მოსახლეობას შეაძულეს პოლიტიკა, - ამის შესახებ პარტია „თავისუფალი საქართველოს" შტაბის უფროსმა, გოგი წულაიამ განაცხადა.
ქუთაისში მოქმედი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები საარჩევნო გარემოს აფასებენ. მათი თქმით, წინასაარჩევნოდ არათანაბარი გარემოა და უპირატეს მდგომარეობაში მმართველი გუნდის მხარდაჭერილი კანდიდატია.
„წინასაარჩევნო გარემოს თუ შევაფასებთ, მხოლოდ ორ პარტიას ჰქონდა უპირატესი მდგომარეობა. სააკაშვილი და ივანიშვილი ერთმანეთის ბრალდებებით იყვნენ დაკავებული და ნიჰილისტურად განწყობილი ამომრჩევლის მეტად გაბრაზება ხდებოდა. მოსახლეობას შეაძულეს პოლიტიკა. მიდის კამპანია, თითქოს ყველა პოლიტიკოსი არის მატყუარა. არ დაუჯეროთ მათ, წადით არჩევნებზე. ჩვენ დავიცავთ ყველა ხმას და თუ მოხდა გაყალბება, აუცილებლად გამოვალთ ქუჩებში. არ ვიცი, როგორ მოვახერხებთ ორგანიზებას, მაგრამ ყველანი გამოდით და დაიცავით თქვენი ხმები, რომ არსებული მდგომარეობა შევცვალოთ, ნებისმიერ პარტიას გვერდით დავუდგები, ვინც ქუჩაში გამოვა", -განაცხადა გოგი წულაიამ.