ამერიკელი კონგრესმენი და საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარე - ტედ პო ამერიკის სავაჭრო წარმომადგენელს საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმებისკენ მოუწოდებს.
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილის, ნინო გოგუაძის განცხადებით, საქართველოსა და აშშ-ს შორის თავისუფალი ვაჭრობის საკითხს სულ უფრო მეტი მხარდაჭერა აქვს აშშ-ს პოლიტიკურ წრეებში.
„აშშ-თან თავისუფალი ვაჭრობა ნიშნავს ორ ქვეყანას შორის ბარიერების მოხსნას ეკონომიკურ ურთიერთობებში, ქართული კომპანიებისთვის ახალ, რეალურ შესაძლებლობებს ამერიკულ ბაზარზე დასამკვიდრებლად, მეტ ამერიკულ სავაჭრო ინტერესს საქართველოში. ამავდროულად, ეს იქნება აშშ-ს კიდევ ერთი გზავნილი საერთაშორისო საზოგადოებისთვის, რომ საქართველო არის სანდო და სტაბილური პარტნიორი ეკონომიკურ და პოლიტიკურ საკითხებში",- განაცხადა ნინო გოგუაძემ.