„ქართული ოცნების“ ძალიან ბევრი მხარდამჭერია დღეს ობიექტურად განაწყენებული. მათ ვპირდები, რომ მაქსიმალურად აღვადგენ სამართლიანობას, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა.
მისი თქმით, როდესაც ის პრემიერ-მინისტრი იყო, ძირითადად დაკავებული იყო საზღვარგარეთ პარტნიორების დარწმუნებით, რომ ის არ არის ვიღაც დესტრუქციული ძალა, რომელიც იმისთვის მოვიდა, რომ დაანგრიოს საქართველო, როგორც ამას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები "უკიჟინებდნენ".
"დღეს უკვე იმის თქმის საშუალებას, რომ აუცილებლად მივიღებთ შედეგს, რასაც ერთი წელიც არ დასჭირდება, მაძლევს ის, რომ ევროპიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან ყოველგვარი ეჭვი ჩვენი გუნდის მიმართ და პირადად ჩემ მიმართ აბსოლუტურად განულებულია. დღეს საუკეთესო ურთიერთობა გვაქვს ამერიკის შეერთებულ შტატებთან. არავითარი შეკითხვა და ეჭვი არ აქვთ ჩემთან დაკავშირებით. ამის კარგი მაგალითი იყო ის, რომ როდესაც კვირიკაშვილი წავიდა თანამდებობიდან, არც ერთი შეკითხვა არ დაუსვამთ, რატომ წავიდა და ვინ იქნება. ასე ადრე არ იყო. არავითარი კითხვები არ ისმის საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიმართაც ჩვენი პარტნიორების მხრიდან და ყველამ აღიარა, რომ ის სწორად არის დასჯილი", - განაცხადა ივანიშვილმა.