"ფიქსირდება კონკრეტული შემთხვევები, როდესაც ნაციონალური მოძრაობის წამომადგენლები მიდიან პროვოკაციებზე და რიგ შემთხვევებში არ ერიდებიან ბიულეტენების განადგურებასაც კი", აცხადებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე.
მდინარაძის განმარტებით, მარნეულის 29-ე საარჩევნო უბანზე ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა ანარ მამედოვმა ერთ-ერთ ამომრჩეველს ხელიდან გამოგლიჯა ბიულეტენი და გადახია.
"ეს პიროვნება თავად ასახელებს მიზეზს, რომ აღნიშნული ამომრჩეველი განმეორებით იყო მისული საარჩევნო უბანზე, თუმცა ეს მოხდა ყოველგვარი გადამოწმების და ფაქტის დადგენის გარეშე. ასეც რომ იყოს, მას არ შეუძლია, ეს არის მძიმე დარღვევა დაუხიოს ბიულეტენი, თუმცა, არც ის ფაქტი დასტურდება, რომ ეს ამომრჩეველი განმეორებით იყო მისული არჩევნებზე.
ასევე გვაქვს მცხეთის შემთხვევაც, სადაც მე-2 უბნის გადასატან ყუთთან აღმოჩნდა, როგორც ჩანს წილისყრის შედეგად, ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი, ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როგორც ჩანს, რომ მიიღო მონაწილეობა წილისყრაში და ხმა მიაცემინა ამ ადამიანმა ისეთ ადამიანს, რომელიც ამ სიაში საერთოდ არ იმყოფებოდა.
ზოგადად, ამ დროის მონაცემებით, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია, ჩვენი მხარდაჭერილი კანდიდატი ძალიან დამაჯერებლად ლიდერობს, თუმცა, მოგეხსენებათ არჩევნების საბოლოო შედეგები დამოკიდებულია ამომრჩევლის მაქსიმალურ აქტიურობაზე, ამიტომ მოვუწოდებთ ამომრჩეველს, იაქტიურონ დღის ბოლომდე, რვა საათამდე. ვფიქრობ, რომ შედეგი იქნება სასურველი ჩვენი ქვეყნისთვის და არჩევნები ჩაივლის დემოკრატუილად. აქ კითხვის ნიშნები არ იქნება", აცხადებს მდინარაძე.