ევროპის საინვესტიციო ბანკის მისიამ (EIB) ქუთაისში დაგეგმილი წყალარინების ქსელისა და გამწმენდი ნაგებობის პროექტირების საკითხი გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მენეჯმენტთან და ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან ერთად განიხილა.
მასშტაბურ სამუშაოებს, რომელიც ქალაქის თანამედროვე წყალარინების ქსელის მოწყობასა და ევროპული სტანდარტების შესაბამისი გამწმნედი ნაგებობის მშენებლობას ითვალისიწინებს EIB დააფინანსებს.
სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა იმსჯელეს პროექტის განმახორციელებელი ჯგუფის შექმნის საკითხზე, რომელიც ექსპერტებსა და კომპეტენტურ პირებს კომპანიიდან და მუნიციპალიტეტიდან დააკომპლექტებს.
აღნიშნული ჯგუფი უზრუნველყოფს ქუთაისის მოსახლეობის ინფორმირებას, პროექტის საბოლოო დიზაინის შესაბამისობას ბენეფიციარების მოთხოვნებთან და ქალაქის ინფრასტრუქტურულ განვითარებასთან.
ამ დროისთვის, კანალიზაციის ქსელისა და გამწმენდი ნაგებობის მოწყობის საპროექტო და საზედამხედველო მომსახურებაზე საერთაშორისო ტენდერი დასრულებულია. მიმდინარეობს პრეტენდენტი კომპანიების შერჩევის და გამარჯვებულის გამოვლენის პროცედურები. სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ტენდერი 2019 წლის ბოლოს გამოცხადდება, ხოლო გამარჯვებული კომპანია სამუშაოებს 2020 წელს დაიწყებს.
პროექტის დასრულების შემდეგ ქუთაისის მოსახლეობას წყალარინების ახალი ინფრასტრუქტურა მოემსახურება, ხოლო კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობა ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, ჩამდინარე წყლების წმენდის სრულ ბიოლოგიურ ციკლს განახორციელებს, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს რეგიონში გარემოს დაბინძურების რისკებს.