გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზინდეტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ არჩევნების გაყალბებას დღის მეორე ნახევარში, 5-დან 8 საათამდე გეგმავს.
„ჩვენ ამის მტკიცებულებებიც გვაქვს, ქურდული "ოცნების" ე.წ. ხელისუფლება აპირებს მასობრივ გაყალბებას და კარუსელის დატრიალებას. ძალიან გთხოვთ, მხარდამჭერებს, დამკვირვებლებს, კომისიის წევრებს, იყავით, რაც შეიძლება ფხიზლად“, - განცხადა ვაშაძემ.
მან გამოვლენილ დარღვევებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საერთაშორისო დამკვირვებლებს დარღვევების შესახებ უკვე მიაწოდეს ინფორმაცია.
„ასობით შემთხვევაა უკვე დაფიქსირებული გაყალბების მცდელობისა. ასობით შემთხვევაა დაფიქსირებული ამომრჩევლის მოსყიდვისა, ეს სიები, ნივთიერი მტკიცებულებები ყველაფერი ატვირთული არის ჩვენს საიტზე, გადაცემული არის საერთაშორისო დამკვირვებლებისთვის“, - განაცხადა ვაშაძემ.
მან ამომრჩევლის გარდა საარჩევნო კომისიის წევრებს და დამკვირვებლებსაც მიმართა.
„უპირველეს ყოვლისა, მივმართავ ჩვენს თანამოქალაქეებს, მეგობრებო, 50 ლარი დაგეხარჯებათ ძალიან სწრაფად, ამ 50 ლარად თქვენ ყიდით შვილების და შვილიშვილების მომავალს. იმიტომ, რომ 50 ლარის დახარჯვის შემდეგ გაიღვიძებთ ზუსტად ისევ ისეთ ამაზრზენ რეალობაში, რომელშიც ჩვენ 6 წელიწადი ვცხოვრობდით.
მინდა მივმართო კომისიის წევრებს და დამკვირვებლებს, მეგობრებო, თქვენზე გადის ჩვენი სამშობლოს დაცვის ხაზი ამ წუთს. ნუ შეუწყობთ ხელს ქურდული "ოცნების" ე.წ. ხელისუფლებას, რომ ქართველი ხალხის არჩევანი და გამარჯვება მოიპაროს, გვერდში დაგიდგებით, ჩენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთბის, რომ ეს არჩევნები ჩატარდეს ტრანსფარენტულად, გამჭვირვალედ და დემოკრატიის სტანდარტების შესაბამისად“, - აღნიშნა ვაშაძემ.