ამ საპრეზიდენტო კამპანიას ჩვენ პირობითად შეიძლება ვუწოდოთ – სუსტი კაცები ძლიერი ქალის წინააღმდეგ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო კამპანიის შემაჯამებელ შეხვედრაზე განაცხადა.
მისი თქმით, რამდენიმე დღეში დასრულდება საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანია და საფუძველი ჩაეყრება ახალ კონსტიტუციურ ტრადიციას – სისტემას, სადაც პრეზიდენტი არის ზეპარტიული თანამდებობის პირი, ხიდი საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის.
„ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა ოპონენტებს თავიდანვე შესთავაზა ევროპული სტილის საარჩევნო კამპანიის წარმართვა. თუმცა, ოპონენტების პასუხი იყო სრულიად არაევროპული და არაევროპულთან ერთად, არაქართული. ევროპელობა და ქართველობა გულისხმობს საკუთარი და სხვისი ღირსების პატივისცემას, სიმართლის პატივისცემას, ქალის პატივისცემას. ამის საპირისპიროდ, ჩვენ ამ ორი თვის განმავლობაში გვესმოდა და ვხედავდით სრულიად უღირს კამპანიას, სიყალბეს, აგრესიასა და სიძულვილს ოპონენტების მხრიდან. მხოლოდ ძლიერ ქალბატონს, როგორიც არის ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი, შეეძლო, ასეთი ღირსებით და მოთმინებით ეპასუხა მისი ოპონენტების მორალური სისუსტისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.