თბილისის საქალაქო სასამართლოში განათლების სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართ აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე სასამართლო პროცესი დაიწყო.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" თბილისის საქალაქო სასამართლოში განუცხადეს, პროცესზე განათლების სამინისტროს საფინანსო და საბიუჯეტო დეპარტამენტის ყოფილ უფროსის დავით მამარდაშვილის და სამეურნეო სამმართველოს ასევე ყოფილი უფროსის ზვიად კიკვაძის საქმეები განიხილება. სასამართლო პროცესს მოსამართლე ნატო ხუჯაძე გაუძღვება.
რაც შეეხება სამინისტროს კიდევ ერთ ყოფილ მაღალჩინოსანს, საფინანსო სამმართველოს ყოფილ უფროსს დავით ბარაბაძეს, მისი დაკავების შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე ოფიციალურად არ დადასტურებულა, შესაბამისად მისი საქმე სასამართლოში შესული არ არის.
შეგახსენებთ, რომ გუშინ გავრცელდა ინფორმაცია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავების შესახებ, რომელთაც ბრალი 2008 წელს სპორტული ინვენტარის შეძენის დროს 600 ათასი ლარის გაფლანგვაში ედებათ ბრალი. პროკურატურაში ამ დრომდე ოფიციალური კომენტარის გაკეთებისგან უარს აცხადებენ.
განათლების სამინისტროში არსებულ ვითარებას პროკურატურა სწავლობს.