კასპში პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მომხრეები და მოწინააღმდეგეები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
ხმაური კასპში მას შემდეგ დაიწყო, რაც ადგილობრივი ოპოზიციის წარმომადგენლებმა სალომე ზურაბიშვილის ამომრჩეველთან შეხვედრაზე დასწრება ითხოვეს. მათ ამის უფლება საპრეზიდენტო კანდიდატის მხარდამჭერებმა არ მისცეს, რასაც შეხლა-შემოხლა და ხმაური მოჰყვა.
ადგილზე იმყოფებოდა „ქართული ოცნების“ დეპუტატი ანრი ოხანაშვილი, რომელმაც ოპოზიცია ევროპული სტილის წინასაარჩევნო გარემოს ჩაშლასა და პროვოკაციაში დაადანაშაულა.
„ჩვენი პრინციპია მშვიდობიანი, ევროპული საარჩევნო გარემოს შექმნა და ჩვენ ამ პრინციპს დავიცავთ და არც ერთ პარტიას არ მივცემთ იმის უფლებას, რომ ასეთი პროვოკაციების ფონზე, რასაც დღეს ჰქონდა ადგილი, სცადონ მათ წინასაარჩევნო გარემოს გადაყვანა“ , - განაცხადა ოხანაშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობის “ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარის, ნუგზარ ნონიაშვილის თქმით, პარტიის წარმომადგენლები სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე კითხვების დასასმელად მივიდნენ თუმცა მისივე თქმით, მათ ადგილზე დაქირავებული პროვოკატორები დაახვედრეს.
„მე არ მაქვს ინფორმაცია ისინი ჩინოვნიკები არიან თუ იმ 50 კაციან ბანდფორმირებებში ირიცხებიან, რომელიც ჰყავთ ფარცხალაძეს და სუბელიანს. უწოდებს ჩვენს საზოგადოების ნაწილს, ღირსეულ კასპელებს უზრდელებს და აქ არავინ არ მოსულა სალანძღავად, პროვოკაციის მოსაწყობად. მოვედით კითხვების დასასმელად“ , - აღნიშნა ნუგზარ ნონიაშვილმა.