მე დავბრუნდი და მოვდივარ, როგორც მართლაც გაერთიანებული ქვეყნის პრეზიდენტი, - ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა სპორტის სასახლეში ამომრჩეველთან შეხვედრაზე განაცხადა.
მისი თქმით, ვისაც გააქვს გარეთ, რომ ჩვენ ვართ დაყოფილი, რომ ვართ ერთმანეთის მიმართ დაპირისპირებული, ასუსტებს ქვეყანას და მტრის საქმეს აკეთებს ქვეყნის შიგნით.
„მე დავბრუნდი და მოვდივარ, როგორც მართლაც გაერთიანებული ქვეყნის პრეზიდენტი. ეს არ არის მხოლოდ სიტყვები. გუშინ მოვისმინე, რომ ყველა არის ამის მომხრე, ყველა არის მშვიდობიანი, ყველა იქნება სიყვარულით აღსავსე. სად იყვნენ აქამდე, სად იყვნენ, როცა ეს ქვეყნა იჩაგრებოდა, როცა ყველა ოჯახში იჩაგრებოდა, სად იყვნენ. რატომ არ იყო სიყვარული, რატომ არ იყო ერთიანობა. ერთიანობის გარეშე, ხომ ვიცით, რომ ის მთავარი მიზანი, ამ ქვეყნის გამთლიანება არ შეიძლება. ვინც სხვანაირად ამბობს, ვინც სხვანაირად ფიქრობს, ვისაც გააქვს გარეთ, რომ ჩვენ ვართ დაყოფილი, რომ ვართ ერთმანეთის მიმართ დაპირისპირებული, ასუსტებს ქვეყანას და ჩვენი მტრის საქმეს აკეთებს ქვეყნის შიგნით. ამას არ დავუშვებთ. მე ამას არ დავუშვებ. მე ვიქნები გაერთიანებული ქვეყნის პრეზიდენტი, მე ვიქნები გამთლიანებული ქვეყნის პრეზიდენტი, მე ამის პირობას ვერ დავდებ, რადგან არ მიყვარს ტყუილი პირობები. მაგრამ მე ყველანაირად, მთელი ჩემი ძალით და თუ რამისთვის დავბრუნდი და რამისთვის ვარ აქ, არის ის, რომ სანამ კიდევ შემიძლია, სანამ ცოცხალი ვარ, ჩავიდე და ვნახო სოხუმი, შავი ზღვა იქიდან დანახული. ცხინვალში ვარ ნამყოფი 2006 წელს, ადგილობრივი არჩევნები ჩავატარე ცხინვალში და დღეს ამის საშუალება აღარ გვაქვს. რა მოხდა ამის შემდეგ, ეს არის კითხვები, რომელსაც ყოველთვის ვსვამ და ყოველთვის დავსვამ, რაც უნდა დამაბრალონ. მე მაბრალებენ რაღაც სიტყვებს მხოლოდ იმისთვის, რომ მათ საქმეები არ დავაბრალოთ. დავამთავრებ ერთი შედარებით. მე ბევრი რამ დამიწუნეს, სხვათა შორის, ენა და გამახსენდა ერთი მაგალითი, ერთი ბალტიური ქვეყნის პრეზიდენტი, ასევე პირველი ქალი პრეზიდენტი დაბრუნდა ემიგრაციიდან, კანადიდან. როცა დაბრუნდა და აირჩეს პრეზიდენტად, დაუწუნეს ენა. მერე შეიყვანა თავისი ქვეყანა ევროკავშირში, შეიყვანა ნატო-ში, ისევ აირჩიეს და დარჩა, როგორც იმ ქვეყნის ერთი ძალიან ძლიერი პრეზიდენტი. იმედი მაქვს და ყოველ შემთხვევაში, ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ, თქვენთან ერთად ოღონდ, მარტო არ დამტოვოთ. ერთად საქართველოსთვის“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.