გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ წარმომადგენლის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, დღეს გავრცელებული ჩანაწერებით, ივანიშვილის მთავრობა იმ ფარული ჩანაწერების გადაფარვას ცდილობს, რომელიც ბოლო პერიოდში გავრცელდა.
მისი თქმით, ივანიშვილს არანაირი ფაბრიკაცია და ჩანაწერი არ უშველის, რადგან კანდიდატი, რომელიც მან შესთავაზა ქართველ ხალხს, მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის მიუღებელია.
„ივანიშვილის რეაქცია იმ ჩანაწერებზე, რომელთა ავთენტურობასაც თავად პროკურატურა არ უარყოფს, მათი პასუხი არის ახალი ჩანაწერების შეთხზვა.
ჩვენ ვნახეთ მაგალითად როგორ დადგეს და შეიყვანეს კანონსაწინააღმდეგოდ პარლამენტის წევრი ციხეში, რათა კონტრკადრები გაევრცელებინათ და გადაეფარათ ქმედებები, რაზეც იყო საუბარი სუბელიანის ჩანაწერში. ეს ძალიან ჩვეული პრაქტიკაა „ქართული ოცნების“ მხრიდან.
ჩვენ გვახსოვს ჰაკიმ ფაშა, გვახსოვს ჩოკუტაევი, გვახსოვს არაერთხელ ასეთი ტიპის ვითომ ჩანაწერები, რომელთა ავთენტურობა არასოდეს დასტურდება და გამოიყენება ორი მიზნით - გადაიფაროს მთავრობის კრახი, ან ივანიშვილის სურვილით გავლენა მოახდინოს ამომრჩევლის ნებაზე.
ამ შემთხვევაში ივანიშვილს არანაირი ფაბრიკაცია და ჩანაწერი არ უშველის, რადგან კანდიდატი, რომელიც მან შესთავაზა ქართველ ხალხს, მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის მიუღებელია“, - განაცხადა ბოკუჩავამ.
ცნობისთვის, ერთ-ერთ უკრაინულ პორტალზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და მისი ბიძის, თემურ ალასანიას ფარული ჩანაწერი აიტვირთა, რომელშიც თითქოს, თემურ ალასანია მიხეილ სააკაშვილთან ბიძინა ივანიშვილის ლიკვიდაციაზე საუბრობს.