მე არჩევანი გავაკეთე კანდიდატის სასარგებლოდ, რომელიც ხაზს უსვამს ჩვენი ქვეყნის შეუქცევად დემოკრატიულ განვითარებას, ევროპულ არჩევანს, - ამის შესახებ აჭარის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, რომელმაც საკუთარი არჩევანი ბათუმის მე-14 საარჩევნო უბანზე დააფიქსირა.
მისი თქმით, დღეს არის ისტორიული დღე, როცა მოქალაქეები პირდაპირი წესით ბოლოჯერ ირჩევენ საქართველოს პრეზიდენტს.
„მე არჩევანი გავაკეთე კანდიდატის სასარგებლოდ, რომელიც ხაზს უსვამს ჩვენი ქვეყნის შეუქცევად დემოკრატიულ განვითარებას, ევროპულ არჩევანს. დარწმუნებული ვარ, ის იქნება ზეპარტიული პრეზიდენტი, რომელიც შეძლებს, ღირსეულად გაართვას თავი ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებულ ამოცანებს“, – განაცხადა რიჟვაძემ.
შეგახსენებთ, დღეს, 28 ოქტომბერს, საქართველოს მოქალაქეები ექვსწლიანი ვადით მეხუთე პრეზიდენტს ირჩევენ. 2018 წლის არჩევნებზე პრეზიდენტად კენჭისყრის სურვილი სულ 46-მა კანდიდატმა გამოთქვა. თუმცა ცესკო-მ მხოლოდ 25 კანდიდატი დაარეგისტრირა, საიდანაც 19 მათგანი წარდგენილია პოლიტიკური პარტიის მიერ, ხოლო 6 საინიციატივო ჯგუფმა წარადგინა. საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობაა 3 518 877. არჩევნებისთვის რეგისტრირებულია და დააკვირდება საარჩევნო სუბიექტების 82 000-ზე მეტი წარმომადგენელი, 73 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 22 000-ზე მეტი დამკვირვებელი და 58 საერთაშორისო ორგანიზაციის 1100-ზე მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი. საპრეზიდენტო არჩევნებს 125 მედია ორგანიზაციის 2000-ზე მეტი ჟურნალისტი აშუქებს. აკრედიტებულ მედიასაშუალებებს შორის 31 საერთაშორისო და 94 ადგილობრივი მედია ორგანიზაციაა. იმ შემთხვევაში, თუ პირველ ტურში საპრეზიდენტო კანდიდატებიდან რომელიმე ამომრჩეველთა ხმების 50 %-ზე მეტს ვერ მოაგროვებს, არჩევნების მეორე ტური გაიმართება, რომელიც უნდა ჩატარდეს არაუგვიანეს 1-ლი დეკემბრისა.