დავბრუნდი, როცა ზოგიერთები აპირებენ წასვლას და დარწმუნებული ვარ, ამისთვის კიდევ ზედმეტ ხმებს მივიღებ, - ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა სპორტის სასახლეში ამომრჩეველთან შეხვედრაზე განაცხადა.
მისი თქმით, ის სრულყოფილად დაბრუნდა.
„მე დავბრუნდი ამ ქვეყანაში, დავბრუნდი არაერთხელ, სულ ვბრუნდები ერთგვარად. ჯანრი მეძახდა ბუმერანგს. შენ რომ გაგწევენ, მაინც ბრუნდებიო. დავბრუნდი, რადგან მჯერა ამ ქვეყნის. დავბრუნდი, როცა ზოგიერთები აპირებენ წასვლას და დარწმუნებული ვარ, ამისთვის კიდევ ზედმეტ ხმებს მივიღებ. დავბრუნდი სრულყოფილად, ანუ მივატოვე საფრანგეთის მოქალაქეობა, რაც ვერ ვიტყვი, რომ იყო ძალიან მარტივი. ძალიან ბევრი მაქვს სამადლობელი არამხოლოდ პირადად მე და ოჯახს, მაგრამ რაც გაკეთდა საქართველოსთვის საფრანგეთის მიერ და კეთდება დღესაც. მე ძალიან ბევრი ახლანდელი ემიგრანტი ვიცი და ვიცი, თუ რამდენ დახმარებას იღებენ, თუნდაც ჯანდაცვის კუთხით, როცა ჩადიან ზოგიერთი არალეგალურად და მაინც იღებენ ძალიან სერიოზულ დახმარებას, რომელსაც იხდის საფრანგეთის მოქალაქეობა და ამისთვის უნდა ვიყოთ მადლობელი. მაგრამ არჩევანი, რომ დამეტოვებინა მოქალაქეობა, მივიღე სრულყოფილად, მივიღე ჩემი ნებით და მივიღე იმ დროს, როცა ძალიან ამაყი ვარ, რომ თქვენ ყველას, ვინც ხართ უცხოეთში, სხვებთან ერთად, კანონმდებელ ორგანოსთან და ჩემს კოლეგა პარლამენტარებთან ერთად, დაგიბრუნეთ საშუალება, დაიბრუნოთ საქართველოს მოქალაქეობა და აღარ დაკარგოთ. ეს არის საქართველოსთვის ძალიან დიდი მიღწევა, რამეთუ საქართველოს არ აქვს უფლება, თუნდაც ერთი თავისი შვილი გაუშვას ხელიდან, დააკარგვინოს მოქალაქეობა. ჩვენი შვილები, სადაც არ უნდა ცხოვრობდნენ, სადაც არ უნდა იყვნენ, არიან ჩვენი შვილები და ხვალინდელი ჩვენი მოქალაქეები და ამ ქვეყნის ერთ-ერთი ძალიან სერიოზული, ადამიანური კაპიტალი, რომელიც არ შეიძლება, რომ დავკარგოთ. დავბრუნდი იმიტომ, რომ მე მაქვს მართლაც იმედი და ეს არ არის სიტყვები, იმედი, რომ ეს ქვეყნა არათუ ვითარდება, მაგრამ ისე განვითარდება, რომ ჩვენ შევეჯიბრებით ევროპის სხვა ქვეყნებს ხვალ, ზეგ, ეს არის ჩვენი გარდაუვალი მომავალი და მე არ შეიძლება, მოვისმინო ის, გუშინ რასაც ვისმენდი და თუ მოისმინეთ, გამძლეობა თუ გქონდათ, გუშინდელი ვითომც დებატი, არ შეიძლება რომ მოვისმინო ის ნიჰილიზმი, რასაც ისინი თესავენ, რადგან ქვეყანა, რომელიც კარგავს საკუთარი თავის იმედს, ქვეყანა, რომელსაც აღარ სჯერა თავისი თავის, ქვეყანა, რომელიც ფიქრობს, რომ არ შეიძლება, ვერ გამოვალთ, ის არის იქით, ეს არის აქეთ და ჩვენ ამისი ძალა აღარ გაგვაჩნია და როგორც ამბობდნენ, ყველა წავა ამ ქვეყნიდან. ყველა წავა კი არა, ყველა დაბრუნდება. ყველა დაბრუნდება იმიტომ, რომ ეს არის ის ქვეყანა, რომელსაც ღმერთმა მისცა თითქმის ყველა რესურსი, ადამიანური ნიჭი, ბუნებრივი, არაჩვეულებრივი. შეიძლება გაზი და სხვა რამეები არ მოგვცა, მაგრამ მოგვცა იმის საშუალება, რომ ჩვენი ძალებით ეს ქვეყანა ავაყვავოთ, ბოლომდე დემოკრატიულ წყობაში გადავიყვანოთ, ბოლომდე გავიდეთ ამ საბჭოთა და ნეოსაბჭოთა სისტემიდან, რომელიც ზოგჯერ გვაბრუნებს უკან, რომელიც გვახრჩობს ზოგჯერ სიძულვილში და ეს არის იმ სისტემის გადმონაშთი. ეს ადამიანები, რომლებიც ამას ატარებენ, მათი ბრალი არაა, ისინი ჯერ იქ არიან, მაგრამ გადმოვლენ, გადმოვლენ იმიტომ, რომ სხვა გზა არ არის“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.