მინდა, შევუერთდე იმ სულისკვეთებას, რომელიც ამ დარბაზშია, და კიდევ ერთხელ, თქვენთან ერთად გავუსვა ხაზი ჩვენი პოლიტიკური გუნდის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის უპირატესობას, როგორც პრეზიდენტობის ყველაზე სასურველი კანდიდატისა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო კამპანიის შემაჯამებელ შეხვედრაზე განაცხადა.
მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი იქნება საქართველოს ევროპაში და ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე კიდევ ერთი გარანტი.
„ყველასთვის ნათელია, რომ ჩვენი პოლიტიკური გუნდის საგარეო-პოლიტიკური ვექტორი სრულად ემთხვევა ქართველი ხალხის ისტორიულ ნებას, იყოს ევროპის ნაწილი, და ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური არჩევანი. ეს ჩვენი მსოფლმხედველობრივი ერთობაა ევროპასთან, ეს არის ჩვენი სწრაფვა თავისუფლებისკენ, უსაფრთხოებისკენ, მეტი შესაძლებლობებისკენ. ეს არის ჩვენი ცივილიზაციური არჩევანი. სწორედ ამ გეზის გამტარებელი იქნება ჩვენ მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატი ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი, ის იქნება საქართველოს ევროპაში და ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე კიდევ ერთი გარანტი. ჩვენ ყველამ ვნახეთ, რომ გარკვეული პოლიტიკური ძალების აგრესიული, დესტრუქციული და შეურაცხმყოფელი რიტორიკის მიუხედავად, ქალბატონმა სალომემ ამომრჩეველს ევროპული ტიპის წინასაარჩევნო კამპანია შესთავაზა, რაც იყო კიდეც ჩვენი საზოგადოების მოთხოვნა და სურვილი”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.