გარეწარი რეჟიმი, რომელიც ადამიანებს დიდ საკონცენტრაციო ბანაკში აცხოვრებდა, ყველაფერთან ერთად სიკეთისა და ბოროტების ზღვარსაც უშლიდა, სამუდამოდ ჩაბარდა ისტორიის სანაგვეს მის ნაძირალა შემოქმედებთან ერთად. და როგორც არ უნდა შევაფასოთ «თვითმფრინავის ბიჭების» მოქმედება, ყოველთვის ზიზღით ვახსენოთ მთავარი დამნაშავეც.