ჩვენ გადავდივართ საგანგებო მდგომარეობაზე, ყველანი გავდივართ ყველა უბანზე ხმების დასაცავად, - ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, არჩევნებში გრიგოლ ვაშაძე დამაჯერებლად იმარჯვებს.
„ჩვენს ხელთ არსებული ყველა შესაძლო წინასწარი მონაცემებით უპირობოდ მარცხდება სახელისუფლებო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი და ამ ისტორიულ არჩევნებში იმარჯვებს გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი ბატონი გრიგოლ ვაშაძე. მიუხედავად იმისა, რომ რაც კი ჩვენს ქვეყანაში, საქართველოს ისტორიაში ტარდება არჩევნები, შევარდნაძის პერიოდის ჩათვლით, ამ მასშტაბის გაყალბებები, ამ მასშტაბის მანიპულაციები არასდროს არ ყოფილა. მთელი საზოგადოება, მთელი ქვეყანა ადევნებს თვალყურს შემდეგს, თუ როგორ არის ჩართული ადმინისტრაციული რესურსი გამგებლებისა და მერების ჩათვლით, როგორ ატრიალებენ „კარუსელს“, როგორ არიგებენ ფულს, როგორ ძალდატანებით მიყავთ ადამიანები, განსაკუთრებით, საჯარო მოხელეები საარჩევნო უბნებზე და ამ ყველაფრის მიუხედავად, დიახაც, მარცხდება სახელისუფლებო კანდიდატი. ხელისუფლებამ ამოწურა ძალდატანებით უბნებზე მისაყვანი ხალხის რესურსი“, - განაცხადა ნიკა მელიამ, რომელმაც ამომრჩეველს კიდევ ერთხელ მოუწოდა, არჩევნებზე მივიდნენ და ხელისუფლებას საარჩევნო უბნებზე გაყალბებაში ხელი შეუშალონ.