ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაცით, 17:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ ქვეყნის მასშტაბით 38.6 % შეადგინა, რაც 1 337 284 ამომრჩეველია.
მათი ცნობით, ყველაზე მაღალი აქტივობა ფიქსირდება ამბროლაურში 53.6%, ყველაზე დაბალი მარნეულში 28.7%.
თბილისში კი, ამომრჩევლების აქტივობამ 36.2 % შეადგინა.
„ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა ამბროლაურში - 53.6%, ხოლო ყველაზე დაბალი - მარნეულში -28.7%. რაც შეეხება თბილისს, 17:00 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობა შეადგენს 36.2%-ს. ეს მონაცემი რომ შევადაროთ 2013 წლის პრეზიდენტის არჩევნების მონაცემს, აქტივობა 17:00 საათის მდგომარეობით 2013 წელს - 39.1 % იყო “,- განაცხადა ანა მიქელაძემ.
ცესკოს პრეს-სპიკერმა ასევე აღნიშნა, რომ საზღვარგარეთ, 39 ქვეყანაში გაიხსნა ყველა, 55-ივე საარჩევნო უბანი და მიმდინარეობს კენჭისყრის პროცესი. მისივე თქმით, დღეს, კენჭისყრის დასრულებისთანავე, 20:00 საათზე დაიწყება ავღანეთის 2 საარჩევნო უბნის ბიულეტენების დათვლა. ავღანეთის ორივე საარჩევნო უბნის შემაჯამებელი ოქმი დაუყოვნებლივ აიტვირთება ცესკოს ვებგვერდზე.
„ასევე ვეხმაურებით საკონსულო რეგისტრაციების ცალკეულ ფაქტებზე გავრცელებულ ინფორმაციას და აღვნიშნავთ, რომ ცესკომ საზღვარგარეთ ამომრჩეველთა სიები შეადგინა როგორც საკონსულოებისგან, ისე სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ მოწოდებული მონაცემების საფუძველზე. შესაბამისად, საკონსულო რეგისტრაციებთან დაკავშირებული კითხვები ცდება ცესკოს კომპეტენციას“, განაცხადა ცესკოს პრეს-სპიკერმა.
საინფორმაციო ბრიფინგის ბოლოს, ანა მიქელაძემ მედიასთან აღნიშნა, რომ კენჭისყრის პროცესი 20:00 საათზე დასრულდება, რის შემდეგაც საუბნო საარჩევნო კომისიები დაიწყებენ ხმის დათვლის პროცედურებს.