14:30 საათისთვის ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლებს საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის მიმდინარეობისას დაარეგისტრირებული აქვთ 1 საჩივარი და რამდენიმე შენიშვნა ჩანაწერთა წიგნში.
ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლის საჩივარი ეხება მარნეულის 22-ე ოლქში, თაზაკენდის მე-13 უბანზე დაფიქსირებულ დარღვევას, სადაც ამომრჩეველმა სხვის გრაფაში მოაწერა ხელი. დარღვევაზე დამკვირვებლის მითითების შემდეგ ამომრჩეველი უბნიდან გაიქცა და აღარ მიიღო მონაწილეობა კენჭისყრაში. რეგისტრატორმა კი უარი განაცხადა, ხელმოწერის გასწვრივ გაეკეთებინა აღნიშვნა, რომ ხელმოწერა არაუფლებამოსილ პირს ეკუთვნოდა.
ადამიანის უფლებათა ცენტრის მონიტორების ინფორმაციით, ხშირად საარჩევნო კომისიების მუშაობაში არის ისეთი დარღვევები და ხარვეზები, რომლებსაც კომისია დამკვირვებელთა შენიშვნების შემდგომ ასწორებს. ამ დროისთვის ორგანიზაციის მონიტორების მიერ დაფიქსირებულ ცალკეულ დარღვევებს არ შეუძლიათ არსებითი გავლენა მოახდინონ არჩევნების საბოლოო შედეგებზე. თუმცა, სამწუხაროა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის პრობლემად კვლავ რჩება საარჩევნო კომისიის წევრების დაბალი კვალიფიკაცია. მათი მხრიდან პროცედურული დარღვევების უმრავლესობა გამოწვეულია არა იმდენად არჩევნების გაყალბების მცდელობით, არამედ არაკვალიფიციურობით და საარჩევნო კანონმდებლობის არცოდნით. ეს პრობლემები განსაკუთრებით ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში ვლინდება, სადაც კომისიის წევრთა არაკომპეტენტურობის გამო საარჩევნო უბნებზე იქმნება დაძაბულობა და ზოგჯერ - კონფლიქტებიც.
საქართველოში ჩატარებული წინა რამდენიმე არჩევნების მსგავსად, კვლავ შემაშფოთებელ ტენდენციად რჩება საარჩევნო უბნებთან პარტიების კოორდინატორებისა და აგიტატორების გადამეტებული აქტიურობა და ამომრჩეველთა კონტროლის მცდელობა. „ამომრჩეველთა მთვლელები“ ყოველ არჩევნებზე მივლინებულნი არიან საარჩევნო უბნებზე და ამოწმებენ წინასაარჩევნო პერიოდში მონიშნული მხარდამჭერების აქტიურობას, ითვლიან ვინ მივიდა და ვინ არა, არჩევნებზე. ისინი ასევე ესაუბრებიან საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩევლებს და ზოგჯერ ამ საუბარს პირდაპირი აგიტაციის ფორმა აქვს.
ადამიანის უფლებათა ცენტრისა და სხვა დამკვირვებელი ორგანიზაციების რეკომენდაციით, მნიშვნელოვანია, ეს პრობლემა მოგვარდეს საარჩევნო კანონმდებლობით. დღეისათვის საარჩევნო კოდექსი არ კრძალავს საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე პარტიათა კოორდინატორების/აგიტატორების ყოფნას, რაც ყოველ არჩევნებზე ხელს უშლის ამომრჩეველთა თავისუფალი ნების გამოხატვას და ამავდროულად, იწვევს კონფლიქტებს.